ეკონომიკა

ყურძნის სუბსიდირება, თუმცა, არა ღვინისთვის, არამედ ბრენდისთვის

29 აგვისტო, 2022 • 1860
ყურძნის სუბსიდირება, თუმცა, არა ღვინისთვის, არამედ ბრენდისთვის

საქართველოს მთავრობამ ყურძნის სუბსიდირებაზე 2008 – 2021 წლებში 286.6 მილიონი დახარჯა.

ამ პერიოდში (2018-2019 წლების გარდა) ყურძნის პირდაპირი სუბსიდირებისთვის სახელმწიფო ყოველწლიურად რამდენიმე მილიონ ლარს გამოყოფდა. თანხები, ფაქტობრივად, ყოველწლიურად იმატებს.

ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ყურძნის ყოველწლიური სუბსიდია ბაზრის მიმართ არასწორ მოლოდინებს ქმნის, ამას კი ჭარბ წარმოებამდე მივყავართ, ასევე იკლებს ხარისხიც და საბოლოოდ სექტორიც ზარალდება.

თავისი არგუმენტები აქვს სახელმწიფოს, რომელსაც ასევე სურს სუბსიდიის პრაქტიკის დასრულება და იმედოვნებს, რომ 2-3 წელიწადში სექტორს საბიუჯეტო დახმარება აღარ დასჭირდება.

ყურძნის სუბსიდირება, თუმცა, არა ღვინისთვის, არამედ ბრენდისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 15 აგვისტოს განაცხადა, რომ წელს სახელმწიფო ყურძნის სუბსიდირებას მოახდენდა 150 მილიონი ლარით. თუმცა, ღვინის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, ეს თანხა სრულად არ მოხმარდება ყურძნის სუბსიდირებას.

სააგენტოს დირექტორის, ლევან მეხუზლას თქმით, ამ ეტაპზე ყურძნის სუბსიდირებისთვის გამოყოფილი ზუსტი თანხის დასახელება რთულია, თუმცა, წინა წლების გათვალისწინებით, არსებობს ვარაუდი, რომ რქაწითლისა და კახური მწვანის ჯიშების შესყიდვის სუბსიდირებაზე 60-70 მილიონი დაიხარჯება. სწორედ ამ ორი სახეობის ყურძნის შესყიდვას აფინანსებს სახელმწიფო 2022 წელს.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა სუბსიდირების საჭიროება უკრაინაში მიმდინარე ომით ახსნა და თქვა, რომ უკრაინაში ექსპორტი 50%-ით არის შემცირებული. თუმცა, მეხუზლას თქმით, ამ ფაქტორების გათვალისწინებით, საზღვარგარეთ ღვინის საერთო ექსპორტის წილი, ჯამში, მხოლოდ 1%-ით შემცირდა და სუბსიდირების საჭიროება არა ღვინის, არამედ ბრენდის და მისთვის საჭირო სპირტპროდუქციის ექსპორტის შემცირების გამო დადგა.

კერძოდ, ის განმარტავს, რომ საქართველოდან ღვინის ექსპროტი მეტ-ნაკლებად დივერსიფიცირებულია და უკრაინის ბაზრის შემცირების შემდეგაც კი მწარმოებლებმა პროდუქციის სხვა ქვეყნებში გადანაწილება შეძლეს. თუმცა ბრენდის შემთხვევაში ეს ასე არაა და სარეალიზაციო ბაზარი ძირითადად რუსეთს, უკრაინას და ბელორუსს მოიცავს.

უკრაინაში მიმდინარე ომისა და მის გარშემო განვითარებული მოვლენების ფონზე კი, ბოლო 7 თვის მონაცემებით, საბრენდე სპირტის გაყიდვით მიღებული შემოსავლები 36%-ით შემცირდა. რაც შეეხება ბოთლში ჩამოსხმულ ბრენდის, მისი ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები 8%-დეა შემცირებული.

მეხუზლა აღნიშნავს, რომ თეთრი ყურძნის დიდი ნაწილი სწორედ ბრენდის ან მისთვის საჭირო სპირტპროდუქტების საწარმოებლად გამოიყენება. ამ პროდუქციის ექსპორტის მაჩვენებლის შემცირების გამო კი მევენახეები თეთრი ყურძნის გაყიდვას ნაკლებად შეძლებენ.

ლევან მეხუზლა/ ფოტო: FB/ღვინის ეროვნული სააგენტო

მეხუზლას განმარტებით, ვენახი დარგვიდან მესამე წელს იძლევა მოსავალს, სრული ათვისება კი მეხუთე-მეექვსე წელს ხდება. შესაბამისად, ისეთი გაუთვალისწინებელი შემთხვევებისას, როგორიც რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებაა, რაც პროდუქციის ექსპორტზე აისახება, მევენახეებისთვის მიღებული მოსავლის გაყიდვა რთულდება.

“სახელმწიფო ყურძენს ასუბსიდირებს. ანუ სახელმწიფოს ინტერესია, რომ მევენახემ ყურძნის ჩაბარება შეძლოს. ეს არის მთავარი ამოცანა. გაცხადებულია, რომ ყურძენი არ უნდა დარჩეს დაუბინავებელი და უნდა ჩაბარდეს, თუნდაც სუბსიდირების და დახმარებების ხარჯზე.

იმის გამო, რომ ბრენდიზე მოთხოვნა [უკრაინის] ომის გამო შემცირდა, შემცირდა ექსპორტიც, ამიტომ ყურძენზე სუბსიდირება გახდა საჭირო. თუ ბრენდი კარგად გაიყიდება სამომავლოდ და ექსპორტი იმატებს, ყურძნის სუბსიდირება საჭირო აღარ იქნება”, – განმარტავს მეხუზლა “ნეტგაზეთთან”.

როგორ ნაწილდება რთველისთვის გამოყოფილი 150 მილიონი

ლევან მეხუზლა “ნეტგაზეთთან” განმარტავს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან რთველისთვის გამოყოფილი 150 მილიონი ლარი სამ ძირითად კომპონენტს მოხმარდება:

  • პირდაპირ სუბსიდირებას,
  • ჭარბი ყურძნის შესყიდვა-გადამუშავებას,
  • სესხებს საბრუნავ საშუალებებზე.

საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 აგვისტოს განკარგულების თანახმად, ყურძნის ჩამბარებელი ფიზიკური პირებისგან კახეთის რეგიონში მოწეული 1 კგ კახეთის მწვანის ან რქაწითლის შესყიდვის სანაცვლოდ, ღვინის კომპანიებზე სუბსიდია გაიცემა 35 თეთრის სახით. სწორედ ამას გულისხმობს მეხუზლა პირდაპირ სუბსიდირებაში.

გამოყოფილი 150 მილიონიდან თანხის მიღების უფლება აქვთ მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებიც:

  • 2022 წლის რთვლის განმავლობაში შეისყიდიან ან გადაამუშავებენ კახეთის რეგიონში მოწუელ 100 ტონა რქაწითლის ან/და კახური მწვანის ყურძნის ჯიშებს,
  • შესყიდული ყურძნის სანაცვლოდ ყურძნის ჩამბარებელს [მევენახეს] არ გადაუხდის 90 თეთრზე ნაკლებს.

რაც შეეხება ჭარბ ყურძენს, მას შეისყიდის “მოსავლის მართვის კომპანია”, რომელიც სახელმწიფოს კუთვნილებაშია. აღნიშნული კომპანია ჭარბი ყურძნისგან დაამზადებს ღვინოს, გამოხდის სპირტს, შემდეგ დაასაწყობებს მას სახელმწიფო აუქციონზე გაყიდვისთვის.

საბრუნავ საშუალებებზე სესხების გამოყოფა კი გულისხმობს კომპანიებისთვის ყურძნის შესასყიდად სესხის პროცენტის თანადაფინანსებას.

რა პრობლემას შეიცავს ყურძნის სუბსიდირება?

საქართველოს მთავრობა ღვინის სექტორს 2008 წლიდან  უწევს სუბსიდირებას. 14 წლის განმავლობაში მხოლოდ 2018-2019 წლებში არ  მომხდარა ყურძნის პირდაპირი გზით სუბსიდირება. თუმცა, ISET-ის შეფასებით, ამ წლებში ირიბი სუბსიდირება მაინც მოხდა, რადგან სახელმწიფო კომპანია “აკურამ” ორივე წელს შეიძინა პირველადი ჩაბარებების შემდეგ დარჩენილი ჭარბი ყურძენი.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი სალომე დეისაძე განმარტავს, რომ ღვინის სექტორი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მიმართულებაა, თუმცა, მიუხედავად ამისა და  სხვადასხვა ხელშემწყობი პროექტებისა, ყურძნის სუბსიდირება მაინც ყოველწლიურად ხორციელდება

“სუბსიდირება ზოგადად მანკიერი პრაქტიკაა. პირველ რიგში იმიტომ, რომ არასწორ სტიმულებს აჩენს ზოგადად დარგში და მწარმოებლები ხდებიან დამოკიდებული სახელმწიფო სუბსიდირებაზე. ნაკლებ ყურადღებას ამახვილებენ ხარისხზე იმიტომ, რომ იმედი აქვთ, მათ ყურძენს მაინც დაასუბსიდირებს სახელმწიფო. იქნება ეს “აკურას” მიერ შესყიდვა თუ ყურძნის ღირებულების პირდაპირი სუბსიდირება”, – განმარტავს დეისაძე.

ამასთან, დეისაძე სუბსიდირების კიდევ ერთ მანკიერ მხარეზე საუბრობს და ამბობს, რომ კონკრეტული დარგის მუდმივი სუბსიდირებით ის უპირატესობას იძენს სხვა სექტორებთან, რაც ინვესტიციების არაეფექტიან განაწილებას იწვევს, ეს კი საბოლოოდ სხვა სექტორებზე უარყოფითად აისახება.

სალომე დეისაძე

“როცა დარგში ერთი მიმართულებით იდება ინვესტიციები, კონკრეტულ შემთხვევაში საუბარია სუბსიდირებაზე, ეს ავტომატურად ამცირებს იმ თანხას, რომელიც სხვა მიმართულებებზე და დარგებზე შეიძლებოდა დახარჯულიყო.

ანუ სახელმწიფოს მიერ ღვინის სექტორში მიმართული თანხა შეიძლება წასულიყო სხვა მიმართულებებით, იმ სექტორებისკენ, რომლებმაც უფრო მეტად იზარალეს.

სასურსათო გამოწვევების წინაშე დგას უკვე მსოფლიო, საუბარია ხორბლის ბაზრებზე, საუბარია იმაზე, რომ შეიძლება შეიზღუდოს მიწოდება და რაღაც მხრივ ამ პერიოდის განმავლობაში უნდა მოხდეს სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა”, – აღნიშნავს დეისაძე.

გარდა ამისა, მკვლევარი ყურძნის ყოველწლიური წარმოების ზრდას სწორედ სუბსიდირებას უკავშირებს და ამბობს, რომ ამას ჭარბ წარმოებამდე მივყავართ. ანუ მევენახეები მოიყვანენ იმაზე მეტ ყურძენს, ვიდრე ამას ბაზარი მოითხოვს, შემდეგ კი, აღნიშნულ ჭარბ წარმოებას კვლავ სახელმწიფო შეისყიდის, რასაც დეისაძე ირიბ სუბსიდირებად აფასებს.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ნელ-ნელა გამოვიდეს სუბსიდირების რეჟიმიდან და სექტორმა დამოუკიდებლად განვითარება დაიწყოს.

როდის შეძლებს სახელმწიფო სუბსიდირებიდან გამოსვლას

სახელმწიფო სუბსიდიის შემცირების მნიშვნელობაზე საუბრობს “თიბისი კაპიტალის” მკვლევარი, ირინა კვახაძეც. მისი თქმით, ამ ეტაპზე ღვინის სექტორი ძლიერია, თუმცა საჭიროებს კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას. ხოლო ამისთვის საჭიროა ქართული ღვინის იმიჯის მეტად დამკვიდრება ისეთ ბაზრებზე, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები.

ირინა კვახაძის თქმით, აშშ მსოფლიოში ღვინის ყველაზე დიდი იმპორტიორია, საქართველოდან იმპორტირებული ღვინის წილი კი ერთ პროცენტსაც არ სცდება.

ირინა კვახაძე, TBC კაპიტალის კვლევების უფროსი

მისი განცხადებით, სახელმწიფომ კარგი კოორდინატორის როლი უნდა შეითავსოს და კარგად მოუსმინოს სექტორს, თუ რა სჭირდება, და რესურსები სწორად გადაანაწილოს.

“მაგალითად, სუბსიდირება სჯობს თუ ქართული ღვინის ბრენდის შემუშავება და ამის წარმოჩენა”, – ამბობს ის.

თუმცა კვახაძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს როლი არ უნდა იყოს მთავარი და ინიციატივა სექტორიდან უნდა მიდიოდეს:

“სექტორი უნდა იცნობდეს პრობლემას და თავადაც უნდა ჰქონდეს ხედვა, საით უნდა წასვლა”, – განმარტავს კვახაძე.

სუბსიდირებიდან გამოსვლას მნიშვნელოვნად მიიჩნევს ღვინის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ლევან მეხუზლაც და იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს 2-3 წელში ღვინის სექტორს სახელმწიფო სუბსიდირება აღარ დასჭირდება.

“საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანი არის სუბსიდიიდან გამოსვლა. ეს მიზანი გაწერილიცაა ათწლიან გეგმაში, რომელიც შარშან იქნა შემუშავებული, და რომ არა 2020 წლის პანდემია და 2022 წლის გაზაფხულზე ომი, ვფიქრობ, რომ ძალიან ახლოს ვიქნებოდით ამ მიზნამდე. თუმცა კვლავ მოწყვლადი რჩება თეთრი ყურძნის კომპონენტი და იმედი მაქვს, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში, საბოლოო ჯამში, მოხერხდება ამ მიზნის მიღწევა და სახელმწიფოს სრულად გამოსვლა ყურძნის სუბსიდიიდან”, – განმარტავს მეხუზლა.

ის აღნიშნავს, რომ მიმდინარე წელს ღვინის ნაწილში ყურძნის სუბსიდირების საჭიროება არ იდგა, რადგან უკრაინაში ექსპორტის შემცირების მიუხედავად ღვინის ბაზარი დივერსიფიცირებულია და მწარმოებლებმა პროდუქციის სხვა ქვეყნებზე გადანაწილება შეძლეს.

“თუმცა მეც ვისურვებდი, რომ კიდევ უფრო მეტად იყოს ბაზარი დივერსიფიცირებული და ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული ერთ კონკრეტულ ბაზარზე. ესეც არის ჩვენი მიზანი. მათ შორის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და გერმანიის ბაზრების მეტად ათვისება. ბოლო ათწლეულში რუსეთის წილი 80%-დან 57%-მდე შემცირდა. ეს ტენდენცია კიდევ უფრო გაძლიერდება და გაგრძელდება და გეგმა გვაქვს, რომ 40%-იან ნიშნულს ჩასცდეს ერთ ბაზარზე დამოკიდებულება”, – აღნიშნა მან.

“ნეტგაზეთის” კითხვაზე, დასჭირდება თუ არა სექტორს სუბსიდირება მომავალი წლისთვისაც, მეხუზლამ განმარტა, რომ წინასწარ ამის განსაზღვრა რთულია და სუბსიდიის საკითხი რთვლის მოახლოებასთან ერთად ყოველწლიურად დგინდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი