ახალი ამბები

აუსტრევიჩიუსი სირაძისა და “ხარებასთვის” სანქციების დაწესებას ითხოვს

23 აპრილი, 2024 • 1313
აუსტრევიჩიუსი სირაძისა და “ხარებასთვის” სანქციების დაწესებას ითხოვს

ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი ითხოვს, სანქციები დაუწესდეს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, ვაჟა სირაძესა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს, ზვიად ხარაზიშვილს, იგივე “ხარებას”.

ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აუსტრევიჩიუსმა განაცხადა, რომ ეს ადამიანები ეწინააღმდეგებიან ქართველი ხალხის ნებას და აკავებენ მშვიდობიანი დემონსტრაციის მონაწილეებს.

“საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ავალდებულებს პოლიტიკური რეფორმების გატარებას. მცდელობა, რომ რეპრესიული კანონი გამართლდეს დასავლური პრაქტიკით, უბრალოდ პათეტიკურია. ეს კანონი არის რუსულ ავტორიტარიზმთან დაახლოება. ამავე დროს, მე მივესალმები საქართველოს მოსახლეობის ოპოზიციურ განწყობას და სამოქალაქო აქტივიზმს დასავლური მომავლის დასაცავად.

კოლეგებო, გამოვიყენებ ამ შესაძლებლობას და მოვუწოდებ ევროკავშირის ინსტიტუტებს, გამოიყენონ მიზნობრივი სანქციები იმ ადამიანბეის მიმართ, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს და ორგანიზებას უწევს მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავებას. კერძოდ, ზვიად ხარაზიშვილი და ვაჟა სირაძე. ეს ადამიანები მოქმედებენ ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ”, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ “ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის განმეორებით მიღების მცდელობა არის მაგალითი იმისა, თუ როგორ ცდილობს საქართველოს ხელისუფლება წინასაარჩევნოდ მედიის გაჩუმებას.

სიტყვით გამოსვლის დასაწყისში აუსტრევიჩიუსმა  მადლობა გადაუხადა პარტია “ახალის” თანადამფუძნებელ ნიკა გვარამიას, რომელიც ესწრებოდა ევროპარლამენტში დებატებს საქართველოს შესახებ. ევროპარლამენტარმა გვარამიას მადლობა გადაუხადა “თავდადებისა და საქართველოს უკეთესი მომავლისთვის ბრძოლისთვის”.


დღეს, 23 აპრილს ევროპარლამენტში გაიმართა დებატები საქართველოს შესახებ. სესიის სახელწოდება იყო “საქართველოში უცხოელი გავლენის აგენტების შესახებ კანონის მიღების ხელახალი მცდელობა და მისი გავლენა სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაზე”.

ამავე დღეს ევროპარლამენტში დაინიციირდა რეზოლუცია “საქართველოში უცხოელი აგენტების კანონის ხელახალი შემოღების მცდელობისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვების შესახებ”. რეზოლუციის ავტორების შეფასებით, კანონი საკამათოდ მიიჩნევა და ხელისუფლებას დამოუკიდებელი ხმების დისკრედიტაციისა და შეზღუდვის მძლავრ ინსტრუმენტს აძლევს. ამასთან, საფრთხეს უქმნის პრესისა და გამოხატვის თავისუფლებას და შეამცირებს საზოგადოებრივი ცხოვრების ნამდვილ გამჭვირვალობას საქართველოში. რეზოლუციის კენჭისყრა 25 აპრილს გაიმართება

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი