ახალი ამბები

საკრებულომ ვაკეში 169-მეტრიანი ცათამბჯენისთვის გეგმარებითი დავალება გასცა

30 ივნისი, 2023 • 4863
საკრებულომ ვაკეში 169-მეტრიანი ცათამბჯენისთვის გეგმარებითი დავალება გასცა

დღეს, 30 ივნისს, თბილისის საკრებულომ გეგმარებითი დავალება გასცა ვაკეში,  სპორტის უნივერსიტეტის ტერიტორიასთან, ცათამბჯენის აშენებისთვის.

ეს არის მშენებლობის ნებართვის მოპოვების პროცესის საწყისი ეტაპი.

საუბარია ბიზნესმენ ნოშრევან ნამორაძის კომპანიის გეგმაზე, აქ 170-მეტრიანი მულტიფუნქციური კომპლექსი ააშენოს. ეს ტერიტორია მან ვალდებულებით იყიდა – გაერემონტებინა და აღეჭურვა სპორტის უნივერსიტეტი.

ოპოზიცია ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება „არის ურბანული გენოციდის გაგრძელება“ და სავარაუდო კორუფციის ნიშნებზე მიუთითებს. ნამორაძე „ოცნების“ შემწირველია.

ამასთანავე, ოპოზიცია უთითებს, რომ წარმოდგენილი გეგმის მიხედვით, ინტენსივობისა და განაშენიანების კოეფიციენტი არასწორადაა დაანგარიშებული და ვალდებულებები, რომლითაც ინვესტორმა ეს ტერიტორია შეიძინა, არ არის გათვალისწინებული.

მმართველი გუნდის წევრები კი ამბობენ, რომ თუ სადმე უნდა იყოს მაღლივი შენობები, ეს ვაკეა. ისინი ამბობენ, რომ ამ პროექტით ასევე გადარჩება უნივერსიტეტიც.

„ოცნების“ დეპუტატების თქმით, ჯერ პროექტი არ არსებობს და პროცესი ახლა იწყება – მათ შორის, ტექნიკური დეტალების დაზუსტება. საუბარია ტერიტორიაზე, რომელთა საკადასტრო კოდებია – 01.14.07.008.180 და 01.14.07.008178.

სპორტის უნივერსიტეტის მიმდებარედ ნაკვეთები (მათ შორის 01.14.07.008.180) ნამორაძემ 2022 წლის დეკემბერში იყიდა, ოღონდ იმ პირობით, რომ კომპანია მიწის ნაკვეთის ერთ ნაწილს – 7374 კვ.მ.-ს კეთილმოაწყობს, გაარემონტებს და სპორტის უნივერსიტეტს, სპორტულ დარბაზებს და სახელმწიფოს გადასცემს.

ამის შესახებ წაიკითხეთ ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი