„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის მხარდასაჭერად ოპოზიციას „ხვეწნას“ არ დაუწყებენ. ამის შესახებ მან დღეს, 2 სექტემბერს, ჟურნალისტებს განუცხადა.
მდინარაძის თქმით, იმპიჩმენტის აღსრულების აზრს ვერც ახლა ხედავენ, თუმცა „ორდღიანი ფიქრისა და მსჯელობის“ შემდეგ გადაწყვიტეს, რომ პრეზიდენტის ქცევა „არ გაეტარებინათ“ და თავიანთი რეაქცია ჰქონოდათ.
„იგივე აზრზე ვარ, რაზეც ვიყავი – იმპიჩმენტის აღსრულების ნაწილში აზრს ვერ ვხედავთ. მიგვაჩნია, რომ დღესაც შეუძლებელია 100 ხმის მობილიზება. ეს ჩვენი ვარაუდი იყო, მაგრამ ახლა უკვე მტკიცებულებებით გამყარდ, ყველა ამბობს, მხარს არ დავუჭერთო. პრაქტიკულად არ დარჩენილა პოლიტიკური ძალა, გარდა „ევროპელი სოციალისტებისა“, რომელსაც 4-კაციანი შემადგენლობა ჰყავს და მათთან ერთად უმრავლესობას 88 ხმის მოგროვება შეუძლია. რასაც ვვარაუდობდით, ისე აღმოჩნდა – ყველა გადაეფარა კონსტიტუციის დარღვევაში.
მათთან[ოპოზიციასთან] კონსულტაციას და ხვეწნას, რომ იქნებ იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით მხარი დაგვიჭიროთ, არ ვაპირებთ. ხვეწნას არ ვაპირებთ, რადგან მათ მკაფიოდ დააფიქსირეს მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილის მიმართ, როდესაც ის არღვევს კონსტიტუციას“,- განაცხადა მდინარაძემ.
„ქართული ოცნება“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ დღეს, 1 სექტემბერს განაცხადა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის გამართვის შემდეგ.
ირაკლი კობახიძის თქმით, ამის მიზეზია სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური შეხვედრები საზღვარგარეთ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ მას ამის უფლება არ მისცა
პრეზიდენტის იმპიჩმენტს პარლამენტის 100 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში 100 დეპუტატი არ არის, შესაბამისად მხოლოდ უმრავლესობა პრეზიდენტის იმპიჩმენტს ვერ შეძლებს.
თუმცა უახლოეს წარსულში არსებობს იმის მაგალითიც, როცა პარლამენტში კენჭისყრა 93-ხმიანი მხარდაჭერით გაიმართა. საუბარია, მაისში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევაზე. როდესაც მიუხედავად საერთო ოპოზიციური განწყობისა, კენჭისყრაში მონაწილეობა უმრავლესობისა და „ევროპელი სოციალისტების“ გარდა კიდევ 4-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა (ნიკა მაჭუტაძემ, ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა და დილარ ხაბულიანმა) მიიღო.
- მთავრობის უარის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილი ბერლინში ჩავიდა
- მთავრობამ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა ქვეყნებში ვიზიტებზე უარი უთხრა
- შეძლებს თუ არა „ოცნება“ პრეზიდენტის იმპიჩმენტს
- „ოცნება“ პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესს იწყებს
- ვინ (არ) დაუჭერს მხარს პრეზიდენტის იმპიჩმენტს საპარლამენტო ოპოზიციიდან