ახალი ამბები

„ქართუმ“ „ლაგუნა ვერე“ გაყიდა — ახალმა კომპანიამ იყიდა იპოდრომის ტერიტორიის ნაწილიც

11 აგვისტო, 2023 • 2848
„ქართუმ“ „ლაგუნა ვერე“ გაყიდა — ახალმა კომპანიამ იყიდა იპოდრომის ტერიტორიის ნაწილიც

ბიძინა ივანიშვილის დაფუძნებულმა ფონდმა „ქართუმ“ „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორია გაყიდა. ამას ადასტურებს შესაბამისი ამონაწერი საჯარო რეესტირდან.

„ლაგუნა ვერეს“ მომავალი მფლობელი „შპს ნეო სითი დეველოპმენტია“. იგივე კომპანიამ განაცხადი შეიტანა „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიისა და ასევე, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიის ნაწილის გადაფორმების შესახებ.

„ნეო სითი დეველოპმენტის“ 100%-იანი წილის მფლობელი ენმ-ს ყოფილი დეპუტატი, მარიკა ვერულაშვილია. ვერულაშვილმა „ნაციონალური მოძრაობა“ 2012 წლის არჩევნებისა და ხელისუფლების შეცვლიდან მალევე დატოვა.

„დაგეგმილია საცურაო კომპლექსის აღდგენა“

„ლაგუნა ვერეს“ გაყიდვის შესახებ ცნობა თავდაპირველად ოპოზიციონერმა ირაკლი აბესაძემ გაავრცელა. მის სიტყვებს ადასტურებს ოფიციალური დოკუმენტაციაც.

როგორც საჯარო რეესტრში ვკითხულობთ, 10 აგვისტოს ძალაში შევიდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ახალ კომპანიას უძრავ ნივთზე უფლების წინასწარი რეგისტრაცია მოხდა. მანამდე „ლაგუნა ვერეს“ ამავე სახელწოდების კომპანია ფლობდა. თავის მხრივ, შპს „ლაგუნა ვერეს“ 100%-ვე წილის მფლობელი ფონდი „ქართუა“.

დღეს 11 აგვისტოს ორმა ტელეკომპანიამ – „ფორმულამ“ და „რუსთავი 2-მა“ კომპანიის განცხადება გაავრცელეს. ამ განცხადების თანახმად, „ნიუ სითი დეველოპმენტი“ ამბობს, რომ ადგილზე საცურაო აუზის აღდგენას გეგმავს.

„დაგეგმილია საცურაო კომპლექს ლაგუნას აღდგენა და მისთვის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფუნქციის აღდგენა. სამუშაოები დაიწყება შესაბამისი კვლევების მომზადებისა და სანებართვო დოკუმენტაციის აღების შემდგომ და დასრულდება მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობის დასრულებასთან ერთად.

კომპანია წარმოადგენს ლაგუნა ვერეს განვითარების პროექტს. ქალაქს ექნება ევროპული სტანდარტების სპორტული კომპლექსი, რომლის ისტორიაც 1978 წელს იწყება. აუზი მისი გამორჩეული დიზაინითა და არქიტექტურით ცურვის მოყვარულებსა და პროფესიონალებს მაღალი სტანდარტის უნიკალურ სივრცეს შესთავაზებს. 70-იანი წლების თბილისის მოდერნიზმის გამორჩეული ნიმუში დაიბრუნებს პირველსახეს”.

საჯარო რეესტრიდან ასევე ვიგებთ, რომ კომპანიამ განაცხადი შეიტანა ტერიტორიებზე „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ. იქ, სადაც უახლოეს მომავალში ცათამბჯენებით გაშენებულ მულტიფუნქციური კომპლქსის მოწყობას გეგმავენ. ამ შემთხვევაში, „ნეო დეველოპმენტმა“ ტერიტორიები უნდა იყიდოს კომპანია „კოსტავა 69-დან“.

კომპანია „კოსტავა 69-ს“ დირექტორი ბიძინა ივანიშვილის ნათესავი კახა კობიაშვილია, ხოლო 100%-იანი წილის მფლობელი ფონდი „ქართუა“.

ტერიტორიები იპოდრომთან

გარდა ამისა, საჯარო რეესტრში იძებნება რამდენიმე განცხადება მიწის 4 ნაკვეთზე, აქედან სამზე განაცხადი მიღებულია, ერთზე კი სარეგისტრაციო წარმოება უკვე დასრულდა. ამ ადგილს მანამდე „ქართუ“ ფლობდა, ახლა კი ეს ნაკვეთებიც „ნეო სითი დეველოპმენტის“ საკუთრებაში გადადის.

ოთხივე ეს ნაკვეთი თამარაშვილის N13-შია, ანუ იპოდრომის მიმდებარე ტეტირორიაზე.

სქრინშოტი maps.gov.ge-დან

თავად „შპს ნეო სითი დეველოპმენტს“, მისი 100%-იანი წილის მფლობელი მარიკა ვერულაშვილია. ვერულაშვილი 2004-2016 წლებში პარლმენტის დეპუტატი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით ორჯერ, ერთხელ კი მაჟორიტარულით. მან პარტია 2012 წლის არჩევნებით ხელისუფლების შეცვლიდან მალევე დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი