ახალი ამბებისაზოგადოება

ცათამბჯენები „ლაგუნა ვერესთან“ და ვაკეში – კიდევ რას განიხილავს პარასკევს საკრებულო

24 აგვისტო, 2023 • 2295
ცათამბჯენები „ლაგუნა ვერესთან“ და ვაკეში – კიდევ რას განიხილავს პარასკევს საკრებულო

25 აგვისტოს თბილისის საკრებულოს სხდომაა ჩანიშნული. ამ სხდომაზე, სხვა საკითხებთან ერთად, საკრებულომ უნდა გადაწყვიტოს – უჭერს თუ არა მხარს თბილისში რამდენიმე მეგა სამშენებლო პროექტს.

ამ პროექტებს შორის „ლაგუნა ვერესთან“ და ვაკეში დაგეგმილი ცათამბჯენებია, რომელსაც უკვე თვეებია აკრიტიკებს საკრებულოს ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორის ნაწილი. ისინი ამბობენ, რომ აღნიშნული პროექტები საბოლოოდ დაამახინჯებს ქალაქის იერსახეს.

როგორც საკრებულოს დეპუტატი, საბა ბუაძე იუწყება, ხვალ საკრებულომ 6 პროექტი უნდა განიხილოს, რომელთაგან 4 მრავალსართულიანი, მულტიფუნქციური კომპლექსებისა თუ ცათამბჯენების მშენებლობას ეხება.

ესენია:

„ლაგუნა ვერესა“ და აბრეშუმის ქარხნის პროექტი

ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული პროექტი, რომელიც ბოლო თვეებში გასაჯაროვდა – „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ, ყოფილი აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე „ქართუს“ ფონდის მიერ დაგეგმილი ცათამბჯენებია.

„ლაგუნა ვერესთან“ დაგეგმილი ცათამბჯენების ახალი პროექტი.

11 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებულმა ფონდმა „ქართუმ“ „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორია გაყიდა. ამას ადასტურებს შესაბამისი ამონაწერი საჯარო რეესტირდან.

„ლაგუნა ვერეს“ მომავალი მფლობელი „შპს ნეო სითი დეველოპმენტია“. იგივე კომპანიამ განაცხადი შეიტანა „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიისა და ასევე, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის ნაწილის გადაფორმების შესახებ.

ვრცლად ამ პროექტზე წაიკითხეთ:

169-სართულიანი ცათამბჯენი სპორტის ყოფილ უნივერსიტეტთან

30 ივნისს, თბილისის საკრებულომ გეგმარებითი დავალება გასცა ვაკეში,  სპორტის უნივერსიტეტის ტერიტორიასთან, ცათამბჯენის აშენებისთვის.

ეს არის მშენებლობის ნებართვის მოპოვების პროცესის საწყისი ეტაპი.

საუბარია ბიზნესმენ ნოშრევან ნამორაძის კომპანიის გეგმაზე, აქ 169-მეტრიანი მულტიფუნქციური კომპლექსი ააშენოს. ეს ტერიტორია მან ვალდებულებით იყიდა – გაერემონტებინა და აღეჭურვა სპორტის უნივერსიტეტი.

სპორტის უნივერსიტეტთან დაგეგმილი მშენებლობა.

მშენებლობა ნაძალადევში, რომელიც ნინო წილოსანის ოჯახს უკავშირდება

კიდევ ერთი პროექტი, რომელსაც პარასკევს საკრებულომ ან მხარი უნდა დაუჭიროს, ან არა – პარლამენტის დეპუტატ ნინო წილოსანს უკავშირდება.

აქამდე არსებული დოკუმენტაციის თანახმად, თბილისში, ყოფილი ვაგონთმშენის ტერიტორიაზე დეპუტატის ოჯახთან დაკავშირებული კომპანია მულტიფუნქციური კომპლექსის აშენებას გეგმავს. ამ ტერიტორიის განვითარების წინადადების თანახმად, რომელიც რამდენიმე თვის წინ გახდა საჯარო, მაქსიმალური სართულიანობა 33 სართული იქნება – ანუ 117 მეტრის სიმაღლის შენობა. საშუალო სართულიანობა კი 15-20 სართულით განისაზღვრა.

„საპროექტო გზების სპეციფიკაცია არის შემდეგი: ცენტრალური გზები არის 7 -მეტრიანი და გზის ორივე მხარეს 2.5- მეტრიანი ტროტუარები. ასევე, დამატებით გათვალისწინებულია ველობილიკების მოწყობაც. ხოლო მეორეხარისხოვანი გზები იქნება 6- მეტრიანი და ასევე, 2.5- მეტრიანი ტროტუარი ორივე მხარეს“, – წერია დოკუმენტში.

საპროექტო ტერიტორიაზე შენობების 75% იქნება საცხოვრებელი, ხოლო 25% – კომერციული ფართები. ვინაიდან ხდება შენობების ფუნქციური გადანაწილებების ცვლილება კანონით დადგენილი პარამეტრების შესაბამისად (ინდივიდუალური ნაკვეთისთვის მაქსიმუმ 90% საცხოვრებელი და 10 % კომერციული), კომპანია მზადყოფნას გამოხატავს, კანონით დადგენილი შეცვლილი ფუნქციური დანიშნულების 4%-ის შესაბამისი ქონება გადასცეს მუნიციპალიტეტს.

დაგეგმილი მშენებლობის ფოტოესკიზი. ხედი საბურთალოს მხრიდან

მშენებლობა დიღომში

კიდევ ერთი პროექტი, რომელიც საკრებულოს სხდომამ ხვალ უნდა განიხილოს, დიღომში დაგეგმილი კომპლექსია. ამ კომპლექსის შესახებ თვეების განმავლობაში საკრებულოში პროტესტს სწორედ საბა ბუაძე გამოხატავდა.

მშენებლობა დიღომში. წყარო: საბა ბუაძე

საუბარია პეტრე იბერის ქუჩის შესახვევი N13-ზე, სადაც, როგორც დეპუტატი განმარტავს, 100,000 კვ.მ ფართობზე საცხოვრებელი სახლების გაშენება იგეგმება. ამ პროექტზე საუბრისას ბუაძე საკრებულოშიც აცხადებდა, რომ დიღმის ინფრასტრუქტურა ვერ გაუძლებდა ამხელა დანამატს.


საკრებულოს მხარდაჭერა მშენებლობის ნებართვას ავტომატურად არ ნიშნავს. ეს ნიშნავს, რომ საკრებულო თანახმაა, ესა თუ ის ტერიტორია ინვესტორის მიერ წარმოდგენილი ხედვის შესაბამისად განვითარდეს. საბოლოოდ, მშენებლობის ნებართვის მოპოვება პროექტის ავტორებს მერიისგან მოუწევთ – ამ პროცესში შესაძლოა პროექტის გარკვეული დეტალები შეიცვალოს კიდეც.

მასალების გადაბეჭდვის წესი