ახალი ამბები

ზურაბიშვილმა ბელგიის მეფეს მისწერა, რომ ბრიუსელში ჩასვლა სურს, მაგრამ მთავრობა არ უშვებს

2 ოქტომბერი, 2023 • 1692
ზურაბიშვილმა ბელგიის მეფეს მისწერა, რომ ბრიუსელში ჩასვლა სურს, მაგრამ მთავრობა არ უშვებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბელგიის მეფე ფილიპეს სწერს, რომ მისი ნების საწინააღმდეგოდ უარის თქმა უწევს “ევროპალია-საქართველოს” ინაგურაციაში მასთან ერთად მონაწილეობაზე. ამის თაობაზე წერილი ზურაბიშვილმა დღეს, 2 ოქტომბერს გაასაჯაროვა.

პრეზიდენტი განმარტავს, რომ უარის თქმა მისი “ნებისგან სრულიად დამოუკიდებლად”, ორი მიზეზის გამო უწევს:

  1. საქართველოს მთავრობამ დაუსაბუთებელი უარი უთხრა ღონისძიებაში მონაწილეობაზე;
  2. 3-4 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლოში ჩანიშნულია ზურაბიშვილის იმპიჩმენტის თაობაზე წარდგინების განხილვა.

„თქვენო უდიდებულესობავ, მსურს გულწრფელი ბოდიში მოვიხადო ჩემგან დამოუკიდებელი, გაუთვალისწინებელი ფაქტორების გამო, რომლებიც, სამწუხაროდ, ბოლო წამს აუცილებელს ხდის იმ საპროტოკოლო გადაწყვეტილებების შეცვლას, რომლებზეც დიდი ხანია მიმდინარეობს მუშაობა.

მეორე მხრივ, მსურს ჩემი და ქართველი ხალხის სახელით მოგახსენოთ მადლობა ევროპის ცენტრში ქართული კულტურის ესოდენ დიდი პატივით მიღებისათვის. ყველაფრის მიუხედავად, მტკიცედ მჯერა, რომ ეს მოვლენა გადაიქცევა საქართველოსა და ბელგიის სამეფოს ურთიერთობის ისტორიის განსაკუთრებულ ფურცლად”, — განმარტავს პრეზიდენტი წერილში.


30 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს.

აღნიშნული განცხადების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტისთვის მთავრობას ევროპაში ვიზიტებზე თანხმობა არ მიუცია. მიუხედავად მთავრობის უარისა, 31 აგვისტოს პრეზიდენტმა ევროპაში ვიზიტები მაინც დაიწყო. სალომე ზურაბიშვილი უკვე იმყოფებოდა ბერლინში, ბრიუსელსა და პარიზში, სადაც გერმანიის, ევროპული საბჭოსა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შეხვდა.

პირველ სექტემბერს კი „ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. პარტიის ლიდერის ირაკლი კობახიძის თქმით, ამის მიზეზია სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური შეხვედრები საზღვარგარეთ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ ამის უფლება არ მისცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი