ახალი ამბები

პრეზიდენტი იმპიჩმენტს რეალურად მიიჩნევს და მწყობრი ხედვა აქვს შემდეგ რა შეიძლება გააკეთოს – ელისაშვილი

12 სექტემბერი, 2023 •
პრეზიდენტი იმპიჩმენტს რეალურად მიიჩნევს და მწყობრი ხედვა აქვს შემდეგ რა შეიძლება გააკეთოს – ელისაშვილი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო ოპოზიციის წევრებთან შეხვედრას აგრძელებს. დღეს ის პარტია „მოქალაქეების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შეხვდა.

პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ „მოქალაქეების“ წევრმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი რეალურად მიიჩნევს „ქართული ოცნების“ მიერ მისი იმპიჩმენტისთვის საჭირო ხმების მოგროვებას. თავად ელისაშვილი პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის მხარდაჭერას გამორიცხავს.

ელისაშვილის თქმით, ზურაბიშვილის საკმაოდ მწყობრი ხედვა აქვს თუ რა უნდა გააკეთოს იმპიჩმენტის შემთხვევაში.

„ვისაუბრეთ პრეზიდენტის მოსალოდნელ იმპიჩმენტთან დაკავშირებით. თავად პრეზიდენტი ამას არ გამორიცხავს და სავსებით რეალურად მიიჩნევს, რომ შეიძლება, ეს მოხდეს[…] იმპიჩმენტის შემდეგ რა უნდა გააკეთოს, პრეზიდენტს ამაზეც აშკარად ნაფიქრი აქვს და ეს სასიამოვნო მოსასმენი იყო. საკმაოდ მწყობრი ხედვა აქვს რა შეიძლება გააკეთოს იმპიჩმენტის შემთხვევაში“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანი წითლიძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი იყო. მისი თქმით, ზურაბიშვილის მისი იმპიჩმენტის საკითხი ნაკლებად აღელვებს.

ამასთან წითლიძის თქმით, პრეზიდენტთან შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე არ უსაუბრია. მისი თქმით, სააკაშვილის შეწყალება უმნიშვნელოვანესია, რათა ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, თუმცა იმპიჩმენტის შეწყალების საკითხთან დაკავშირება სპეკულაციაა.

„ჩვენი[ენმ-ის] პოზიცია იმპიჩემენტთან დაკავშირებით არის ის, რომ ჩვენ მხარს არ ვუჭერთ. უფრო მეტიც, რომ დავაზღვიოთ იმპიჩმენტის საკითხი, ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ძალიან მარტივ რაღაც – როდესაც იმპიჩმენტის საკითხი დადგება კენჭისყრაზე პარლამენტში, ოპოზიციის არცერთი წევრი არ უნდა შევიდეს სასესიო დარბაზში და ამით გამორიცხება ყველანაირი სპეკულაცია“, – განაცხადა ანი წითლიძემ.


30 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს.

აღნიშნული განცხადების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტისთვის მთავრობას ევროპაში ვიზიტებზე თანხმობა არ მიუცია. მიუხედავად მთავრობის უარისა, 31 აგვისტოს პრეზიდენტმა ევროპაში ვიზიტები მაინც დაიწყო. სალომე ზურაბიშვილი უკვე იმყოფებოდა ბერლინში, ბრიუსელსა და პარიზში, სადაც გერმანიის, ევროპული საბჭოსა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შეხვდა.

პირველ სექტემბერს კი „ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. პარტიის ლიდერის ირაკლი კობახიძის თქმით, ამის მიზეზია სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური შეხვედრები საზღვარგარეთ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ მას ამის უფლება არ მისცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი