ლიეტუველი ევროპარლამენტარის, Renew Europe Group-ის წევრ პეტრას აუსტრევიჩიუსის განცხადებით, ეროვნული ბანკის მიერ სანქციების აღსრულების წესის შეცვლის მსგავსი გადაწყვეტილებები არის მიზეზი, რის გამოც ევროპაში სულ უფრო მეტად ეპარებათ ეჭვი საქართველოს მიერ სანქციების რეალურად განხორციელებაში.
„ცოტა შოკში ვიყავი საქართველოს ცენტრალური ბანკის თავდაპირველი გადაწყვეტილებით. მერე ვნახე, რომ ძალიან სერიოზულმა და ერთგულმა ხალხმა დატოვა ბორდი. არ უნდა ხდებოდეს ეროვნული ბანკის ზოგიერთი გადაწყვეტილების პერსონალიზაცია. თუ ისეთ სერიოზულ ინსტიტუტს, როგორიცაა ეროვნული ბანკი, მოვარგებთ გარკვეულ პიროვნებებს, — ჩემი აზრით, პოლიტიკური მოსაზრებების გამო, — მაშინ ეროვნული ბანკი ვერ შეინარჩუნებს თანმიმდევრულობას“, — განაცხადა აუსტრევიჩიუსმა საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) მიერ ორგანიზებულ ონლაინ-შეხვედრაზე, თემაზე „როგორ გავაძლიეროთ საქართველოს თავსებადობა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან“.
ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი ვერ შეცვლის თავის პოლიტიკას და გაწევრიანების მსურველი საქართველო უნდა მოვიდეს თანხვედრაში ევროკავშირის პოლიტიკასთან.
მას შემდეგ, რაც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოთარ ფარცხალაძისთვის ანგარიშების შესაძლო დაყადაღებას არაკონსტიტუციური უწოდა, ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმის შესრულების წესი შეცვალა და ბანკებს აუკრძალა სანქციების აღსრულება საქართველოს იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომელთა მიმართაც ადგილობრივი სასამართლოების ძალაში შესული განაჩენი არ არის დამდგარი.
რამდენიმე ბანკმა გუშინვე განაცხადა, რომ ისინი დარჩებიან საერთაშორისო სანქციებთან თანხვედრაში. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ კი თქვა, რომ ბანკებს არ აქვთ უფლება არ დაემორჩილონ რეგულატორის მიერ დაწესებულ წესებს.
20 სექტემბერსვე ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ბანკის საბჭო სამმა წევრმა დატოვა. პოსტიდან წავიდა ბანკის მრჩეველიც.