საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის ემზადება. იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას დაადგენს, მაშინ პარლამენტმა მის იმპიჩმენტს უნდა უყაროს კენჭი.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხზე კენჭისყრა ფარულია. მიუხედავად მმართველი პარტიის მტკიცებისა, რომ არ აპირებენ, იმპიჩმენტის მხარდასაჭერად საპარლამენტო ოპოზიციიდან დეპუტატები გადაიბირონ, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწოდებენ, იმპიჩმენტის კენჭისყრის დროს სხდომათა დარბაზში საერთოდ არ შევიდნენ.
დღეს, 14 სექტემბერს, ენმ-ის პოლიტსაბჭომ პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ოფიციალურად მიიღო. პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს და საკითხის განხილვისას დარბაზში არ შევა.
„იმისთვის, რომ გამოირიცხოს ყოველგვარი ინსინუაციები, ყოველგვარი სპეკულაციები, იმისთვის, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია იყოს მტკიცე, ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ ივანიშვილის ბინძურ თამაშში, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის ევროპული არჩევანის საბოტაჟირებას ემსახურება. სწორედ ამ მიზნით, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ არ იქნება დარბაზში მაშინ, როდესაც ივანიშვილი გაითამაშებს იმპიჩმენტად წოდებულ პროცესს“, – განაცხადა ენმ-ის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ.
ამასთან, პარტიაში ამბობენ, რომ პასუხისმგებლობას მხოლოდ მათი ფრაქციის წევრებზე იღებენ და არა მათზე, ვინც პარლამენტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ბლოკის სიით მოხვდნენ და ახლა ენმ-ის ფრაქციაში არ არიან. ასეთი დეპუტატებს შორის არიან ნიკა მაჭუტაძე, ნატო და როსტომ ჩხეიძეები, რომლებიც პარლამენტში ენმ-ის ბლოკის სიით შევიდნენ და რამდენიმე თვის წინ მხარი დაუჭირეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად „ქართული ოცნების“ კანდიდატების არჩევას.
თუმცა ხსენებულ დეპუტატებს პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით საჯაროდ აქვთ პოზიცია დაფიქსირებული, რომ არ აპირებენ ამ საკითხს მხარი დაუჭირონ.
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, ნიკა მაჭუტაძის თქმით, თუ იმპიჩმენტის კენჭისყრაზე არდასწრება საერთო ოპოზიციური გადაწყვეტილება იქნება, დარბაზში არც თავად შევა.
„შესვლა/არშესვლა კი არ არის მთავარი, მთავარი არის ის, რომ არავინ დაუჭიროს მხარი იმპიჩმენტს. ამას მოვუწოდებ მე ოპოზიციას და თუ საერთო ოპოზიციური გადაწყვეტილება იქნება, რასაკვირველია, მეც არ შევალ დარბაზში. ვფიქრობ, რომ ეს იმპიჩმენტის პროცესი, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ინსტიტუციურ წესრიგს, არის დასაგმობი ყველა იმ ძალისა და ცალკეული ინდივიდის მიერ, რომელიც მკაფიოდ იზიარებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის აუცილებლობას“, – განუცხადა ნეტგაზეთს ნიკა მაჭუტაძემ.
მსგავსი პოზიცია აქვს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფ „თავისუფლებსაც“, რომლის წევრებიც ნატო და როსტომ ჩხეიძეები არიან. ნატო ჩხეიძის თქმით, იმპიჩმენტისთვის ხმის არმიცემა გადაწყვეტილი აქვთ და ამას რა ფორმით გააკეთებენ, კონსულტაციების მერე გადაწყვეტენ.
„საერთოდ, ჩვენ ვიქცევით ხოლმე საერთო გადაწყვეტილების მიხედვით, როცა ასეთი პრინციპული საკითხია. ალბათ, გავივლით მაგ საკითხს და საერთო გადაწყვეტილება თუ იქნება, ცხადია, ასეც მოვიქცევით, რომ არ შევალთ. თუ იქნება გადაწყვეტილება, რომ შევიდეთ და დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, ჩემი პოლიტიკური ჯგუფის პოზიცია ასეთია – იმპიჩმენტს არ დავუჭერთ მხარს, მაგრამ ეს იქნება სესიაზე არშესვლით თუ ხმის არმიცემით, ალბათ, მაინც წინა დღეს გადაწყდება“, – განუცხადა ნეტგაზეთს ნატო ჩხეიძემ.
პარტია „ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ კენჭისყრაზე არდასწრების ინიციატივა მათთვის გასაგებია და პრობლემა არ აქვთ, რომ იმპიჩმენტის კენჭისყრის დროს დარბაზში არ შევიდნენ.
„დღეს სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი არის ევროპული დღის წესრიგის საბოტაჟის შემადგენელი ნაბიჯი, ამიტომ ნებისმიერი ოპოზიციონერი, რომელიც მხარს დაუჭერს იმპიჩმენტს, ჩართული იქნება „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ევროპული დღის წესრიგის საბოტაჟში და დარწმუნებული ვარ, ამისთვის აღებული ექნება ანაზღაურება, რადგან პირდაპირი გზით მოსყიდვის გარეშე, არ მჯერა, რომ პარლამენტში მოიძებნება ოპოზიციონერი დეპუტატი, რომელიც ამას მხარს დაუჭერს. კენჭისყრა არის ფარული, ამიტომ ინიციატივა, რომ ოპოზიცია საერთოდ არ დაესწროს კენჭისყრას, გასაგებია. ჩვენ არ გვაქვს პრობლემა, თუ ამაზე ოპოზიცია შეთანხმდება, ჩვენ არ დავესწრებით კენჭისყრას”, – განაცხადა სამადაშვილმა.
თუმცა საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილისთვის ენმ-ის მოწოდება შეურაცხმყოფელია. როგორც საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “რეფორმების ჯგუფის” წევრი თეონა აქუბარდია ამბობს, მსგავსი უნდობლობა ოპოზიციას არ აძლიერებს.
„მე დარწმუნებული ვარ იმაში, თუ რა გადაწყვეტილებას მივიღებ და არ მიმაჩნია სწორად, რომ თუ დარბაზიდან ვინმემ არ გაგვიყვანა, ამით სანდოობის საკითხი შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს. მესმის, რომ ფარულია [კენჭისყრა], მაგრამ მე პირადად მოწოდება, რომ დარბაზი დავტოვოთ, რადგან არ არიან დარწმუნებული ჩემს გადაწყვეტილებაში, სიმართლე გითხრათ, შეურაცხმყოფელი მგონია. იმიტომ, რომ უნდობლობა არ აძლიერებს ოპოზიციას“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ წევრი ხატია დეკანოიძეც ფიქრობს, რომ ოპოზიციის შიგნით ერთმანეთის უნდობლობა საზოგადოების თვალში მათ სანდოობას აზიანებს. როგორც დეკანოიძე ამბობს, „ევროოპტიმისტები“ იმპიჩმენტის საკითხის განხილვას დაესწრებიან.
„[იმპიჩმენტის კენჭისყრაზე] არშესვლა საკუთარი პოლიტიკური ჯგუფის ან ფრაქციის წევრების უნდობლობაა. თუ ერთმანეთის არ გვჯერა, საზოგადოებას როგორ დავაჯერებთ, რომ სანდოობა გვაქვს. განხილვას დავესწრებით. იმედია, პრეზიდენტიც გამოიყენებს სიტყვის შესაძლებლობას და, რა თქმა უნდა, წინააღმდეგ მივცემთ ხმას“, – განუცხადა ნეტგაზეთს ხატია დეკანოიძემ.
პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას სხდომათა დარბაზში დაესწრებიან პარტიის „საქართველოსთვის“ წევრებიც.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, შევალთ და, რა თქმა უნდა, წინააღმდეგ მივცემთ ხმას. „ნაცმოძრაობა“ თუ საკუთარ დეპუტატებს არ ენდობა და ვერ აკონტროლებს, მათი პრობლემაა“, – განუცხადა ნეტგაზეთს პარტიის „საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა.
„მოქალაქეების“ წევრი ალეკო ელისაშვილი კი ამბობს, რომ მის პარტიაში საკუთარ თავში დარწმუნებულები არიან და თუ ვინმემ საპარლამენტო ოპოზიციიდან პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს, ის სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებიდან შეიძლება იყოს.
„ჩვენი პარტიის წარმომადგენლები აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ საკუთარ თავში და იმაში, რომ ხელი არ გაგვექცევა მწვანე ღილაკისკენ, განსხვავებით ზოგიერთისგან, რომელსაც ხელი გაექცა და მერე ადგა და დარბაზიდან გაიქცა, იმდენად თავის თავს არ ენდობოდა[…] „ნაციონალური მოძრაობა“, ერთი მხრივ, ზურაბიშვილს და, მეორე მხრივ, „ქართულ ოცნებას“ ევაჭრება როგორც შეუძლია. მათთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნაა. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ან ნაწილი მაინც მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ მხარი დაუჭირონ პრეზიდენტის იმპიჩმენტს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
პარტია „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ იმპიჩმენტის საკითხის კენჭისყრისას სხდომათა დარბაზში შევლენ და სხვა კოლეგებს დააკვირდებიან, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ.
„ჩემთვის ამ პროცესს რომ ინტერესი მიეცეს, ვაპირებ, სანაძლეო დავდო, რომ პრეზიდენტს ვერ გადააყენებენ. ვაპირებ, რომ დავდო მილიონი ქართული დოლარი – ეს არის „გირჩის“ ციფრული ვალუტა. ვინც დამენიძლავება, შეუძლია დამენიძლაოს იგივე ღირებულების ამერიკულ დოლარზეც. შესაბამისად, დარბაზში უნდა ვიყო, რომ საკუთარ მოგებას თვალებში ჩავხედო. გადაბირების რისკი არსებობს, ამიტომ ვდებ სანაძლეოს, რომ ინტერესი ჰქონდეს ამ პროცესს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
30 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს.
აღნიშნული განცხადების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტისთვის მთავრობას ევროპაში ვიზიტებზე თანხმობა არ მიუცია. მიუხედავად მთავრობის უარისა, 31 აგვისტოს პრეზიდენტმა ევროპაში ვიზიტები მაინც დაიწყო. სალომე ზურაბიშვილი უკვე იმყოფებოდა ბერლინში, ბრიუსელსა და პარიზში, სადაც გერმანიის, ევროპული საბჭოსა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შეხვდა.
პირველ სექტემბერს კი „ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. პარტიის ლიდერის ირაკლი კობახიძის თქმით, ამის მიზეზია სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური შეხვედრები საზღვარგარეთ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ ამის უფლება არ მისცა.
- მთავრობის უარის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილი ბერლინში ჩავიდა
- მთავრობამ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა ქვეყნებში ვიზიტებზე უარი უთხრა
- შეძლებს თუ არა „ოცნება“ პრეზიდენტის იმპიჩმენტს
- „ოცნება“ პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესს იწყებს
- ვინ (არ) დაუჭერს მხარს პრეზიდენტის იმპიჩმენტს საპარლამენტო ოპოზიციიდან