ახალი ამბები

რიონის ხეობის მოძრაობამ კარავი ონის მერიასთან გაშალა – “გაუქმდეს ხიდაშელის ლიცენზია”

6 ოქტომბერი, 2023 • 1520
რიონის ხეობის მოძრაობამ კარავი ონის მერიასთან გაშალა – “გაუქმდეს ხიდაშელის ლიცენზია”

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ რაჭაში დავით ხიდაშელის კომპანიისთვის ტყის სამონადირეო ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით პროტესტს აგრძელებს. დღეს, 6 ოქტომბერს, აქციის მონაწილეებმა კარავი ონის მერიასთან გადაიტანეს, სადაც უწყვეტ პროტესტს აანონსებენ.

მერიის შენობასთან კარვის  გადატანიდან რამდენიმე წუთში მივიდა პირი, რომელმაც ვარლამ გოლეთიანს თავი სამართალდამცველად წარუდგინა, თუმცა არც ფორმა ეცვა და არც შესაბამისი ცნობა წარუდგენია. აღნიშნული პირი აქციის მონაწილეებს კარვის თავდაპირველ ადგილზე გადატანისკენ მოუწოდებდა და აცხადებდა, რომ ადმინისტრაციულ შენობასთან კონსტრუქციის განთავსებით პროტესტის მონაწილეები კანონს არღვევდნენ.

თუმცა მოძრაობის წევრებმა კარავი მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე დატოვეს და აღნიშნეს, რომ კანონს არ არღვევდნენ, ვინაიდან კონსტრუქცია არც შესასვლელს ბლოკავდა და არც ტროტუარზე გადაადგილებას ზღუდავდა. გოლეთიანის თქმით, აქციის მონაწილეები უწყვეტ პროტესტს უკვე ონის მერიასთან გააგრძელებენ და კარავში ღამის გათევას გეგმავენ. ისინი მერთან შეხვედრას და რაჭის ტყეების განკარგვაზე ლიცენზიის გაუქმებას ითხოვენ.

რაჭაში დაცული ტერიტორიები მას შემდეგ შეიქმნა, რაც დავით ხიდაშელს 104 ჰექტარზე მეტი ტყის მასივი გადაეცა სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად.

გოლეთიანის თქმით, სწორედ ამიტომ, დაცული ტერიტორიებში ვერ მოხვდა ტყის დიდი ნაწილი, სამაგიეროდ იქ შევიდა ის ადგილები, რაც კონსერვაციას ისედაც არ საჭიროებს, რადგან ადამიანს ხელი ნაკლებად მიუწვდება:

“მასში არ შედის არც ერთი მდინარე, ამოჭრილია ყველა ის ტერიტორია, სადაც საბჭოთა პერიოდში [წიაღისეულის] მოპოვება ხდებოდა. შესაბამისად, ეს არ მიჰყვება იმ გაიდლაინებს [სახელმძღვანელო], რომლის პრაქტიკაც მსოფლიოში გვხვდება. სინამდვილეში, მთელი ტყე, რაც მართლა დასაცავი და მოსავლელია, ერთ კაცს მისცეს. ადგილობრივ მოსახლეობას აქ უკვე რეალურად შეექმნა ტყეებში შესვლის პრობლემა…

ყველას შეეხება ის საფრთხე, რაც აქ ხდება. პრაქტიკულად ვკარგავთ მთლიან რაჭას და ისეთ ხალხს ვუგდებთ ამას ხელში, ამბავიც აღარ გვეცოდინება, საერთოდ რა მოხდება ამ ტერიტორიებზე. ამიტომ კატეგორიულად მოვითხოვთ და ერთკვირიან ვადას ვაძლევთ, რომ:

  • გაუქმდეს ხიდაშელისთვის გაცემული ლიცენზია
  • დაკორექტირდეს და შეიცვალოს ამ ნაკრძალის საზღვრები, რომ არ მოდიოდეს წინააღმდეგობაში ადგილობრივ მოსახლეობასთან”, — განაცხადა გოლეთიანმა.

იმ შემთხვევაში, თუ ცენტრალურსა და ადგილობრივ მოსახლეობას მათ მოთხოვნებზე რეაგირება არ ექნება, გოლეთიანის თქმით, საპროტესტო აქციები უფრო მასშტაბური გახდება.

ხიდაშელის სამონადირეო მეურნეობისა და რაჭის დაცული ტერიტორიების შესახებ ნახეთ ვრცლად:

 

მასალების გადაბეჭდვის წესი