31 ევროპარლამენტარი ერთობლივი წერილით მიმართავს ჯოზეფ ბორელს, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, საქართველოში რუსული კანონის გარშემო დატრიალებული მოვლენებისა და ხელისუფლების ქმედებების შესახებ.
წერილს სოციალური ქსელით ავრცელებს ერთ-ერთი ხელმომწერი, პეტრას აუსტრევიჩიუსი.
“საქართველოს ხელისუფლების განგრძობითად არადემოკრატიული ქცევა, განსაკუთრებით კი მათი აგრესიულობა უცხოური აგენტების შესახებ “რუსული ტიპის” კანონის მიღებასთან დაკავშირებით, მშვიდობიანი დემონსტრანტების გაჩუმების მცდელობა და ძალის გამოყენება, ზღვარს გადასცდა. ამ ქცევამ კიდევ მეტად გააღრმავა დაძაბულობა და პოლარიზაცია ქართულ პოლიტიკასა და საზოგადოებაში. ეს ეწინააღმდეგება იმ 9 ნაბიჯს, რომლის შესრულების პასუხისმგებლობაც საქართველოს მთავრობამ აიღო, როცა საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ამას ევროკავშირი თვალს ვეღარ აარიდებს.
მოგიწოდებთ, რომ გამოიჩინოთ სიმტკიცე და მიიღოთ შესაბამისი ზომები, რაც მკაფიო სიგნალი იქნება საქართველოს ხელისუფლებისთვის.
პირველ რიგში, საქართველოს ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” ქცევა ეწინააღმდეგება ვალდებულებებს, რაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანას ეკისრება. შესაბამისად, საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა შეუჩერდეს, გაწევრების გზაზე შემდგომი პროგრესის მიღწევის გარეშე, .
მეორე – უნდა გადაიხედოს ევროკავშირის მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისა და სახელმწიფო პროგრამების დაფინანსება.
მესამე – შემდგომი გადავადების გარეშე უნდა მმიხდეს საქართველოს პროგრესის შუალედური შეფასება, კომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციაში გაწერილი 9 ნაბიჯის განხორციელების თვალსაზრისით. ეს ზომა გათვალისწინებულია პარლამენტის 2024 წლის 25 აპრილის რეზოლუციაში, რომელიც შეეხებოდა საქართველოში უცხოური აგენტების შესახებ კანონის შემობრუნებასა და მის შემზღუდველ გავლენას სამოქალაქო საზოგადოებაზე.
ბოლო წლებში დაუღალავად ვმუშაობდით ქართველი ხალხისა და მათი ევროკავშირში გაერთიანების მისწრაფების მხარდასაჭერად. ახლაც ამ გზის ერთგულნი ვრჩებით, მაგრამ დემოკრატიულობის კრიტერიუმი უცვლელია ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ყველა ქვეყნისთვის და მას ყველამ უნდა სცეს პატივი”, – წერია ევროპარლამენტარების წერილში.
#MEPs call the behaviour of the Georgian authorities and the leading party Georgian Dream as
contrary to the obligations of an EU candidate country. Therefore MEPs request suspension of #Georgia’s candidate status without any further progress in the accession process. pic.twitter.com/9fwsq1Ur07— Petras Austrevicius (@petras_petras) May 7, 2024
წერილს ხელს 31 ევროპარლამენტარი აწერს.
„ქართული ოცნების“ მიერ ერთი წლის წინ დადებული პირობის გატეხას და რუსული კანონის ხელმეორედ დაინიციირებას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტის პარლამენტში განხილვის დაწყების დღიდან უწყვეტი საპროტესტო აქციები იმართება როგორც თბილისში, ისე სხვა ქალაქებში.
ამდენივე ხანია, დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ კანონის მიღება ხელს შეუშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში.
მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო ფონდებს, მათ შორის, აშშ-ის, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს ანიჭებს. მსგავსი კანონის რუსეთში მიღების შემდეგ ქვეყანაში ფაქტობრივად გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი.
ამ რეგულაციას აქტიურად იყენებენ კერძო პირების დასასჯელადაც, რის გამოც ათასობით ადამიანი ემიგრაციაში წავიდა. საზოგადოებისთვის „რუსული კანონის“ სახელით ცნობილი დოკუმენტი საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, პირველი მოსმენით, უკვე მიიღო 17 აპრილს. თუმცა საბოლოოდ ძალაში შესასვლელად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენით მიღება, შემდეგ პრეზიდენტის ხელმოწერა, რომელმაც თქვა რომ კანონს ვეტოს დაადებს. ამის შემდეგ, დიდი ალბათობით, „ოცნების“ უმრავლესობა ვეტოს დაძლევას შეეცდება.








