ახალი ამბები

დაიწყო ლუსტრაცია, იმპიჩმენტის მომხრე იქნება ქვეყნის ევროინტეგრაციის წინააღმდეგი – პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

11 სექტემბერი, 2023 • 1909
დაიწყო ლუსტრაცია, იმპიჩმენტის მომხრე იქნება ქვეყნის ევროინტეგრაციის წინააღმდეგი – პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის განცხადებით, ის, ვინც პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს, საქართველოს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ წავა.

ამის შესახებ მან პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომის შემდეგ განაცხადა. აღნიშნულ კომიტეტზე პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის საჭირო კონსტიტუციურ წარდგინებაზე პარლამენტის წევრთა ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურეს. პრეზიდენტის წინააღმდეგ კონსტიტუციურ წარდგინებას ხელს 80 დეპუტატი აწერს.

„დღეიდან დაიწყო ლუსტრაციის პროცესი. ეს დაიწყო ზუსტად ამ ხელმოწერებით, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ არჩევანს, გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. დაიწყო ლუსტრაცია იმის, თუ ვინ იქნება ამის მხარდამჭერი და ვინ აუბამს მხარს ამ პროცესს. ეს არჩევანი განპირობებულია ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანით, რომელიც გამყარებულია ასევე კონსტიტუციით. შესაბამისად ვინც ამის მომხრე [იმპიჩმენტის] იქნება, ის იქნება ქვეყნის ევროინტეგრაციის წინააღმდეგი. „ქართულ ოცნებას“ და უმრავლესობას მოუწევს ამაზე პასუხის გაცემა, თუ რატომ ახორციელებენ როგორც სიტყვით, დღეიდან უკვე, როგორც ჩანს, საქმით, ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი რუსეთის უმაღლესი თანამდებობის პირების მესიჯბოქსს, რომ მათ საქართველოში გარდა პრეზიდენტის აქტივობისა, ყველაფერი აკმაყოფილებთ“, – განაცხადა გიორგი მსხილაძემ.


30 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომ სალომე ზურაბიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს.

აღნიშნული განცხადების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტისთვის მთავრობას ევროპაში ვიზიტებზე თანხმობა არ მიუცია. მიუხედავად მთავრობის უარისა, 31 აგვისტოს პრეზიდენტმა ევროპაში ვიზიტები მაინც დაიწყო. სალომე ზურაბიშვილი უკვე იმყოფებოდა ბერლინში, ბრიუსელსა და პარიზში, სადაც გერმანიის, ევროპული საბჭოსა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შეხვდა.

პირველ სექტემბერს კი „ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. პარტიის ლიდერის ირაკლი კობახიძის თქმით, ამის მიზეზია სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური შეხვედრები საზღვარგარეთ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ მას ამის უფლება არ მისცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი