ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ყარაბაღის ჩაბარებისთვის” სომხეთში საქმე აღძრეს

17 ოქტომბერი, 2023 • 1297
“ყარაბაღის ჩაბარებისთვის”  სომხეთში საქმე აღძრეს

“ყარაბაღის ჩაბარებისთვის”  ფაქტზე სომხეთში სისხლის სამართლის საქმე აღძრეს.

საქმის აღძვრას საფუძვლად დაედო მთიანი ყარაბაღის ყოფილი დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის სამველ ბაბაიანის განცხადება სომხეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, სადაც სამართალდამცველებს მოუწოდა, ყარაბაღის “ჩაბარებისთვის” არცახის ხელისუფლების  [დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატებისა და ყოფილი პრეზიდენტების] წინააღმდეგ საქმე აღეძრათ.

სომხეთის გენერალური პროკურატურის თანახმად, საქმის წარმოება ორი მუხლით მიმდინარეობს – “სამხედრო-სამსახურებრივი გულგრილობა” და “ჩაბარება ან მოწინააღდეგისთვის ბრძოლის წარმოების საშუალებების დატოვება”.

ოფიციალური ცნობითვე, კონკრეტული ბრალდებულები პროკურატურას ჯერ არ ჰყავს.

აზერბაიჯანული მხარის ცნობით, ბაქოს მიერ დაკავებული მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო პრეზიდენტები, არკადი გუკასიანი და ბაკო სააკიანი, ასევე დე ფაქტო პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით იშხანიანი ოთხი თვით არიან დაპატიმრებული. ყოფილი პრეზიდენტი არაიკ არუთუნიანს კი ბაქო სამუდამო პატიმრობით ემუქრება.

მთიანი ყარაბაღის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც აზერბაიჯანული მხარე არ აკონტროლებდა და 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ქვეშ იყო, აზერბაიჯანმა “ანტიტერორისტული ოპერაციის” მოტივით 19 სექტემბერს შეტევა დაიწყო.დე ფაქტო რესპუბლიკის ცნობით, დაღუპულია, სულ მცირე, 200 ადამიანი, მათ შორის, მშვიდობიანი მოსახლეობა, და დაჭრილია 400-ზე მეტი მოქალაქე.20 სექტემბერს დე ფაქტო ყარაბაღის რესპუბლიკამ მიიღო რუსი მშვიდობისმყოფელების წინადადება ცეცხლის შეწყვეტასა და საბრძოლო შენაერთების განიარაღებაზე, რაც ბაქომ აზერბაიჯანის მორიგ ტრიუმფად და ყარაბაღის კაპიტულაციად გამოაცხადა. ამასთან, აზერბაიჯანმა ყარაბაღელი სომხების რეინტეგრაციის გეგმასა და მშვიდობიან თანაცხოვრებაზე დაიწყო საუბარი, თუმცა, ყარაბაღელი სომხები აზერბაიჯანის ხელისუფლების კონტროლქვეშ ცხოვრებაზე უარს ამბობენ და სომხეთში, იძულებით გადაადგილებული პირების სტატუსით გადადიან საცხოვრებლად. ამ მოვლენებამდე ყარაბაღში 120 ათასი ეთნიკურად სომეხი ადამიანი ცხოვრობდა.

19 სექტემბრის შემდეგ, ოფიციალური მონაცემით, 100 ათასზე მეტი ეთნიკური სომეხი საცხოვრებლად სომხეთში გადავიდა.

ალიევმა 19 სექტემბრის შემდეგ დაკავებული მთიანი ყარაბაღის ტერიტორიები, მათ შორის მთიანი ყარაბაღის დედაქალაქი სტეპანაკერტი, 15 ოქტომბერს მოინახულა და აზერბაიჯანის დროშა აღმართა. ამავე დღეს, თავის გამოსვლაში, ალიევმა განაცხადა, რომ ზოგიერთი შუამავალი ცდილობდა ყარაბაღის პრობლემის მშვიდობიანი გადაჭრის გზები ეპოვა და “კონფლიქტი სამუდამოდ გაეყინა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი