ახალი ამბები

სახელმწიფო მზადაა კახეთში სეტყვით დაზიანებული ყურძენი შეისყიდოს — ღვინის ეროვნული სააგენტო

3 სექტემბერი, 2023 • 3636
სახელმწიფო მზადაა კახეთში სეტყვით დაზიანებული ყურძენი შეისყიდოს — ღვინის ეროვნული სააგენტო

კახეთში გუშინ, 2 სექტემბერს ძლიერი სეტყვისა და წვიმისგან დაზიანებულ ყურძენს მევენახე ფერმერებისგან სახელმწიფო შეისყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია ღვინის ეროვნულმა სააგენტომ დღეს, 3 სექტემბერს გაავრცელა.

როგორც სააგენტო წერს, 1 კილოგრამ დაზიანებულ ყურძენს 0.90 თეთრად შეიძენს სახელმწიფო საწარმო “მოსავლის მართვის კომპანია”.

“სახელმწიფო საწარმო შპს “მოსავლის მართვის კომპანია” მზად არის მევენახე ფერმერებისგან მიიღოს და გადაამუშაოს სეტყვით დაზიანებული ყურძენი და 1 კილოგრამში 0.90 ლარი გადაუხადოს”, — წერს სააგენტო.

გუშინ, 2 სექტემბერს კახეთის რეგიონში, მათ შორის ყვარლის, თელავის, ახმეტისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ დააზიანა სხვადასხვა სასოფლო სამეურნეო კულტურები, მათ შორის ვენახები.

„ქარბორბალას ტიპის ქარიშხალი იყო თავისი სეტყვით, რამაც დიდი ზიანი მიაყენა სოფელს. ვენახები, ფაქტობრივად, 100%-ით განადგურებულია იმ მონაკვეთში, სადაც ეს სტიქია მოხდა.

ასევე, დაგლიჯა 100-წლოვანი ხეები, ელექტროგადამცემი ხაზების ბოძები არის წაქცეული და დამტვრეული, საცხოვრებელ სახლებს სახურავებს გადახადა და ასევე, საჯარო სკოლასაც გადახდილი აქვს ნაწილობრივ სახურავი”, – განუცხადა „ფორმულას“ ახმეტის მერმა ალექსი ფიცხელაურმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი