ახალი ამბებისაზოგადოება

გამოხატვის თავისუფლებად აღიქვამენ კარვებში შესაძლო რისკებს – წილოსანი ოპოზიციაზე

4 ოქტომბერი, 2023 •
გამოხატვის თავისუფლებად აღიქვამენ კარვებში შესაძლო რისკებს – წილოსანი ოპოზიციაზე

“ქართული ოცნების” დეპუტატი, ნინო წილოსანი ფიქრობს, რომ მისივე პარტიის მიერ ინიცირებულმა კანონპროექტმა აქციებზე დროებითი კონსტრუქციების მოწყობის წესის გამკაცრების შესახებ ამოქმედებამდე დაიწყო მუშაობა.

წილოსანი აცხადებს, რომ ცვლილების საწინააღმდეგო გამოხმაურებები აჩვენებს, ვინ უჭერს მხარს “აქციების ყველაზე რადიკალურ, რევოლუციურ ფორმებს”.

“დასმული კითხვების, მათი რიტორიკის და სიმძაფრის მიხედვით, ადვილად მისახვედრია, რომელი პოლიტიკური გუნდი და კონკრეტულად რომელი პოლიტიკოსები და ინდივიდები უჭერენ მხარს აქციების ყველაზე რადიკალურ, რევოლუციურ ფორმებს და ამართლებენ იმ რისკების არსებობას, რომლებსაც, შესაძლოა, თქვენი ინიციატივა აზღვევდეს.

აქ ადამიანები საუბრობენ თავისუფალი გამოხატვის შეზღუდვაზე. ისინი გამოხატვის თავისუფლებად აღიქვამენ კარვებში შესაძლო რისკებს და იმ რისკებს, რომლებზეც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საუბრობდა. მათთვის ეს ორი რამე იდენტურია”, – განაცხადა წილოსანმა.

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს პარლამანეტი დღეს პირველი მოსმენით განიხილავს. კანონპროექტი “ქართულმა ოცნებამ” მას შემდეგ დააინიცირა, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შესაძლო სახელმწიფო გადატრიალების შეთქმულების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.


„ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული პროექტი „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ ამკაცრებს აქციებებზე დროებითი კონსტრუქციების მოწყობის წესს. კანონპროექტის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს კანონპროექტით ეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა:

  • საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს;
  • ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას;
  • იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას;
  • შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხის მოწესრიგების მიზნით სათანადო გადაწყვეტილებას შესაბამისი ორგანო თითოეულ შემთხვევასთან დაკავშირებით ინდივიდუალურად, ყველა გარემოების გათვალისწინებით მიიღებს. ამ ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მისი სასამართლოში გასაჩივრების გზით სასამართლო კონტროლს დაექვემდებარება.

მასალების გადაბეჭდვის წესი