ახალი ამბებისაზოგადოება

რა ელით პალესტინელ ლტოლვილებს? – ჰუმანიტარული კრიზისი ღაზაში

17 ოქტომბერი, 2023 • 1682
რა ელით პალესტინელ ლტოლვილებს? – ჰუმანიტარული კრიზისი ღაზაში

ათასობით ადამიანია შეკრებილი ეგვიპტე-ღაზის საზღვარზე მას შემდეგ, რაც ისრაელმა ჰამასის 7 ოქტომბრის უპრეცედენტო თავდასხმის საპასუხოდ განაცხადა, რომ სახმელეთო ოპერაციას იწყებს ღაზაში და მოუწოდა მშვიდობიან მოსახლეობას, გადაინაცვლონ სამხრეთში. ღაზაში მზარდი ჰუმანიტარული კრიზისის ფონზე ისრაელში 18 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავა. აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი მოისმენს ისრაელისგან, თუ როგორ წარმართავს თავის ოპერაციებს ისე, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი და ჰუმანიტარული დახმარება შევიდეს ღაზაში. 


ინტენსიური საჰაერო დაბომბვებისა და ბლოკადის ფონზე, “ჰამასის”მიერ კონტროლირებად ღაზაში საკვების, წყლის, საწვავისა და მედიკამენტების მწვავე დეფიციტია. გაეროს ცნობით, სახლები მილიონმა ადამიანმა დატოვა. პალესტინელებისთვის ამ ეტაპზე გასასვლელი არ ჩანს – ეგვიპტე-ღაზის საზღვარი ჩაკეტილია, მათ შორის ჰუმანიტარული ტვირთებისთვისაც. 

ევაკუაცია ღაზის ჩრდილოეთიდან სამხრეთში

ღაზის მცხოვრებლები ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მიმავალ გზაზე. ფოტო: MAHMUD HAMS / AFP

10 დღე გავიდა ღაზაში მოქმედი ისლამისტური “ჰამასის”  უპრეცენდეტო თავდასხმიდან ისრაელზე, საპასუხოდ ისრაელი ღაზაში ახორციელებს საჰაერო ოპერაციას, რომლის მასშტაბებიც, ადგილობრივების შეფასებით, ასევე უპრეცედენტოა ბოლო ათწლეულებში. 

გასული კვირის პარასკევს მჭიდროდ დასახლებულ ღაზაში სახმელეთო ოპერაცია დააანონსა ისრაელის არმიამ და  ღაზის ჩრდილოეთში მცხოვრებ მშვიდობიან მოსახლეობას მიმართა, დაუყოვნებლივ გადაენაცვლათ სამხრეთში.

“ჰამასმა”, რომელიც აშშ-ს, ბრიტანეთს და სხვა ქვეყნებს ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში ჰყავთ შეყვანილი და  ღაზას აკონტროლებს, მოქალაქეებს მოუწოდა, არ დამორჩილებოდნენ ისრაელის ამ ინსტრუქციას და სახლებში დარჩენილიყვნენ. ამის მიუხედავად, დაბომბვებისა და სახმელეთო ოპერაციის შიშით, სასწრაფოდ ბევრმა წასვლა ამჯობინა.

ჩრდილოეთ ღაზაში აქამდე 1.1 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, რაც სექტორის მოსახლეობის თითქმის ნახევარია. ისრაელის გაფრთხილებების შემდეგ ჩრდილოეთიდან სამხრეთში გადასულთა აღრიცხული რაოდენობა 600 000-ს აღწევს

პალესტინელი ქალი საჭმელს ამზადებს ხან იუნისში მოქმედ სკოლაში, რომელიც გაეროს ექვემდებარება. ფოტო: BBC/Getty Images 

“მეც მათ შორის ვიყავი, ჩემს ცოლთან, სამ ბავშვთან და ორი დღის სამყოფ საკვებთან ერთად”, — წერს BBC-ის ჟურნალისტი რუშდი აბუ ალუფი, რომელიც ღაზაში ცხოვრობს და 20 წელია, იქაურ ამბებს აშუქებს.

ამჟამად ის სამხრეთში მდებარე ქალაქ ხან იუნისში იმყოფება, რომელიც სიდიდით მეორეა ღაზის სექტორში.

ჟურნალისტის სიტყვებით, ჩრდილოელები სამხრეთის ამ ქალაქისკენ მიდიოდნენ ყველაფრით, რითაც შეეძლოთ: მანქანით, თუ საწვავი ჰქონდათ; ცხენითა და ურმით, თუ შეძლეს და იშოვეს; ფეხით, თუ სხვა არჩევანი არ გააჩნდათ.

“და რაც იქ ნახეს, იყო მუხლებზე დაცემული ქალაქი, რომელიც ცუდად იყო მომზადებული იმისათვის, რომ მისი მოსახლეობა ერთ ღამეში, პირდაპირი მნიშვნელობით, გაორმაგებულიყო”, — წერს აბუ ალუფი.

სააგენტო EPA-ს ცნობით, ფოტოზე ჩანან პალესტინელები, რომლებიც გადარჩენილებსა და დაღუპულებს ეძებენ ხან იუნისის ლტოლვილთა ბანაკის ტერიტორიაზე, ისრაელის საჰაერო დარტყმის შემდეგ. 16.10.23 ფოტო: EPA-EFE/HAITHAM IMAD

მისი სიტყვებით, ქალაქის მოსახლეობამ, რომელიც იქამდე 400 000 იყო, უცებ მილიონს გადააჭარბა როგორც ჩრდილოეთიდან, ისე აღმოსავლეთიდან ჩასულთა ხარჯზე. 

“ყველა ოთახი, ყველა ხეივანი, ყველა ქუჩა კაცებით, ქალებითა და ბავშვებითაა სავსე… ვნახე პატარა ბინები, რომლებშიც მანამდეც  უკვე იმაზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა, ვიდრე ეს კომფორტულად ყოფნისთვისაა საჭირო და ახლა იქ 50- 60 ადამიანი სახლობს…”, — ამბობს ჟურნალისტი.

გარდა სახლებისა და ქუჩებისა, ხალხითაა სავსე ქალაქის სკოლები და საავადმყოფოებიც — ომების დროს უსაფრთხოდ მიჩნეული ობიექტები.

AP აღნიშნავს, რომ ხან იუნისში საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის ოთახები “სავსე იყო” დაჭრილი პაციენტებით.  გაერომ 15 ოქტომბერს თქვა, რომ საწვავის დარჩენილი მარაგები ღაზის საავადმყოფოებს კიდევ 24 საათი ეყოფოდათ, შემდეგ კი რისკის ქვეშ დადგება ათასობით პაციენტის სიცოცხლე.

როგორც BBC-ის ჟურნალისტი წერს, ექიმები ჩივიან, რომ ახლად შეყვანილი პაციენტებისთვის პრაქტიკულად არაფერი აქვთ, პაციენტისთვის მოსახმარი წყლის დღიური დოზა კი 0.3 ლიტრით იყო განსაზღვრული.

ჰუმანიტარული ვითარება ჩრდილოეთ ღაზაში 

ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც ღაზის მოსახლეობას ადგილზე ეხმარება, გაეროს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოა(UNRWA). ვებგვერდის მიხედვით, UNRWA-ს იქ პირველადი ჯანდაცვის 22 დაწესებულება და 278 სკოლა აქვს.

ორგანიზაციის ცნობით, მიუხედავად ისრაელის არმიის მხრიდან ევაკუაციის ბრძანებისა, ადგილობრივების უცნობი რაოდენობა კვლავ რჩება ღაზის ჩრდილოეთში მდებარე მის დაწესებულებებში. UNRWA მათ ვეღარ იცავს და ვეღარც ეხმარება.

ვითარება არც UNRWA-ს იმ დაწესებულებებშია მარტივი, რომლებიც სამხრეთში მდებარეობს. ისრაელის ბლოკადის პირობებში რესურსები კრიტიკულად მწირია.

“სიტუაცია, რომელშიც ახლა ვართ, არც აქამდე ყოფილა და ვერც აღიწერება მსოფლიოს რომელიმე ენაზე…” ,— ამბობს ხან იუნისში UNRWA-ს ერთ-ერთი ტრენინგ-ცენტრის დირექტორი რავია ჰალასი.

“15 000 პალესტინელი ლტოლვილია აქ… დიაბეტის მქონე ხალხი, ბავშვები, შშმ პირები, ჩვილები… ცენტრი ამ რაოდენობას ვერ დაიტევს ვერც საკვების, ვერც ტუალეტების, ვერც წყლის კუთხით…

გადაარჩინეთ ღაზა, გეხვეწებით, გადაარჩინეთ ღაზა! ის მოკვდება! ბავშვები გვყავს, ზრდასრულები, მოხუცები და არ ვიცი, რით დავეხმარო მათ. მე თვითონ UNRWA-ს წარმოვადგენ, ამ თავშესაფრის დირექტორი ვარ და ვერაფერს ვთავაზობ”, — აღნიშნავს ჰალასი.

სად (ვერ) წავლენ პალესტინელები

ღაზასა და ისრაელს შორის ორი სასაზღვრო პუნქტია: ერეცის პუნქტი ადამიანთა სამოძრაოდ, ქერიმ შალომის პუნქტი კი -ტვირთის სამოძრაოდ. ახლა, ომისა და ბლოკადის პირობებში, ჩაკეტილია ქერიმ შალომიც და ერეციც, რომელიც “ჰამასის” 7 ოქტომბრის შეტევის შედეგად დაზიანდა.

ამ ფონზე ღაზიდან ადამიანების გასაღწევად და იქ ჰუმანიტარული ტვირთების შესატანად ერთადერთ ალტერნატივად რჩება ღაზა-ეგვიპტის საზღვარზე მდებარე რაფაჰის პუნქტი.

თუმცა, ისრაელ-ჰამასის ამჟამინდელი ომის დაწყებიდან მალევე, პუნქტი ჩაიკეტა. მას ვერც ღაზის მოსახლეობა კვეთს და ვერც სექტორში მყოფი უცხოელები. ამასთან, ღაზაში ვერ შედის ეგვიპტის მხარეს დაგროვილი ტონობით ჰუმანიტარული ტვირთი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანამ, ასევე, “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ” და “წითელმა ჯვარმა” გაგზავნეს.

ეგვიპტე ამტკიცებს, რომ ამ ორ საკითხთან დაკავშირებით ისრაელი მასთან არ თანამშრომლობს. საგარეო საქმეთა მინისტრის, სამიჰ შუქრის თქმით, რაფაჰის პუნქტი ოფიციალურად ჩაკეტილი არ არის, თუმცა “უფუნქციოა” ღაზის მხარეს, საზღვართან ახლოს, ისრაელის საჰაერო დარტყმების გამო.

16 ოქტომბერს გავრცელდა ცნობები, რომ პუნქტი გარკვეული ხნით გაიხსნებოდა ისრაელსა და “ჰამასს” შორის სამხრეთ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში, თუმცა მსგავსი შეთანხმება ისრაელმაც უარყო და “ჰამასმაც”.

ისრაელ-ეგვიპტის 2007 წლის შეთანხმებით, რაფაჰს ეგვიპტე აკონტროლებს, თუმცა ღაზაში შემავალი ტვირთების საკითხი ისრაელთან უნდა შეთანხმდეს.

ისრაელს სურს, აღკვეთოს “ჰამასის” წევრების გადინება ღაზიდან ეგვიპტეში, მეორე მხრივ კი, შეამოწმოს ღაზაში შემსვლელი ყველა სატვირთო მანქანა, რათა დარწმუნდეს, რომ იქ იარაღი არ არის.

რაც შეეხება ეგვიპტეს: მიუხედავად მისი განცხადებებისა, რომ უცხოელების თუ ჰუმანიტარული ტვირთის საკითხზე თანამშრომლობისთვის მზადაა, აშკარაა კაიროს შეშფოთებაც ასობით ათასი პალესტინელის შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით მის ტერიტორიაზე, იმ შემთხვევაში, თუ რაფაჰის პუნქტი სრულად და შეუზღუდავად გაიხსნება. 

ეგვიპტის პრეზიდენტმა, აბდულ ფათაჰ ალ-სისიმ, ხუთშაბათს თქვა, რომ ღაზის პალესტინელები “მტკიცედ უნდა დარჩნენ თავიანთ მიწაზე”.

ხსენებულ სენტიმენტს ეგვიპტური მედიასაშუალებებიც ახმიანებენ და საუბრობენ პალესტინელთა გადასახლების საფრთხეზე ეგვიპტის კუთვნილ სინას ნახევარკუნძულზე, რომელიც ღაზასთან იყოფს საზღვარს. ამ საკითხს პრეზიდენტი ალ-სისიც შეეხო. CNN-ის ცნობით, მანვე თქვა, რომ ეგვიპტე თანაგრძნობითაა გამსჭვალული, თუმცა იქვე ილაპარაკა ამ თანაგრძნობის საზღვრებზე:

“…სანამ თანაუგრძნობთ, ყოველთვის უნდა გამოვიყენოთ ჩვენი გონება, რათა მივაღწიოთ მშვიდობასა და უსაფრთხოებას ისე, რომ ძვირი არ დაგვიჯდეს”, — დასძინა მან და დაამატა, რომ ქვეყანას უკვე ჰყავს 9 მილიონი ლტოლვილი სხვადასხვა ქვეყნიდან.

ორმაგი მოქალაქეობის მქონე პალესტინელები რაფაჰის სასაზღვრო პუნქტთან. 15.10.23 ფოტო: EPA-EFE/HAITHAM IMAD 

ლტოვილების საკითხზე ცალსახა პოზიცია დააფიქსირა იორდანიამაც, სადაც  2.2 მილიონი პალესტინელი ლტოლვილი უკვე არის რეგისტრირებული.

“ეს წითელი ხაზია… არანაირი ლტოლვილები იორდანიაში, არანაირი ლტოლვილები ეგვიპტეში… ეს არის სიტუაცია, რომელიც უნდა მოგვარდეს ღაზისა და დასავლეთ სანაპიროს შიგნით. ეს არ უნდა გაკეთდეს სხვების მხრებზე”, – თქვა იორდანიის მეფემ, აბდულა მეორემ 17 ოქტომბერს ბერლინში. იქ ის გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს შეხვდა.

საერთაშორისო რეაქცია

ღაზის სექტორში ჰუმანიტარული კრიზისი ერთ-ერთი მიზეზია, რომლის გამოც აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 18 ოქტომბერს ისრაელში ჩადის. მხარდაჭერასთან ერთად, მისი მიზანია მოისმინოს ისრაელისგან, თუ როგორ წარმართავს თავის ოპერაციებს ისე, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი და ჰუმანიტარული დახმარება შევიდეს ღაზაში. ამის შესახებ ისრაელში მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა. 

ჰუმანიტარული კრიზისის გამწვავების თავიდან აცილების მცდელობებში არაერთი საერთაშორისო აქტორია ჩართული. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულმა ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ კომისია პალესტინელთათვის დახმარებას გაასამმაგებს და 75 მილიონ ევრომდე გაზრდის. მისივე თქმით, გაეროსთან ერთად იმუშავებენ, რათა დარწმუნდნენ, რომ დახმარება მიაღწევს იმ ადამიანებამდე, ვისაც ეს სჭირდება.

გასული კვირის მიწურულს, სატელეფონო საუბრებში, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს და პალესტინის ადმინისტრაციის ლიდერს, მაჰმუდ აბასს მოუწოდა, შეუშვან ჰუმანიტარული დახმარება რეგიონში.

ჰუმანიტარული კორიდორების გახსნისკენ მოწოდებებს ახმიანებენ როგორც გაერო, ისე რომის პაპი, რიგი სახელმწიფოები და ჰუმანიტარული ორგანიზაციები.

გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის სპიკერმა, რავინა შამდასანმა ახსენა „უზარმაზარი დიპლომატიური ძალისხმევა”,  რომელშიც ჩართულია როგორც გენერალური მდივანი ანტონიო გუტერესი, ისე ბევრი სახელმწიფო. მისი თქმით, ისინი გამოიყენებენ ყველა ბერკეტს, რომელიც გააჩნიათ.

ღაზაში გასაგზავნი ჰუმანიტარული ტვირთი ეგვიპტის ტერიტორიაზე, ალ-არიშის საერთაშორისო აეროპორტში. ფოტო: Mada Masr 

ამავე თემაზე:

ისრაელ-პალესტინური კონფლიქტი: მოკლე გზამკვლევი

მასალების გადაბეჭდვის წესი