ახალი ამბები

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი პაპუნა ლეჟავა თანამდებობას ტოვებს

20 სექტემბერი, 2023 • 3246
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი პაპუნა ლეჟავა თანამდებობას ტოვებს

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი და ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა თანამდებობას ტოვებს. თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება პაპუნა ლეჟავამ Facebook-ზე თავად გამოაქვეყნა.

პაპუნა ლეჟავას განცხადება 20 სექტემბრით თარიღდება და დროში ემთხვევა ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. კერძოდ, მას შემდეგ, რაც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოთარ ფარცხალაძისთვის ანგარიშების შესაძლო დაყადაღებას არაკონსტიტუციური უწოდა, ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმის შესრულების წესი შეცვალა. ცვლილებები ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 8 აგვისტოს ბრძანებაში  19 სექტემბერს შევიდა.

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, პაპუნა ლეჟავა აშშ-ში წავიდა.

პაპუნა ლეჟავას გადადგომასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ, რომელმაც არ უარყო, რომ მისი წასვლა სებ-ის მიერ 19 სექტმბერს მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირდება.

„ძალიან სამწუხაროა, რადგან კარგი პროფესიონალი არის და ამდენი წელი მუშაობდა ეროვნულ ბანკში. შეიძლება სხვადასხვა პიროვნებას ჰქონდეს თავის შეხედულებები ამა თუ იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩემთვის ეჭვგარეშეა, რომ როცა საქმე ეხება ეროვნული ბანკის მიერ საქართველოს კონსტიტუციის აღსრულებას და მასთან შესაბამისობას და საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებების დაცვას, აქ ორი აზრი არ უნდა არსებობდეს. აქ ჩემი პოზიცია არის ნათელი და შეუქცევადი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ამჟამად ეროვნული ბანკის საბჭოში 7 წევრია.  ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი შვიდი წლის ვადით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

პაპუნა ლეჟავა ეროვნული ბანკის საბჭოში 2018 წლის დეკემბერში აირჩიეს და მას უფლებამოსილების ვადა 2025 წლის დეკემბრამდე ჰქონდა.


მას შემდეგ, რაც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოთარ ფარცხალაძისთვის ანგარიშების შესაძლო დაყადაღებას არაკონსტიტუციური უწოდა, ეროვნულმა ბანკმა სანქციათა რეჟიმის შესრულების წესი შეცვალა. ცვლილებები ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 8 აგვისტოს ბრძანებაში  19 სექტემბერს შევიდა.

მას სებ-ის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა აწერს ხელს.

ყოფილი გენერალური პროკურორისთვის სანქციების დაწესების გადაწყვეტილება ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 14 სექტემბერს გამოაქვეყნა. ირაკლი კობახიძემ კი გუშინ, 18 სექტემბერს განაცხადა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან ფარცხალაძისთვის ანგარიშების გაყივნა კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოვიდოდა.

ის ამბობდა, რომ ეროვნულ ბანკს შეუძლია უცხო ქვეყნის მოქალაქეს შეუზღუდოს კომერციული ან სხვა ტიპის საქმიანობა, თუმცა საქართველოს მოქალაქე კონსტიტუციით განსაკუთრებულადაა დაცული.

სებ-ის ბრძანებით მიღებული ცვლილებებიც სწორედ იმას განსაზღვრავს, თუ რა შემთხვევაში უნდა გავრცელდეს სანქციათა რეჟიმი საქართველოს მოქალაქეზე.

კერძოდ, ცვლილებების თანახმად, სანქციათა რეჟიმი საქართველოს მოქალაქეზე იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი. იმავე პრინციპით გავრცელდება სანქციათა რეჟიმი იმ იურიდიულ პირზე, რომლის წილსაც სანქცირებული საქართველოს მოქალაქე ფლობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი