საზოგადოება

სუსი სახელმწიფო გადატრიალების მორიგი შეთქმულების შესახებ იუწყება

18 სექტემბერი, 2023 • 11759
სუსი სახელმწიფო გადატრიალების მორიგი შეთქმულების შესახებ იუწყება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მორიგი სახელმწიფო გადატრიალების შეთქმულების შესახებ იუწყება. სუს-ის განცხადებით, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში „ევრომაიდნის“ მსგავსი სცენარის განხორციელება იგეგმება.

სუს-ის მტკიცებით, საქართველოში დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობისა და ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლის ერთ-ერთი ავტორია ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე და მის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული წარმოშობის მქონე პირები, მათ შორის არიან მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და სააკაშვილის ახლო გარემოცვის წევრი, უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი.

როგორც სუსი აცხადებს, აღნიშნული გეგმის განხორციელება იგეგმება უცხო ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით.

„დესტრუქციული პროცესების დაწყების თარიღებად შერჩეულია მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდი, როდესაც უნდა გამოქვეყნდეს ევროკომისიის შუალედური და ევროკავშირის საბოლოო დასკვნა. სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად მომზადების შეთქმულთა მოლოდინი გათვლილია იმ გარემოებაზე, რომ გამოქვეყნებული დასკვნა იქნება უარყოფითი, რაც მათ განკარგულებაში არსებული საინფორმაციო ქსელებით, მთავრობისთვის ხელოვნურად დამაგრებული “პრორუსულობის“ ლოზუნგით, შექმნის ნაყოფიერ ნიადაგს საზოგადოებრივი მღელვარებისა და შემდგომი არეულობებისათვის“, – აცხადებს სუსი.

როგორც სუსი აცხადებს, დადასტურებული და გადამოწმებული ინფორმაცია აქვთ, რომ გიორგი ლორთქიფანიძის მიერ შემუშავებული გეგმის შესასრულებლად გამოყენებული იქნება „უკრაინაში მებრძოლი ქართული წარმოშობის საკმაოდ დიდი ჯგუფი და დაინტერესებული მხარის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული ქართველი ახალგაზრდების ნაწილი“, რომელთა გადამზადება-წვრთნა მიმდინარეობს პოლონეთი-უკრაინის სახელმწიფო საზღვრის მიმდებარედ.

„რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი“, რომლის ბირთვსაც შეადგენს ორგანიზაცია „ოტპორი“. სწორედ ამ ორგანიზაციებმა წარსულში მიიღეს აქტიური მონაწილეობა სერბეთში განვითარებულ რევოლუციურ პროცესებში და, შესაბამისად, რეგულარულად გამოიყენებიან სხვადასხვა ქვეყანაში ახალგაზრდების მომზადებასა და დესტრუქციულ პროცესებში ჩართვის მიზნით.

ხსენებული პირების მიერ განიხილება მოვლენათა განვითარების რამოდენიმე სცენარი, რომელიც მოიცავს ეგრეთ წოდებული „კარვების ქალაქის“ მოწყობას, საქართველოში ცენტრალურ გამზირებსა და სტრატეგიულ ობიექტებთან ბარიკადების აღმართვას, სამთავრობო შენობების დაკავება-ბარიკადირებასა და ასევე სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს, რომლებიც შეიცავენ მძიმე პროვოკაციის ელემენტებს. კერძოდ, დადასტურებულად ცნობილია, რომ ორგანიზატორების მიერ განიხილება საქართველოში 2014 წელს უკრაინაში გამართული ,,ევრომაიდნის“ მსგავსი სცენარის განხორციელება“, – აცხადებს სუს-ი.

სუს-ის განცხადებით, მათთვის ასევე ცნობილია, რომ „გიორგი ლორთქიფანიძისა და მიხეილ ბატურინის ორგანიზებით, აქციების მიმდინარეობის ადგილას, კერძოდ, ეგრეთ წოდებული „კარვების ქალაქის“ ტერიტორიაზე, წინასწარ შერჩეულ კარავში შეტანილი იქნება ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომლის აფეთქებაც განზრახული აქვთ დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორებს“.

„აღნიშნულმა მათი დანაშაულებრივი გეგმის მიხედვით უნდა გამოიწვიოს საპროტესტო აქციებში მონაწილე მშვიდობიან მოსახლეობასა და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა რიგებში მსხვერპლი. ტერორისტული აქტის განხორციელების შემთხვევაში, დესტრუქციული ძალები იმედოვნებენ, რომ მოხდება უმისამართო სროლა სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რაც ნოყიერ ნიადაგს შექმნის შემდგომი სამოქალაქო დაპირისპირებისთვის.

გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ ხსენებული პროვოკაციები ორგანიზატორების მიერ პირველად არ დაგეგმილა საქართველოს წინააღმდეგ, თუმცა წარსულში ისინი აღკვეთილ იქნა სამართალდამცავების ეფექტური და პრევენციული რეაგირების მეშვეობით. არსებული მძიმე გეოპოლიტიკური ვითარების გამოწვევების გათვალისწინებით, განსხვავებით წინა შემთხვევებისაგან, ამჟამინდელი გეგმა წარმოადგენს გაცილებით მაღალი რისკის შემცველ ფაქტორს, რომელიც საფრთხეს უქმნის როგორც ქვეყნის უსაფრთხოებას, ასევე საქართველოს რიგითი მოსახლეობის სიცოცხლეს, კეთილდღეობასა და ჯანმრთელობას“, – აცხადებს სუსი.

როგორც სუსი აცხადებს, აღნიშნული „რისკების გასანეიტრალებლად“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სხვა კომპეტენტურ უწყებებთან კოორდინაციაში ახორციელებს და განახორციელებს ყველა საჭირო პრევენციულ ღონისძიებას.

მათივე განცხადებით, დამატებითი ოპერატიული ინფორმაციის მიღების მიზნით, სამსახური ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით მიმართავს პარტნიორი ქვეყნების შესაბამის უწყებებს.

ჯერჯერობით სუსს არ წარმოუდგენია ზემოხსენებული შეთქმულების გეგმის არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს „დესტრუქციულ ძალების“ მხრიდან მოსალოდნელ რევოლუციურ სცენარებსა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის შესახებ აქამდეც არაერთხელ განუცხადებია და გამოძიებაც დაუწყია.

უფრო კონკრეტულად, “ქართული ოცნების” ხელისუფლება ოპოზიციის მხრიდან სახელმწიფო გადატრიალების შეთქმულებებზე 2014 წლიდან საუბრობს აქტიურად, როდესაც შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე იყო. ჭიკაიძემ 2014 წელს განაცხადა, რომ ენმ “ევრომაიდნის სცენარზე” მუშაობს და დაწყებული იყო საბურავების მომარაგება.

ჭიკაიძიდან გახარიამდე – ამბოხება/გადატრიალების საქმეების სპირალი

სუს-ი „დესტრუქციულ ძალებზე“ საუბრობს თავის ბოლო – 2022 წლის ანგარიშშიც. ანგარიშში საუბარია, რომ „საქართველოს გარშემო მიმდინარე რთულ და არაპროგნოზირებად პროცესებს თან ერთვოდა ქვეყანაში დესტრუქციული ძალების მიერ ინსპირირებული შიდაპოლიტიკური დაძაბულობა და მისი გამოწვევების მცდელობები“. თუმცა სუს-ი არ აკონკრეტებს, რომელი ქვეყნების სპეცსამსახურებზეა საუბარი. უწყების ანგარიშში ასევე არაა დაკონკრეტებული, ვინ იგულისხმება დესტრუქციულ ძალებში.

სუსი ანგარიშში „დესტრუქციულ ძალებზე“ საუბრობს, თუმცა არ აკონკრეტებს

მასალების გადაბეჭდვის წესი