საზოგადოება

თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ დავით ხიდაშელი 4 წელი მინისტრის მრჩევლად მუშაობდა

15 მარტი, 2024 • 1561
თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ დავით ხიდაშელი 4 წელი მინისტრის მრჩევლად მუშაობდა

დავით ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის მრჩევლად 4 წელი მუშაობდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს.

უწყების ცნობით, რუსეთთან დაკავშირებული ბიზნესმენი თავდაცვის მინისტრის მრჩევლად  მუშაობდა 2020 წლიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე.

თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ დავით ხიდაშელს სახელმწიფო საიდუმლო ცნობებზე დაშვება არ ჰქონია.

„იმჟამინდელი თავდაცვის მინისტრისთვის უფლებამოსილების შეჩერების შემდეგ, კანონმდებლობის შესაბამისად, დავით ხიდაშელს საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 81-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, შეუწყდა ადმინისტრაციული ხელშეკრულება და მას შემდეგ თავდაცვის უწყებაში აღარ მუშაობს. ამასთან, დავით ხიდაშელს თავდაცვის სამინისტროში მუშაობის პერიოდში არ ჰქონია სახელმწიფო საიდუმლო ცნობებზე დაშვება“, – აცხადებს თავდაცვის სამინისტრო.

გუშინ, 14 მარტს, „მთავარმა არხმა” გაავრცელა ინფორმაცია, მათ მოიპოვეს დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ბიზნესმენი დავით ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის მრჩევლის პოსტს იკავებდა.  დოკუმენტის თანახმად ხიდაშელთან გაფორმებული იყო ადმინისტრაციული ხელშეკრულება და მისი ყოველთვიური ანაზღაურება 1000 ლარი უნდა ყოფილიყო.

“დღეს არ იქნება ალბათ გაფორმებული” – თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით ხიდაშელის მრჩევლობაზე

ვინ არის დავით ხიდაშელი და რატომაა მნიშვნელოვანი, იყო თუ არა ის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი? 

დავით ხიდაშელი რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენი და სანქცირებულ რუსი მილიარდერის ვლადიმერ ევტუშენკოვის მეგობარია.  თავდაცვის მინისტრის მრჩევლის რანგში მას შესაძლოა წვდომა ჰქონოდა საიდუმლო ინფორმაციაზე.

ის საზოგადოების ცნობილი გახდა „კარტოგრაფების საქმიდან”  როგორც პირი, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის დავალებით რუსეთში მოიძია საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ამსახველი 1936-1938 წლების 1:200 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის დედანი. თავის ბოლო ინტერვიუში „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ხიდაშელს მოიხსენიებდა როგორც ქველმოქმედსა და გმირს და ამბობდა, რომ მას ხიდაშელის „ვალი მიჰყვება”.

გამოძიება სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრებს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ედავება, რომ მათ მიზანმიმართულად დამალეს რუკა, რომელიც საქართველოს საზღვრის დელიმიტაციისას უკეთეს პირობებში აყენებდა. „რუკის გამოჩენიდან“ 4 წელი გავიდა, თუმცა არ არსებობს რამე მტკიცებულება, რომ თბილისმა აზერბაიჯანთან საზღვრის შეთანხმებაზე მოლაპარაკებებში ზემოაღნიშნული რუკის საქართველოს პოზიციების სასარგებლოდ გამოყენება შეძლო.

დავით ხიდაშელის სახელი ფიგურირებს 25 აპრილს youtube-ზე გავრცელებულ აუდიოჩანაწერშიც, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი და სანქცირებული რუსი ოლიგარქი ვლადიმერ ევტუშენკოვი საუბრობენ. ხიდაშელი აცხადებს, რომ რუსი მილიარდერი ვლადიმერ ევტუშენკოვი მისი მეგობარია.

ამასთან, მიმდინარე წელს ხიდაშელს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 104 712 ჰექტარი ტყე 49 წლით სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად გადაეცა, თუმცა შემდეგ ლიცენზია ჩამოერთვა.

ასევე, ხიდაშელის ოჯახმა 10 020 000 ლარად იყიდა ე.წ. რიყის დოქები. ინვესტორი ვალდებულია 36 თვის ვადაში ტერიტორიაზე მოაწყოს ღვინის, ციფრული ხელოვნების და ტექნოლოგიების მუზეუმი, ასევე, საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები, რისთვისაც არანაკლებ 20 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი