ახალი ამბები

სუსი ანგარიშში „დესტრუქციულ ძალებზე“ საუბრობს, თუმცა არ აკონკრეტებს

6 ივლისი, 2023 • 1064
სუსი ანგარიშში „დესტრუქციულ ძალებზე“ საუბრობს, თუმცა არ აკონკრეტებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, 2022 წელს საქართველოსთვის ეგზისტენციალურ საფრთხედ კვლავ რჩებოდა რუსული ოკუპაცია და ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ განთავსებული რუსეთის სამხედრო კონტინგენტი.

ამის შესახებ სუს-ის მიერ პარლამენტისთვის წარგდენილ ანგარიშშია საუბარი, რომელიც 2022 წელს ქვეყნაში არსებულ უსაფრთხოების  გამოწვებებს ეხება.

ანგარიშის თანახმად, 2022 წელს არსებით გამოწვევას წარმოადგენდა უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების სადაზვერვო საქმიანობა. კერძოდ, ე.წ. ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებით მიმდინარეობდა ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის მცდელობები.

ამასთან, სუს-ის ანგარიშის თანახმად, 2022 წელს აქტიური იყო დეზინფორმაციული კამპანიები, რომელიც მიმართული იყო უშუალოდ უსაფრთხოების გარემოს დაზიანებისკენ.

გარდა ამისა, ანგარიშში საუბარია, რომ „საქართველოს გარშემო მიმდინარე რთულ და არაპროგნოზირებად პროცესებს თან ერთვოდა ქვეყანაში დესტრუქციული ძალების მიერ ინსპირირებული შიდაპოლიტიკური დაძაბულობა და მისი გამოწვევების მცდელობები“.

თუმცა სუსი არ აკონკრეტებს, რომელი ქვეყნების სპეცსამსახურებზეა საუბარი. უწყების ანგარიშში ასევე არაა დაკონკრეტებული, ვინ იგულისხმება დესტრუქციულ ძალებში.

„შიდა და გარე აქტორები პატრიოტულ განწყობებზე აპელირებით, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების საწინააღმდეგოდ მიმართულ განცხადებებს ავრცელებდნენ და მოსახლეობას დესტრუქციული, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის დამაზიანებელი ქმედებების განხორციელებისკენ მოუწოდებდნენ.

ქვეყანაში არსებულ უსაფრთხოების გარემოს აზიანებდა მტრულად განწყობილი სუბიექტების მიერ საზოგადოების მეტი პოლარიზიციისკენ მიმართული აქტივობები, კრიტიკულად მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირების შეფერხების მცდელობები, ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობისკენ მოწოდება და სოციალური დესტაბილიზაციის ხელშეწყობა.

დესტრუქციული ძალები, მათ შორის, უცხო ქვეყნის სპეციალურ სამსახურებთან შესაძლო კავშირში მყოფი სუბიექტები, ცდილობდნენ საქართველოს ურთიერთობის დაზიანებას კონკრეტულ სახელმწიფოებთან, დასავლელ პარტნიორებსა და სტრატეგიულ მოკავშირეებთან. რეგიონში მიმდინარე საომარი მოქმედებების გათვალისწინებით მსგავსი აქტივობები საფრთხე უქმნიდა საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას“, – ვკითხულობთ სუს-ის ანგარიშში.

ამასთან, სუს-ის ანგარიშში ქვეყნის უსაფრთხოების გამოწვევების კონტექსტში ნახსენები არაა „გლობალური ომის პარტია“, რომელზეც მმართველი გუნდის წარმომადგენლები მუდმივად საუბრობენ.

კერძოდ, “ქართული ოცნების” პროპაგანდაა, რომ თითქოს არსებობს გლობალური ომის პარტია, რომელშიც შედიან ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, ადგილობრივი და უცხოური მედიასაშუალებები, ოპოზიციონერები, ასევე საქართველოს დასავლელი მეგობრები, ევროპარლამენტარები, სენატორები და ა.შ. ამ ყველას კი ერთი მიზანი ამოძრავებთ – ცდილობენ, საქართველო ჩართონ რუსეთის წინააღმდეგ ომში მეორე ფრონტად.

თუმცა მსგავსი რამის შესახებ სუს-ის ანგარიშში საუბარი არაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი