„ხომ არ ავკრძალოთ ტრენინგები, საბურავები, რომ რეჟიმი ბოლომდე დაცული იყოს?!“ – ასე მიმართა პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ უმრავლესობის წევრებს ბიუროს სხდომაზე, სადაც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები დარეგისტრირდა.
ცვლილებებით, რომელიც მმართველი პარტიის დეპუტატებმა მოამზადეს, შეკრებისა და მანიფესტაციისას დროებითი კონსტრუქციის მოწყობის შესახებ კანონი მკაცრდება.
ავტორები კანონის გამკაცრების მიზეზად ასახელებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში „დესტაბილიზაციის მოწყობა“ იგეგმება.
თეონა აქუბარდიამ ბიუროს სხდომაზე იკითხა, რამდენად ლოგიკურია, რომ განცხადებაა კანონის გამკაცრების საფუძველი და არა გამოძიების შედეგი.
„იქნებ თქვენ იცოდეთ, დასრულდა თუ არა გამოძიება და დადგენილია თუ არა, რომ „გლობალური ომის პარტია“ ქვეყნის შიგნით გადატრიალებას გეგმავს, ან სუს-ის ე.წ. კრებსების გამოძიება, ჩვენ არ გვაქვს ამაზე პასუხი. 2014 წელსაც მახსოვს დაანონსებული „საბურავების რევოლუცია“ იმდროინდელი შესაბამისი სამსახურების მხრიდან, რომელსაც გამოძიების შედეგები არ ჰქონია.
სიმართლე გითხრათ, ცოტა მიჭირს ამ თემაზე სერიოზულად საუბარი, იმდენად ალოგიკურია ეს ყველაფერი, მაგრამ გულწრფელად მაინტერესებს თქვენი აზრი, შეიძლება დემოკრატიული ნორმების შეზღუდვის თაობაზე განცხადება გახდეს საფუძველი იმ მოცემულობაში, როდესაც ეს ყველაფერი ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობებს ძირს უთხრის“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
თეონა აქუბარდიას პასუხად პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ძალიან დიდი პრობლემაა, როცა ადამიანი, რომელიც „უსაფრთხოების ექსპერტად პოზიციონირებს“, საკითხს ასე არასერიოზულად უყურებს.
„ასეთი გამოთქმა არსებობს, თუ ადამიანს არ უნდა, რიყეზე ისე გავა, ქვას ვერ დაინახავს. თქვენ დღეს ნახეთ კადრები და თუ არ გინდათ, ვერაფერს დაინახავთ. თქვენი უსაფრთხოების ექსპერტული პატრიოტული გადმოსახედიდან თქვენ ვერაფერს ხედავთ საეჭვოს? თქვენ თუ არ გინდათ, რიყეზე ისე გახვალთ, ქვას ვერ დაინახავთ“, – უპასუხა პაპუაშვილმა აქუბარდიას.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, USAID-ის პროგრამის ფარგლებში სერბეთის მოქალაქეები საქართველოში „რევოლუციური სცენარისთვის“ მოსამზადებლად ტრენინგებს ატარებდნენ. ამის შესახებ 2 ოქტომბერს სუს-ში ბრიფინგი გაიმართა, სადაც USAID-ის პროგრამის ფარგლებში კულტურის სფეროში მომუშავე ჯგუფებისთვის ჩატარებული ტრენინგებიდან ფარული ჩანაწერი აჩვენეს.
მანამდე სუს-მა მორიგი სახელმწიფო გადატრიალების შეთქმულების შესახებ ინფორმაცია 18 სექტემბერსაც გაავრცელა. სუს-ის განცხადებით, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში „ევრომაიდნის“ მსგავსი სცენარის განხორციელება იგეგმება. როგორც სუსი აცხადებს, აღნიშნული გეგმის განხორციელება იგეგმება უცხო ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს „დესტრუქციულ ძალების“ მხრიდან მოსალოდნელ რევოლუციურ სცენარებსა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის შესახებ აქამდეც არაერთხელ განუცხადებია და გამოძიებაც დაუწყია.
უფრო კონკრეტულად, “ქართული ოცნების” ხელისუფლება ოპოზიციის მხრიდან სახელმწიფო გადატრიალების შეთქმულებებზე 2014 წლიდან საუბრობს აქტიურად, როდესაც შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე იყო. ჭიკაიძემ 2014 წელს განაცხადა, რომ ენმ “ევრომაიდნის სცენარზე” მუშაობს და დაწყებული იყო საბურავების მომარაგება.
სუსი „დესტრუქციულ ძალებზე“ საუბრობს თავის ბოლო – 2022 წლის ანგარიშშიც. ანგარიშში საუბარია, რომ „საქართველოს გარშემო მიმდინარე რთულ და არაპროგნოზირებად პროცესებს თან ერთვოდა ქვეყანაში დესტრუქციული ძალების მიერ ინსპირირებული შიდაპოლიტიკური დაძაბულობა და მისი გამოწვევების მცდელობები“. თუმცა სუსი არ აკონკრეტებს, რომელი ქვეყნების სპეცსამსახურებზეა საუბარი. უწყების ანგარიშში ასევე არაა დაკონკრეტებული, ვინ იგულისხმება დესტრუქციულ ძალებში.