საზოგადოება

ვინც ფარცხალაძესთან ტრანზაქციებს ახორციელებს, თავს სანქცირების რისკის ქვეშ აყენებს — სახდეპი

20 სექტემბერი, 2023 • 1064
ვინც ფარცხალაძესთან ტრანზაქციებს ახორციელებს, თავს სანქცირების რისკის ქვეშ აყენებს — სახდეპი

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი „სამწუხაროს“ უწოდებს საქართველოს ეროვნული ბანკის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, ბანკმა „დაუშვა გამონაკლისი“, რომელიც აღარ ავალდებულებს საქართველოს კომერციულ ბანკებს, სანქციები გაავრცელონ საქართველოს მოქალაქეებზე.

“ამერიკის ხმისთვის” მიცემულ წერილობით კომენტარში სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს:

„ვწუხვართ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების გამო. დაწესებულებები და ინდივიდუალური პირები, რომლებიც ახორციელებდნენ ტრანზაქციებს ფარცხალაძესთან ან რუსეთთან დაკავშირებით ჩვენ მიერ სანქცირებულ სხვა პირებთან, საკუთარ თავს სანქცირების რისკის ქვეშ აყენებენ”.

ამერიკის დიპლომატიური უწყება ასევე დასძენს, რომ “საქართველოს საბანკო სისტემა ერთ-ერთი საუკეთესო მიღწევა არის საქართველოს დემოკრატიულ ისტორიაში. დამოუკიდებელი ეროვნული ბანკი ნებისმიერი ქვეყნის ჯანსაღი ეკონომიკის ქვაკუთხედია“.

სახელმწიფო დეპარტამენტმა კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რის გამო მოხვდა საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე რუსეთთან დაკავშირებული სანქციების სამიზნე.

„14 სექტემბერს შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ქართველ-რუს ოლიგარქს ოთარ ფარცხალაძეს, რომელიც მუშაობდა „ეფ-ეს-ბე“-სთან [რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური], რათა გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ. [სანქციები დაუწესდა] აღმასრულებელი ბრძანება 14024-ის საფუძველზე, რომელიც სანქცირების ავტორიზაციას გასცემს რუსეთის ფედერაციის მთავრობის კონკრეტულ საზიანო უცხოურ საქმიანობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტმა.

რა ხდება

მას შემდეგ, რაც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ოთარ ფარცხალაძისთვის ანგარიშების შესაძლო დაყადაღებას არაკონსტიტუციური უწოდა, ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმის შესრულების წესი შეცვალა. ეს 19 სექტემბერს მოხდა.

ბრძანებას სებ-ის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა აწერს ხელს.

ცვლილებების თანახმად, სანქციათა რეჟიმი საქართველოს მოქალაქეზე იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი. იმავე პრინციპით გავრცელდება სანქციათა რეჟიმი იმ იურიდიულ პირზე, რომლის წილსაც სანქცირებული საქართველოს მოქალაქე ფლობს.

ზემოხსენებული გადაწყვეტილება ნიშნავდა, რომ ფარცხალაძეს ანგარიშებზე წვდომა უნარჩუნდებოდა.

20 სექტემბერს, სებ-ის ამ გადაწყვეტილების შემდეგ, თანამდებობიდან წასვლის შესახებ ეროვნული ბანკის სამმა ვიცე-პრეზიდენტმა და პრეზიდენტის მრჩეველმა განაცხადა. ამასთან, საქართველოში მოქმედმა არაერთმა მსხვილმა ბანკმა თქვაა, რომ ისინი საერთაშორისო სანქციებთან შესაბამისობაში რჩებიან.

საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგი გამართა, რომლის დროსაც ნათია თურნავას გადადგომა მოითხოვა, დასძინა რა, რომ ამ უკანასკნელმა ვერ დაიცვა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა.

ვნებათაღელვის ფონზე, დღის ბოლოს, იუსტიციის სამინისტრომ თქვა, რომ უწყებაში შემავალმა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა.

უწყება აცხადებს, რომ დასკვნა ხელმოსაწერად გადაგზავნილია საქართველოს პრეზიდენტთან.

იუსტიციის სამინისტრო კვლავ არ აკონკრეტებს, როდის მიიღო ოთარ ფარცხალაძემ რუსეთის მოქალაქეობა და რატომ არ შეუწყვიტეს მას მაშინვე ავტომატურად საქართველოს მოქალაქეობა, რასაც კანონმდებლობა ითვალისწინებს.

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, ფარცხალაძემ რუსეთის მოქალაქის პასპორტი 2021 წლის 24 თებერვალს მიიღო, მოქალაქეობის მიღების შემდეგ კი, 2 წლის განმავლობაში, რუსეთში მნიშვნელოვანი ოდენობისა და ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება შეიძინა.

რას ცვლის ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა?

ბანკები შეძლებენ მის მიმართ დაწესებული საერთაშორისო სანქციების თავისუფლად აღსრულებას. თუმცა წესი ძალაში რჩება და თუ საერთაშორისო სანქციები მომავალში საქართველოს სხვა მოქალაქეებსაც შეეხებათ, ეროვნულ ბანკს ექნება ბერკეტი, რომ ბანკებს მოსთხოვოს, არ აღასრულონ მათ მიმართ შეზღუდვები.

რის გამო დაასანქცირეს ფარცხალაძე

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ფარცხალაძისთვის სანქციების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება 14 სექტემბერს გამოაქვეყნა.

აშშ-ის ხაზინის თანახმად, ფარცხალაძეს, როგორც თავის თანამოაზრეს, სავარაუდოდ, „ეფესბეს“ ოფიცერი ალექსანდრე ონიშჩენკო დაეხმარა რუსული პასპორტის და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაში.

„ონიშჩენკომ და FSB-მ გამოიყენეს ფარცხალაძე ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეოდ გავლენისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა მისი კავშირებით „ეფესბესთან“, – წერს აშშ-ის ხაზინა.

ოთარ ფარცხალაძემ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნისას, 2013 წელს დაიკავა მთავარი პროკურორის პოსტი.

ფარცხალაძის კანდიდატურა მთავარი პროკურორის პოსტზე 2013 წლის ნოემბერში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს იმდროინდელმა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარუდგინა.

მან ამ თანამდებობაზე ყოფნა მხოლოდ 47 დღის განმავლობაში შეძლო. ოპოზიციამ გაასაჯაროვა ცნობები, რომლის მიხედვითაც, ფარცხალაძე 2000-იანი წლების დასაწყისში ბოტასის ქურდობისთვის იყო გასამართლებული.

ნასამართლობის ფაქტი ფარცხალაძემაც დაადასტურა, თუმცა მან თქვა, რომ გერმანიის მართლმსაჯულება არა ქურდობას, არამედ პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდა. ამ სკანდალის შემდეგ ფარცხალაძემ თანამდებობა დატოვა და ოფიციალური ცნობებით, ბიზნესსაქმიანობა დაიწყო.

„ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ინტერვიუთი ცნობილი გახდა, რომ მისი შვილი, ბერა ივანიშვილი, ფარცხალაძის შვილიშვილის ნათლიაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი