თბილისში, ყოფილი ვაგონთმშენის ტერიტორიაზე დეპუტატის ოჯახთან დაკავშირებული კომპანია მულტიფუნქციური კომპლექსის აშენებას გეგმავს. კომპლექსის ფარგლებში დაიდგმება რამდენიმე ცათამბჯენი, რომელთა მაქსიმალური სიმაღლე 33 სართული იქნება, საშუალო კი= 15-20.
მშენებლობები დედაქალაქში 217 188 კვ.მ-ს შეეხება. ეს ტერიტორია 30 სტანდარტული საფეხბურთო მოედნის ზომისაა.
საპროექტო წინადადებაზე ჯერჯერობით არ არის გაცემული მშენებლობის ნებართვა. თუმცა ის დასაშვებად მიიჩნია დედაქალაქის საკრებულომ. უწყებამ დაამტკიცა განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ) გეგმარებითი დავალება – ეს ნიშნავს, რომ კომპანია გააგრძელებს პროექტზე მუშაობას მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლად.
სფეროს ექსპერტები და ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამგვარი პროექტი, გარდა იმისა, რომ ხარვეზიანია, დაამახინჯებს ქალაქის იერსახეს. ამასთანავე, ისინი საუბრობენ სავარაუდო კორუფციის რისკებზეც.
საქმე ის არის, რომ მშენებლობის პროექტის დამკვეთი კომპანიები მჭიდრო კავშირში არიან „ქართული ოცნების“ დეპუტატ ნინო წილოსანთან. მეტიც, დეკლარაციის თანახმად წილოსანი ფლობს 25%-იან წილს ერთ-ერთ დამკვეთ კომპანიაში – შპს US TRADING COMPANY-ში.
ჩვენ მივმართეთ ნინო წილოსანს, რათა დეტალურად გვეკითხა მისთვის საოჯახო ბიზნესისა და კავშირების შესახებ. დეპუტატმა ნეტგაზეთთან საუბარი არ ისურვა და თქვა, რომ არ ჩაერთვება „საინფორმაციო დემაგოგიაში“.
რის აშენებას გეგმავს ნინო წილოსანთან და მის ოჯახთან დაკავშირებული კომპანიები?
დოკუმენტაციის ნაწილი კომპანიებმა მუნიციპალური განვითარების სააგენტოს საიტზე უკვე ატვირთეს. მათ შორის არის ტერიტორიის განვითარების გეგმა, თანდართული ფოტომონტაჟით.
ამ ტერიტორიის განვითარების წინადადების თანახმად, მაქსიმალური სართულიანობა 33 სართული იქნება – ანუ 117 მეტრის სიმაღლის შენობა. საშუალო სართულიანობა კი 15-20 სართულით განისაზღვრა.
„საპროექტო გზების სპეციფიკაცია არის შემდეგი: ცენტრალური გზები არის 7 -მეტრიანი და გზის ორივე მხარეს 2.5- მეტრიანი ტროტუარები. ასევე, დამატებით გათვალისწინებულია ველობილიკების მოწყობაც. ხოლო მეორეხარისხოვანი გზები იქნება 6- მეტრიანი და ასევე, 2.5- მეტრიანი ტროტუარი ორივე მხარეს“, – წერია დოკუმენტში.
საპროექტო ტერიტორიაზე შენობების 75% იქნება საცხოვრებელი, ხოლო 25% – კომერციული ფართები. ვინაიდან ხდება შენობების ფუნქციური გადანაწილებების ცვლილება კანონით დადგენილი პარამეტრების შესაბამისად (ინდივიდუალური ნაკვეთისთვის მაქსიმუმ 90% საცხოვრებელი და 10 % კომერციული), კომპანია მზადყოფნას გამოხატავს, კანონით დადგენილი შეცვლილი ფუნქციური დანიშნულების 4%-ის შესაბამისი ქონება გადასცეს მუნიციპალიტეტს.
ფოტომონტაჟების მიხედვით, პროექტის ავტორები მწვანე სივრცეებისა და შენობების თანაფარდობა ასე ხედავენ:
ვინ აპირებს მშენებლობას და რა კავშირშია ნინო წილოსანთან?
პროექტს სამი დამკვეთი ჰყავს .სწორედ მათ ეკუთვნის მშენებლობისთვის გამოყოფილი მიწაც, ესენია:
- შსპ „ვილსონ გარდენი“;
- შპს „US TRADING COMPANY“
- სააქციო საზოგადოება „ფროუფგრუპი“.
სამივე მათგანი მჭიდრო კავშირშია ნინო წილოსანთან და მათ ოჯახთან. კერძოდ:
კომპანია „ვილსონ გარდენის“ 100%-იანი წილის მფლობელი სააქციო საზოგადოება „ფროუფგრუპია“, კომპანიის დირექტორი კი – გიორგი ტაბიძე. კომპანიას ასევე ჰყავს სამეთვალყურეო საბჭო, რომლის წევრები არიან:
- ირაკლი წილოსანი – ნინო წილოსანის ძმა
- ირაკლი (ოთარ) რუხაძე – „ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და „ტვ იმედის“ მფლობელი
- დავით სამხარაშვილი
- გვანცა წილოსანი
- დავით ვეფხვაძე
თავის მხრივ, ოფიციალურად გაფორმებულ დოკუმენტებში „ვილსონ გარდენის“ მისამართი ემთხვევა „საქართველოს ვაგონმშენებელთა ჰოლდინგის“ მისამართს – საქართველო, თბილისი, გლდანი-ნაძალადევის რაიონი, ც.დადიანის ქ. №32. ჰოლდინგის პრეზიდენტი ბადრი წილოსანია, ნინო წილოსანის მამა.
ნეტგაზეთმა კომპანიას ოფიციალურ დოკუმენტებში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე მისწერა და კომენტარი სთხოვა. კომპანიამ არ გვიპასუხა.
შპს „US TRADING COMPANY“
„იუ ეს თეიდინგ კომპანის“ მფლობელებსა და მეწილეებზე საქართველოს რეესტრში ინფორმაცია არ იძებნება. თუმცა, ოფიციალური დეკლარაციის თანახმად, რომელიც ნინო წილოსანმა თავად შევასო, დეპუტატი ამ კომპანიაში 25%-იან წილს ფლობს და კომპანიის ადგილობრივი მარეგისტრირებელია.
კომპანია ასევე ფლობს მიწის ნაკვეთს, საკადასტრო კოდით – N 01.12.12.011.001 , სადაც დაგეგმილი მშენებლობების ნაწილი ექცევა. ეს მიწის ნაკვეთი 2012 წლამდე ეკუთვნოდა ბადრი წილოსანს, ნინო წილოსანის მამას, შემდეგ კი US TRADING COMPANY-ს მიჰყიდა. გადაფორმებისას კომპანიის წარმომადგენელი თავად ნინო წილოსანი იყო.
სააქციო საზოგადოება „ფროუგრუპი“
სააქციო საზოგადოება „ფროუგრუპის“ დირექტორი გურამ რატიანია. რატიანი ასევე შედის საქართველოს ვაგონმშენებელთა ჰოლდინგის საბჭოში, რომლის პრეზიდენტიც ბადრი წილოსანია. ამ საბჭოში ასევე შედის ნინო წილოსანის ყოფილი ქმარი – ვლადიმერ აბულაძე.
ამ სააქციო საზოგადოების მისამართად მითითებულია – ც. დადიანის ქუჩა, N26, ჩოდრიშვილის N2 .იგივე მისამართზეა „თბილისი არტ ჰოლიც“, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ვაგონმშენებელი კომპანიაა, ამ უკანასკნელის 100%-იან წილს ფლობს ბადრი წილოსანი.
„თბილისი არტ ჰოლის“ ტერიტორიაც კომპლექსის მშენებლობაშია გათვალისწინებული.
ჩვენ დავუკავშირდით სააქციო საზოგადოების დირექტორს, გურამ რატიანს მისგან საპასუხო კომენტარის მისაღებად. მან ჩვენს ზარებსა და შეტყობინებებს არ უპასუხა.
„გაანადგურებს ქალაქის იერსახეს“
პარტიის „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ წარმომადგენელი ნინო წულაძე ერთ-ერთია ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის, ვინც მშენებლობაზე პირველად ისაუბრა. ის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის წევრია.
საკრებულომ, 9 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ქალაქგეგმარებითი დავალება გასცა, რაც იმას ნიშნავს, რომ შემდეგი ნაბიჯიარის გრგ-ს დეტალური გეგმის წარდგენა – დოკუმენტი, რომელშიც დეტალურად უნდა იყოს გაწერილი ისეთი ფაქტორები, როგორიცაა, მაგალითად, ტერიტორიის ფუნქციური დატვირთვა. ეს უკანასკნელი მშენებლობის ნებართვის მისაღებად აუცილებელი ნაბიჯია.
„აქ იგეგმება ინტენსიური განაშენიანება, 33-სართულიანი კორპუსებით, რომელთა სიმაღლეც 117 მეტრია. ამგვარი განაშენიანება გაზრდის მობილობას, შეზღუდავს სატრანსპორტო ქსელის გამტარიანობას – პირველ ეტაპზე ნაძალადევში, დადიანის ქუჩაზე, შემდგომ კი ეს დატვირთვა გადავა როგორც დიდუბეზე, ასევე, ჩუღურეთზე. მოკლედ რომ ითქვას, მუნიციპალიტეტისთვის ეს არასახარბიელო პროექტია. თუმცა აქ იჩენს სხვა ფაქტორი თავს – კერძოდ კი, დეპუტატის, ნინო წილოსანის ოჯახის ინტერესები, რადგან სწორედ ამ ოჯახის საკუთრებაშია კერძო ტერიტორია, სადაც განაშენიანება უნდა მოხდეს. სწორედ ამიტომ მიიღო საკრებულომ მსგავსი გადაწყვეტილება – უფრო მაღლა დააყენა აღნიშნული სუბიექტის ინტერესები“, – ამბობს წულაძე.
პროექტის პრობლემურობაზე საუბრისას ის აღნიშნავს, რომ ნაძალადევსა და დიდუბეში სანიაღვრე არხები დაზიანებულია, გარემოზე ზემოქმედების გეგმაში (გზშ) კი წერია, რომ პროექტით გათვალისწინებული შენობები უკვე არსებულ სანიაღვრე სისტემას უნდა შეუერთდეს – „ასეთი დამატებითი სისტემა რომ დააწვება სანიაღვრეებს, ხომ წარმოგიდგენიათ, რა იქნება?!“
„ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. დიდუბეში სარეკრეაციო სივრცეები თითქმის არ გაგვაჩნია,- გვაქვს მუშტაიდი და დიღმის მასივში არსებული რამდენიმე ნაკვეთი, – შუაში ტერიტორია სრულიად დაცლილია რეკრეაციული სივრცისგან. დიდუბის მსგავსად ნაძალადევიც განიცდის სარეკრეაციო სივრცეების ნაკლებობას. ამ მოცემულობაში „ოცნების“ წარმომადგენლებმა დააკანონეს პროექტი, რომლის ნაცვლადაც შეიძლებოდა ისეთი სარეკრეაციო სივრცის მოწყობა, რომელიც განმუხტავდა დაბინძურებულ ჰაერს, რომელიც დიდუბეში, თავის მხრივ, ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია.. გამოდის, ჩაბეტონდება სრულიად ეს მხარე“.
წულაძე ცალკე ხაზს უსვამს იმასაც, რომ მოსახლეობასთან პროექტის განხილვა გადაიდო, შესაბამისად, თითქმის 20 ჰა-ს განაშენიანების შესახებ მოქალაქეებმა თითქმის არაფერი იციან. ამასთანავე, პროექტი 10-15 წელიწადზე იგეგმება და „ყველაფრის გათვალისწინებით, არ მაქვს იმედი, რომ მშენებლობა გარემოს დაცვის სტანდარტებით მოხდება“.
ტერიტორიის განვითარების ამ ხედვას პრობლემურად მიიჩნევს ორგანიზაცია „ურბანული განვითარების ინსტიტუტი“. ნეტგაზეთისთვის მიცემულ კომენტარში ინსტიტუტი აღნიშნავს გზების სიგანეს, რომელიც პროექტის თანახმად ახალ დასახლებაში 6-7 მეტრია.
„აქ მცხოვრები დაახლოებით 15000 ადამიანისთვის გამოყოფილი იქნება ვიწრო ქუჩები და 60 000 კვ.მ. გამწვანება, რაც ერთ სულ მოსახლეზე გამოდის 4 კვ. მეტრი… გამწვანების ეს ფართობი ჩამოუვარდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და ევროკავშირის მინიმალურ მოთხოვნას 3-ჯერ. მით უფრო ძალიან მნიშვნელოვანია სარკინიგზო მაგისტრალის გასწვრივ ჰაერის ხარისხი და ეკოლოგიური მდგომარეობა. პროექტი უნდა ყოფილიყო ურბანული რეგენერაციის მოდელი და არა ახალი საცხოვრებელი დასახლება, რომელიც დაავადებების დამატებით კერას შექმნის“.
„გარდა ამისა, პროექტით გათვალისწინებულია 117 მეტრი სიმაღლის მაღლივი შენობების მშენებლობა, რომელიც მთლიანად არღვევს ურბანულ ლანდშაფტს. ამ მშენებლობის განხორციელების შემთხვევაში თბილისი კარგავს მის ავთენტურ იერსახეს. შეუძლებელი ხდება გარკვევა, თუ მსოფლიოს რომელი ქალაქის სურათს ვუყურებთ. ქალაქის მთავარი ღირებულება არის მისი იდენტობა, რომელსაც თუ დავკარგავთ, თბილისი, როგორც ისტორია, გაქრება. ეს არის ხელისუფლების მთავარი ამოცანაც. იდენტობის წაშლა, სტანდარტული საბჭოთა მიდგომის თანამედროვე ვერსია.
აღნიშნული დანაშაულის გამართლების სანაცვლოდ კომპანია ქალაქს სთავაზობს [უთმობს] 8000 კვ.მ. მეტრ ფართობს. თუ ეს სივრცე ამ ფორმით განაშენიანდება, მივიღებთ ახალ დიდ დიღომს, ახალ სპორტის სასახლეს, ახალ ყიფშიძის ქუჩას და ა.შ. უბრალოდ გავანადგურებთ ქალაქის იერსახეს და გავანადგურებთ ქალაქის ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობას“.
რას ამბობს საკრებულო?
დაგეგმილ მშენებლობას გამოეხმაურა ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე, მმართველი პარტიის წევრი რევაზ სოხაძე. მან თქვა, რომ – „საკითხი დამტკიცდება არა მფლობელის, არამედ ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე“.
„განაშენიანების რეგულირების გეგმა დამტკიცდება ისე, როგორც ქალაქის დაგეგმარებისთვის იქნება მისაღები ან საერთოდ არ დამტკიცდება. აუცილებელია, რომ მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული რეკრეაციული სივრცეები, სათანადოდ მოხდეს გააზრება სატრანსპორტო სქემების და კავშირების, რადგან ამ მიმართულებით დედაქალაქში პრობლემა არ შეიქმნას.
ასევე არის ე.წ. არტ ჰოლის ტერიტორია, რომელიც ამოღებული იქნება გეერგეს არეალიდან. მნიშვნელოვანია, რომ საჯარო სივრცეები და ინფრასტრუქტურა მოეწყოს აღნიშნული განაშენიანების რეგულირების გეგმაში. ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ ქალაქის მერიასთან შესაბამის ინვესტორთან და კომპანიასთან ერთად, რადგან ყველა ეს პირობა დაკმაყოფილებული იყოს“, – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
მისი თქმით, ახლა იწყება „საკმაოდ გრძელვადიანი პროცესი“ და საკრებულოს აუცილებლად ექნება მოსახლეობასთან კომუნიკაცია.