ახალი ამბები

სუსი: მოქალაქეები განზრახ თუ გაუცნობიერებლად თანამოაზრეებს რევოლუციისკენ მოუწოდებენ

3 ნოემბერი, 2021 • 2070
სუსი: მოქალაქეები განზრახ თუ გაუცნობიერებლად თანამოაზრეებს რევოლუციისკენ მოუწოდებენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს და „დესტრუქციულ ძალებს“ დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისგან თავის შეკავებისა და სამართლებრივ ჩარჩოებში დარჩენისკენ მოუწოდებს.

უწყების განცხადებით, ბოლო დროს სოციალურ ქსელებსა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში სხვადასხვა პირის მიერ ვრცელდება დანაშაულის ნიშნების შემცველი შინაარსის საჯარო განცხადებები:

„მოქალაქეები, განზრახ თუ გაუცნობიერებლად, პირდაპირ მოუწოდებენ თანამოაზრეებს რევოლუციისა და ხელისუფლების დამხობისკენ, მათ შორის ძალადობრივი გზებით. მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, ან/და ასეთი მოწოდების შემცველი მასალის გავრცელება, აგრეთვე, ამავე მიზნით შეიარაღებისაკენ მოწოდება, წარმოადგენს დანაშაულებრივ ქმედებას, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლით და ისჯება 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

Ⴑახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელებს კანონით გათვალისწინებულ ყველა სამართლებრივ ღონისძიებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დასაცავად და სახელმწიფო ხელისუფლების არაკონსტიტუციური, ძალადობრივი გზით შეცვლის თავიდან ასაცილებლად. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დესტრუქციულ ძალებს, თავი შეიკავონ დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისგან და დარჩნენ სამართლებრივ ჩარჩოებში“, – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 29 ოქტომბერს განაცხადა, რომ დაიწყეს გამოძიება “სახელმწიფო შეთქმულების ფაქტზე”. უწყებაში აცხადებენ, რომ საქმის ფიგურანტები გეგმავენ, ხელი შეუშალონ სააკაშვილის ციხის კლინიკაში გადაყვანას იმ შემთხვევაში, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება.

უწყების მტკიცებით, საქმის ფიგურანტები გეგმავდნენ, სხვადასხვა საშუალებებით მოეხდინათ გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულების გზების ბლოკირება და ამ გზით ხელი შეეშალათ მისი ეტაპირების პროცესისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი