ახალი ამბები

„სიმბოლურად იყო თანამდებობაზე“ — ღარიბაშვილის პირველი კომენტარი დავით ხიდაშელზე

24 მარტი, 2024 • 1174
„სიმბოლურად იყო თანამდებობაზე“ — ღარიბაშვილის პირველი კომენტარი დავით ხიდაშელზე

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც ამჟამად „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეა, უსაფუძვლოდ მიიჩნევს ბიზნესმენ დავით ხიდაშელის თავდაცვის მინისტრის მრჩევლად მუშაობასთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებს. პირველად ამის შესახებ მან დღეს, 24 მარტს ისაუბრა.

ღარიბაშვილი არ ეთანხმება ფორმულირებას, რომ ხიდაშელი „კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენია“.

„დავით ხიდაშელს ჩამოვატანინეთ ძალიან მნიშვნელოვანი რუკები, რომელიც ქართულ სახელმწიფოს გააძლიერებდა. ჩამოვატანინეთ ეს რუკები, მან ძალიან დიდი საქმე გასწია. მას მადლობა გადავუხადეთ, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი მასალა ჩამოგვიტანა ჩვენ, სახელმწიფოს. თუ არ ვცდები, ოთხი წელი იგი სიმბოლურად იყო მრჩევლის თანამდებობაზე.

რომ იცოდეთ, ძალიან კარგად ერკვევა საზღვრის დელიმიტაციის საკითხებში, რუკებში და ა.შ. რა ინფორმაციის წვდომაზე მელაპარაკებით?! თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ არაფერზე, ატყუებთ ხალხს, ეს არის აბსურდი… ოთხი წელი ისე მუშაობდა, კითხვა არ დასმულა,“ — უთხრა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.

მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერის პოსტი დატოვა და მასთან ერთად გადადგა თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, ცნობილი გახდა, რომ ბიზნესმენი დავით ხიდაშელი სწორედ თავდაცვის მინისტრის მრჩევლად მუშაობდა 4 წელი და ამის შესახებ ხელისუფლებას საზოგადოებისთვის არაფერი უთქვამს.

მას შემდეგ, რაც თავდაცვის მინისტრი და პრემიერი შეიცვალა, ინფორმაცია ხიდაშელის შესახებ ჯერ „მთავარმა არხმა“ გაავრცელა, რაც დაადასტურა თავდაცვის სამინისტრომაც. უწყების ცნობით, რუსეთთან დაკავშირებული ბიზნესმენი თავდაცვის მინისტრის მრჩევლად  მუშაობდა 2020 წლიდან 2024 წლის 9 თებერვლამდე.


ვინ არის დავით ხიდაშელი და რატომაა მნიშვნელოვანი, იყო თუ არა ის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი? 

დავით ხიდაშელი რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენი და სანქცირებულ რუსი მილიარდერის ვლადიმერ ევტუშენკოვის მეგობარია.  თავდაცვის მინისტრის მრჩევლის რანგში მას შესაძლოა წვდომა ჰქონოდა საიდუმლო ინფორმაციაზე.

ის საზოგადოების ცნობილი გახდა „კარტოგრაფების საქმიდან”  როგორც პირი, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის დავალებით რუსეთში მოიძია საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ამსახველი 1936-1938 წლების 1:200 000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის დედანი. თავის ბოლო ინტერვიუში „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ხიდაშელს მოიხსენიებდა როგორც ქველმოქმედსა და გმირს და ამბობდა, რომ მას ხიდაშელის „ვალი მიჰყვება”.

გამოძიება სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრებს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ედავება, რომ მათ მიზანმიმართულად დამალეს რუკა, რომელიც საქართველოს საზღვრის დელიმიტაციისას უკეთეს პირობებში აყენებდა. „რუკის გამოჩენიდან“ 4 წელი გავიდა, თუმცა არ არსებობს რამე მტკიცებულება, რომ თბილისმა აზერბაიჯანთან საზღვრის შეთანხმებაზე მოლაპარაკებებში ზემოაღნიშნული რუკის საქართველოს პოზიციების სასარგებლოდ გამოყენება შეძლო.

დავით ხიდაშელის სახელი ფიგურირებს 2023 წლის 25 აპრილს youtube-ზე გავრცელებულ აუდიოჩანაწერშიც, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი და სანქცირებული რუსი ოლიგარქი ვლადიმერ ევტუშენკოვი საუბრობენ. ხიდაშელი აცხადებს, რომ რუსი მილიარდერი ვლადიმერ ევტუშენკოვი მისი მეგობარია.

ამასთან, მიმდინარე წელს ხიდაშელს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 104 712 ჰექტარი ტყე 49 წლით სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად გადაეცა, თუმცა შემდეგ ლიცენზია ჩამოერთვა.

ასევე, ხიდაშელის ოჯახმა 10 020 000 ლარად იყიდა ე.წ. რიყის დოქები. ინვესტორი ვალდებულია 36 თვის ვადაში ტერიტორიაზე მოაწყოს ღვინის, ციფრული ხელოვნების და ტექნოლოგიების მუზეუმი, ასევე, საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები, რისთვისაც არანაკლებ 20 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი