ახალი ამბები

ვაკეში 169-მეტრიანი კომპლექსის აშენება სურთ, რომელიც City Mall-ზე 2-ჯერ მაღალია

28 ივნისი, 2023 • 3436
ვაკეში 169-მეტრიანი კომპლექსის აშენება სურთ, რომელიც City Mall-ზე 2-ჯერ მაღალია

ვაკეში, სპორტის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე, ინვესტორს 169-მეტრიანი ცათამბჯენის აშენება სურს. შესაბამის საპროექტო წინადადებას 29-30 ივნისს თბილისის საკრებულო განიხილავს.

კომპანია, რომელიც მშენებლობას გეგმავს, „ვი არ ვაკე თაუერსია“ – მისი ერთპიროვნული დირექტორი და მფლობელი „ოცნების“ შემწირველი ბიზნესმენი ნოშრევან ნიორაძეა.

ამ გეგმის შესახებ საკრებულოს დეპუტატმა და პარტია „ლელოს“ წევრმა, საბა ბუაძემ დაწერა.

დოკუმენტაციის თანახმად, მუტლტიფუნქციური კომპლექსი მოიცავს როგორც კომერციულ, ასევე საცხოვრებელ ფართებს. შენობას ასევე ექნება ვერტმფრენის პატარა აეროდრომიც.

სპორტის უნივერსიტეტთან დაგეგმილი მშენებლობა. ფოტო: პროექტი

საკრებულოში წარდგენილი დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ დაგეგმილი მშენებლობა ყველა იმ შენობაზე მაღალია, რომელიც მიმდებარედ დგას. ამ ნახაზების მიხედვით, დაგეგმილი მშენებლობა სავაჭრო ცენტრ City Mall-ზე თითქმის ორჯერ მაღალია.

სპორტის უნივერსიტეტთან დაგეგმილი მშენებლობა.

საპროექტო წინადადება მშენებლობის ნებართვის მოპოვების საწყისი სტადიაა. ეს წინადადება ჯერ საკრებულომ უნდა მოიწონოს, შემდეგ კი თბილისის არქიტექტურის სამსახურმა შესაბამისი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ იმსჯელოს მშენებლობის ნებართვაზე. ამ პერიოდში შესაძლოა, პროექტში არაერთი დეტალი შეიცვალოს.

საუბარია ტერიტორიაზე, რომელთა საკადასტრო კოდებია – 01.14.07.008.180 და 01.14.07.008178.

სპორტის უნივერსიტეტის მიმდებარედ ნაკვეთები (მათ შორის 01.14.07.008.180) ნამორაძემ 2022 წლის დეკემბერში იყიდა, ოღონდ იმ პირობით, რომ კომპანია მიწის ნაკვეთის ერთ ნაწილს – 7374 კვ.მ.-ს კეთილმოაწყობს, გაარემონტებს სპორტის უნივერსიტეტს, სპორტულ დარბაზებს და სახელმწიფოს გადასცემს.

ამის შესახებ წაიკითხეთ ვრცლად:

სპორტის უნივერსიტეტის შენობა და მიწა მის ირგვლივ ნოშრევან ნამორაძის კომპანიამ იყიდა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი