ახალი ამბებისაზოგადოება

როგორ ჩამოიშალა სასამართლო კლანი მოლდოვაში და გაძლიერდა საქართველოში

28 ივლისი, 2023 • 3085
როგორ ჩამოიშალა სასამართლო კლანი მოლდოვაში და გაძლიერდა საქართველოში

როგორ მოახერხა მოლდოვამ დამაჯერებელი ცვლილებების დაწყება სასამართლო სისტემაში, რამაც ევროკომისიას წლის ბოლოს მისაღებ საბოლოო შეფასებამდე გაუჩინა აღქმა: „კარგი პროგრესი“?

მართლმსაჯულების სისტემა იცვლება საქართველოშიც, თუმცა სამოქალაქო ორგანიზაციების დაკვირვებით, ძირეულად არაფერი იცვლება. მარტივად რომ ვთქვათ, სასამართლო კლანს და დამოკიდებულებას პოლიტიკური ხელისუფლების მიმართ არავინ ცვლის. ევროკომისიის წინასწარი შეფასებაც საქართველოზე ესაა: „მეტი ძალისხმევაა საჭირო“.

ის, რაც ახლა მოლდოვაში ხდება, 20 წლის წინ დაიწყო საქართველოში. ამ სტატიაში ნახავთ მოლდოველი დამოუკიდებელი იურისტის შეფასებას, რომელიც ამბობს, რომ საქართველო მათთვის ინსპირაციის წყარო იყო. აქ ნახავთ, როგორ იშლება სასამართლო კლანი ახლა მოლდოვაში, როგორ დატოვეს უზენაესი სასამართლო მოსამართლეების დიდმა ნაწილმა, როცა რეალური ცვლილებები იგრძნეს და რა მოხდა მოსამართლეების საერთო კრებაზე, სადაც საერთაშორისო კომისიის მიერ შერჩეული ახალი კანდიდატები წარუდგინეს მოსამართლეებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ასარჩევად.

 

რა ხდება მოლდოვაში: „…და ერთდროულად რამდენიმე მოსამართლე გადადგა“ 

მხოლოდ პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილება იყო საკმარისი, რეალურად დაწყებულიყო სასამართლო სისტემის რეფორმა მოლდოვაში? – ილია ჩირტოაკას დაკვირვებით, ამჟამინდელი ხელისუფლების აშკარა პოლიტიკურ ნებასთან ერთად მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა სასამართლო სისტემის შიგნით გაჩენილი დაკვეთაც ცვლილებებზე.

ილია ჩირტოაკა დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის და დემოკრატიის ინდექსი – საქართველოს მიერ დაფუძნებული „სასამართლო რეფორმატორთა საერთაშორისო ქსელის“ INJR წევრია და მოლდოვაში მოქმედი, არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლებრივი რესურსების ცენტრისაღმასრულებელი დირექტორი. ის გვიზიარებს თავის დაკვირვებას, როგორ მოახერხა მოლდოვამ ევროკომისიისგან პოზიტიური შუალედური შეფასება.

ხელისუფლებამ ეს გააკეთა არა უბრალოდ კოსმეტიკური ცვლილებებით, არამედ უფრო ინვაზიური ცვლილებებით, როგორიცაა  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს რეფორმა. შემოღებულია ვეტინგსისტემა, როცა სასამართლოში ცვლილებები გარე შეფასების საფუძველზე ხდება. ეს დაიწყო მწვერვალიდანმოსამართლეებით, რომლებიც მანამდე ისხდნენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. თუმცა, ეს მიმდინარე პროცესია, ჯერ კიდევ ველოდებით პროგრესს. განსხვავება ისაა, რომ არსებული შედეგები ძალიან განსხვავდება იმისგან, რის ნახვასაც ჩვენ მიჩვეულები ვიყავით მანამდე,“ – გვიყვება ილია ჩირტოაკა.

ილია ჩირტოაკა

მოლდოველი იურისტი აქცენტს აკეთებსკოსმეტიკურ ცვლილებებზედა იმაზე, რომ რეფორმებზე დაპირება წინა წლებშიც არაერთხელ მოუსმენია, ახლა კი, ეს დამაჯერებელი გახდა. „კოსმეტიკური“ – ამ სიტყვას სასამართლო რეფორმასთან მიმართებაში საქართველოშიც ხშირად ახსენებენ იურისტებირომ რეფორმა არ არის რეალური, ძირეული და ამბიციური.

ილია ჩირტოაკა გვიყვება, რომ მოლდოვაში სასამართლო რეფორმის დაწყებამდე გახმაურებულ საქმედ იქცარუსული ფულის სამრეცხაოს სქემა“, რაც მილიონობით თანხის გათეთრებას გულისხმობსსქემაში მოსამართლეებიც იყვნენ ჩართული:

ეს სქემა შეიქმნა 2009-2010 წლებში და მოიცავდა სხვადასხვა მონაწილეს: რუსული კომპანია, რომელიც ამტკიცებდა, რომ კონტრაქტი ჰქონდა მოლდოვის მოქალაქესთან და ამ მოქალაქეს ჰქონდა კომპანიის ვალი. სასამართლოს უნდა დაედასტურებინა ვალი. მოსამართლე ამბობდა, რომ დოკუმენტზე დაყრდნობით ადასტურებს სესხის ვალიდურობასამ სისტემის .. მთავარი ტვინი იყო ბიზნესმენი, რომელსაც ეკუთვნოდა სპეციალური ბანკი, სადაც ფული თეთრდებოდაამ სქემას იყენებდნენ ცენტრისგან დაშორებულ არეალში, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 20 ათასზე ნაკლებია.

სქემის გაშიფვრის შემდეგ 15 მოსამართლის წინააღმდეგ დაიწყო მოლდოვაში გამოძიება. ერთი გარდაიცვალა, ოთხს შეუჩერდა უფლებამოსილება, თუმცა შემდეგ გამართლდნენ და უკან, სასამართლოში დაბრუნდნენ. ზოგიერთმა დატოვა ქვეყანა. მთავარი ისაა, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თვალწინ. შესაბამისად, სქემაში ჩართული მოსამართლეების ნაწილი გამართლდა, ზოგიერთი დაწინაურდა კიდეც,“ – გვითხრა ილია ჩირტოაკამ.

რეფორმის დაწყების შემდეგ კი, მოლდოვის უზენაესი სასამართლო მოსამართლეების 80%-მა დატოვა

რეალურად  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა სისტემა დატოვეს, ვიდრე პარლამენტი მიიღებდა კანონს მოსამართლეების გარე შეფასებაზე. ეს კანონი აცხადებდა, რომ თუ ხარ მოქმედი მოსამართლე უმაღლეს სასამართლოში, მას შემდეგ რაც კანონი შევიდოდა ძალაში, 20 დღეში შენს შესახებ დოკუმენტები გაეგზავნება შეფასების საერთაშორისო კომისიას. კომისიამ კი, უნდა შეამოწმოს მოსამართლის ფინანსური და ეთიკური ნაწილი: თუ აღმოაჩენენ, რომ შენი ქონება არ ემთხვევა შენს ოფიციალურ შემოსავალს, შენ მოგიწევს დატოვო სისტემა, საერთოდ აგეკრძალება სისტემაში მუშაობა 7 წელი.

ამ დროს ერთდროულად რამდენიმე მოსამართლე გადადგაეს იყო მათი უსაფრთხო გასასვლელი კარი,“- აღნიშნა ილია ჩირტოაკამბათუმელებთან“.

რა მოუვიდა სასამართლო კლანს ამ ამბის მერე? – ვეკითხებით მოლდოვის სამოქალაქო საზოგადოების წევრს.

მაგ პერიოდში დაფიქსირდა კერძო თვითმფრინავების უჩვეულო აქტივობა, 2019 წლის ივნისში, მოლდოვიდან გარეთ,“ – ეღიმება ილია ჩირტოაკას და განაგრძობს: „კლანი, რომელიც შედგებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების, ოლიგარქებისპლახოტნიკი და მისი პარტია, ილანშორი და მისი პარტია, ესენი გაიქცნენ მოლდოვიდან. ამ დროს საკონსტიტუციოს ყველა მოსამართლე გადადგა, სისტემა ასე დაიშალა, თუმცა გამოძიება, რაც მაშინ დაიწყო, კონკრეტულ შედეგზე არ გასულა.

ახლა ერთერთი ოლიგარქი ისრაელშია, ბევრი მიმდინარე გამოძიებაა, მაგრამ ყველა გაქცეულია, პლახოტნიკი აშშში იყო, მერე დასანქცირდა და თურქეთშიამოკლედ მთავარი პირები გაიქცნენ, ნაწილი გადადგა, მაგრამ ჯერ კიდევ არიან დარჩენილი მოსამართლეები სისტემაში, რაც გამოწვევას წარმოადგენსამიტომაც დაიწყო მთავრობამ სისტემის წმენდა, გარე შეფასება, რათა გაიტანოს ყველაფერი, რაც კლანიდან დარჩა სისტემაში და მოლდოვის რესპუბლიკაში,“ – ამბობს ილია ჩირტოაკა.

რა დრო დასჭირდა მოლდოვაში სასამართლო რეფორმას იმ ეტაპამდე მისვლას, როცა საგრძნობი გახდა ცვლილების რეალურობა და ევროკომისიაშიც თქვეს: „ეს კარგი პროგრესია“?

რეფორმები სასამართლო სისტემაში დაიწყო 2021 წელს, როცა შეცვალეს კონსტიტუცია. ეს ძალიან რთული პროცესია, შეცვალეს კონსტიტუცია სასამართლო სისტემასთან მიმართებაშიცამოიღეს თავდაპირველი მოსამართლეების ხუთწლიანი დანიშვნა და მოსამართლეები ინიშნებიან უვადოდ, განახორციელეს მცირედი ცვლილებები მოსამართლეების დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად და დაიწყეს ვეტინგის სისტემის საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავება.

ბოლო 10 წელიწადში სასამართლოსადმი ნდობა 20% ზე მაღლა არ გაზრდილა და არ ვფლობ ინფორმაციას, რომ ეს ნდობა გაიზარდა, თუმცა შემიძლია გაჩვენოთ ერთერთი უახლესი აზრის გამოკითხვა, რომელსაც ჩვენი ორგანიზაცია ახორციელებს ყოველ 2 წელიწადში. ეს არ არის საჯარო გამოკითხვა, არამედ ეს არის პროფესიული წრეების, პროკურორების, მოსამართლეების, ადვოკატების გამოკითხვა. გასულ კვირაში გვქონდა ოფიციალური საბოლოო შედეგები ამ კვლევის: სისტემაში არის მხარდაჭერა ამ ანტიკორუფციული რეფორმებისადმი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ნდობა გაიზარდა. არა მგონია, რომ სასამართლოს ნდობა გაიზრდება შემდეგ 1-2 წელში. თუ ეს რეფორმები არ იქნება სრულად დანერგილი. ასე რომ, ჩვენ პროცესის შუაში ვართ.

ეს კვლევა აჩვენებს, რომ სისტემაში არსებობს კორუფცია, მაგრამ მოსამართლეები ადანაშაულებენ პროკურორებს, პროკურორებიადვოკატებს, საბოლოოდ, ყველა თანხმდება და აღიარებს, რომ ჯერ კიდევ არის სისტემაში კორუფცია, რომელიც მოიცავს უმაღლეს და დაბალ სასამართლო სისტემებს,“ – აღნიშნა ილია ჩორტიაკამბათუმელებთან“.

მოლდოვის სამოქალაქო საზოგადოების წევრს ვკითხეთ საქართველოზეცროგორ ჩამოვრჩით მოლდოვას?

მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის რეპუტაცია გარკვეულწილად სადავოა, მოლდოვაში ის ჯერ კიდევ ნამდვილი რეფორმისტის მაგალითია, რომელმაც მოახერხა ბევრი კარგი საქმის გაკეთება.

ამ ვეტინგ სისტემაშიც საქართველოს ყოფილი პროკურორი და ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლენონა წოწორიაა ჩართული,“ – გვითხრა ილია ჩირტოაკამ.

ნონა წოწორია: მოსამართლეების საერთო კრებამ ჩვენს მიერ შერჩეული 5 კანდიდატიდან 4 აირჩია, 1 – სათადარიგო წევრად

„ცა და დედამიწასავით განსხვავდება, როგორ დაკომლექტდა იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოლდოვაში და როგორ – საქართველოში,“- ევროსასამართლოს ყოფილ მოსამართლეს, ნონა წოწორიას არ უკვირს ევროკომისიის შუალედური, წინასწარი პოზიტიური შეფასება მოლდოვის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე.

„თუმცა ეს ჯერ მხოლოდ რეფორმის დასაწყისია, რაც აჩვენებს პოლიტიკურ ნებას, რომ ცვლილება სურთ. პოლიტიკურ ნებასთან ერთად, ამას სჭირდება ძალისხმევა. ამ პროცესს სჭირდება ადამიანები, რომლებიც თავდადებული იქნებიან ამ პროცესში. მთავარია მიზანი, როცა ზუსტად იცი, რისი კეთება გსურს,“ – ოპტიმისტური მოლოდინი აქვს ნონა წოწორიას, რომელიც უშუალოდ არის ჩართული ცვლილებების იმ პროცესში, რაც ახლა მოლდოვაში ხდება.  ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნონა წოწორია იმ სპეციალური კომისიის წევრია, რომელიც მოლდოვაში სასამართლოს და პროკურატურის თვითმმართველ ორგანოებში ასარჩევი წევრების წინასწარი შეფასებისთვის შეიქმნა. კომისიის სამი წევრი მოლდოველია, სამი – უცხოელი.

მოლდოვაში 2022 წელს მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ვერ აირჩევენ მოსამართლე, ასევე არამოსამართლე წევრს სპეციალური კომისის დადებითი შეფასების გარეშე. კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატებს შორის არჩევანს მოსამართლეთა საერთო კრება, ასევე პარლამენტი აკეთებს.

„კანონით გათვალისწინებულია კრიტერიუმები, რის საფუძველზეც ვამოწმებთ მოსამართლეებს, ასევე არამოსამართლე წევრებს. ეს არის ფინანსური და ეთიკური შესაბამისობის დადგენა. ჩვენ არ ვამოწმებთ კანდიდატების პროფესიონალიზმს. ვსწავლობთ თითოეული კანდიდატის ფინანსურ მდგომარეობას, მათ საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციებს, კანდიდატების და მათი ოჯახის წევრების ქონებას ბოლო 15 წლის განმავლობაში,“ – გვიყვება ნონა წოწორია.

ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე შენიშნავს, რომ თვითონ და კომისიის სხვა წევრებიც სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩნენ, როცა მოლდოვის ბანკებიდან სრულად მიიღეს კანდიდატების შესახებ დეტალური ინფორმაცია. კომისიას წერდნენ მოქალაქეებიც.

ნონა წოწორია

„ჩვენ გვყავდა შესაფასებელი 28 მოსამართლე და მხოლოდ 5-ს მივეცით დადებითი შეფასება. ძირითადად უარყოფითი შეფასება უკავშირდებოდა ფინანსურ საკითხებს.

რაც შეეხება ეთიკას,  ვიყენებთ სამოსამართლეო ეთიკის წესებს, ასევე ევროსასამართლოს ამ კუთხით არსებულ პრაქტიკას. პრაქტიკაში ხომ არ იყო შემთხვევა, როცა მოსამართლეების მხრიდან ეთიკის მიმართ დამოკიდებულება დადგა ეჭვის ქვეშ?  იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა დადასტურდა პრობლემა ფინანსურ ნაწილში და ეთიკის კუთხითაც. მაგალითად, ერთ-ერთმა მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე და შემდეგ იგივე მოსამართლე გაუძღვა მოსამართლეთა კონფერენციას, სადაც ამ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება უნდა მომხდარიყო.

როცა შევარჩიეთ ეს 5 მოსამართლე, მალევე ჩაინიშნა მოსამართლეთა კონფერენცია. ბუნდოვანი იყო რამდენად აირჩევდა ჩვენს მიერ შერჩეულ კანდიდატებს საერთო კრება. ეს რთული პროცესი იყო“ – თხრობაშივე ეტყობა ევროსასამართლოს ყოფილ მოსამართლეს, როგორი ინტერესით აკვირდებოდა პროცესს: როგორ მოიქცევიან ახლა მოსამართლეები?

„საბოლოოდ 5-დან 4 მოსამართლე აირჩიეს წევრად და 1 სათადარიგო წევრად. იუსტიციის საბჭოში სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოს კვოტები აქვთ. მაგალითად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებიდან ვერავინ შევარჩიეთ.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ რამდენიმე თვის წინ  უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების 80 % გადადგა და მხოლოდ  5 მოსამართლე დარჩა. პრაქტიკულად მთელი უზენაესი სასამართლო უფუნქციო გახდა,“ – გვიყვება ნონა წოწორია და დასძენს, რომ მოლდოვის გამოცდილებამ მას ეს აჩვენა: იუსტიციის და საპროკურორო საბჭოს პარალელურად, ან მანამდე უზენაესი სასამართლოს რეფორმაა საჭირო.

მოლდოვაში უზენაესი სასამართლოს რეფორმა ახლა იწყება. აქაც უცხოელებით და მოლდოველებით დაკომპლექტებულმა პარიტეტულმა კომისიამ   წინასწარ უნდა შეფასოს კანდიდატები.

სპეციალური კომისიის უარყოფითი დასკვნა არ ნიშნავს იმას, რომ კანდიდატი მოსამართლეობას წყვეტს – ის ადმინისტრაციულ თანამდებობას ვეღარ იკავებს, ანუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ვერ ხდება. მოლდოვაში გაუთვალისწინებიათ ვენეციის კომისიის რეკომენდაცია გადაწყვეტილების საჯაროობის ნაწილშიც: დასკვნა არ საჯაროვდება, თუ კანდიდატი თანახმა არ არის.

ნონა წოწორია ამბობს, რომ კომისია კრიტიკის საგანი გახდა: ერთის მხრივ, კანდიდატებმა მიიჩნიეს, რომ კომისია ძალიან მკაცრი იყო სტანდარტების დაცვის კუთხით, საზოგადოება კი, ელის სწრაფ და ეფექტურ შედეგს:

„გვეუბნებოდნენ, რომ ასეთი გარემო იყო აქამდე, რა გვექნა? მაგრამ ჩვენ ვიყავით ძალიან მკაცრი ამ სტანდარტების მიმართ. ადამიანს, რომელსაც აქვს პრეტენზია მართოს სასამართლო ხელისუფლება, თუ პროკურატურა, უნდა იყოს უმწიკვლო, რომ შეძლოს სისტემის მართვა. თუ თვითონ აქვს პრობლემა, მაგალითად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ის ვერ შეძლებს იყოს კრიტიკული სხვის შეფასებაში, რაც შეეხება შეფასების ვადებს, სპეციალური კომისია თვლიდა, რომ პროცესის სისწრაფე შეფასების ხარისხის ხარჯზე ვერ მოხდებოდა,“ – კატეგორიულია ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე.

კომისიამ შეარჩია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 6 არამოსამართლე წევრობის კანდიდატიდან 3, რომლებიც პარლამენტმა უკვე აირჩია. კომისია ამ ეტაპზე გადაწყვეტილებებს ამზადებს,  საიდაც დანარჩენი სამი ადგილისთვის უნდა შეარჩიონ კანდიდატები.„საინტერესოა, რომ არამოსამართლე წევრობის კანდიდატების შემადგებლობა მრავალფეროვანი იყო, არ იყო მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოება, მათ შორის, ყოფილი პოლიციელი და ყოფილი მოსამართლეც არის,“ – დასძინა ნონა წოწორიამ.

კომისიამ შეარჩია პროკურატურის საბჭოს კანდიდატებიც. აქ 18 კანდიდატი გვყავდა, რომელთაგანაც 8 მიიღო დადებითი შეფასება,  მოსამართლეებთან შედარებით მათი   გასვლის პროცენტი მაღალი იყო (18% vs. 41%), შენიშნავს ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე. პროკურატურის საბჭოს წევრებს მოლდოვაში აგვისტოს ბოლოს აირჩევენ.

ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე ყურადღებას ამახვილებს „სასტარტო პოზიციაზე“ – მოლდოვამ საქართველოს უკვე გაუსწრო იგივე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომლექტების წესით.

„საქართველოში ვინ აფასებს ამ წევრებს, რა ჩართულობაა პროცესში? აქ ჩვენს სხდომებზე დასწრება შეიძლება და ონლაინ სხდომების ნახვაც. საქართვეოში არ უნდათ, რომ ერთი განსხვავებული პოზიციის მქონე ადამიანი მაინც იყოს საბჭოში, მოლდოვაში კი, სამოქალაქო სექტორს აქვს საკვანძო როლი ამ პროცესში.

რა მნიშვნელობას იძენს ამ დროს გამოცდილება, რომელიც რეფორმების კუთხით საქართველოს აქვს?

„ჩვენ გვაქვს ამის პოტენციალი, ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ, თუ პოლიტიკური ნება იქნება. ოქტომბრამდეც შეიძლება ბევრი რამის შემოტრიალება და ეს ევროკავშირის მხრიდან არ დარჩება დაუნახავი. ცხადია, რომ საქართველოს ხელისუფლების ინტერესში არ შედის ევროინტეგრაცია. სამწუხაროდ, ჩვენ დაგვიდგა დამოუკიდებლობის 30 წლის თავზე ისეთი რეალობა, რომ დასავლეთი გვეკითხება: საით იყურებით, რა გინდათ? თუ ჩვენგან სწავლობდნენ 20 წლის წინ, ახლა ისეთ სიტუაციაში ვართ, სხვებისგან უნდა ვისწავლოთ.

მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს სასამართლო რეფორმა არ იყო რეფორმების ცენტრში. აშკარა იყო, რომ სასამართლო ჩამორჩებოდა რეფორმირებით სხვა სფეროებს, რაც იყო ფუნდამენტურად დიდი შეცდომა. აზრი არ აქვს სამართალდამცავი სისტემის რეფორმას, თუ სასამართლო არ არის რეფორმირებული. სასამართლოს რეფორმის გარეშე ვერცერთი სხვა რეფორმა წარმატებული ვერ იქნება, აზრი არ აქვს, პრაქტიკულად დააქცევს ყველა რეფორმას, თუ სასამართლო არ იქნება რეფორმირებული.

მოლდოვას მაგალითი დღეს აჩვენებს, რომ თუ მოინდომებ, მეგობრები გვერდით დაგიდგებიან. ძირითადად ეს პროცესი მოლდოვაში დონორების დაფინანსებულია. ამისთვის საჭიროა პოლიტიკური ნება და ის, რომ პროცესი იყოს გამჭვირვალე. დიდი მნიშვნელობა აქვს სტანდარტების ჩამოყალიბებას, რაც უზრუნველყოფს თანმიმდევრული გადაწყვეტილებების მიღებას,“ – გვითხრა ნონა წოწორიამ.

რას აკეთებს ამ დროს საქართველო: „ყველანაირად სცადა ხელისუფლებამ, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები არ შეესრულებია“  

სამწუხაროდ, საქართველოში სასამართლო სისტემაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ ხორციელდება,“ – ამბობს ეკა ციმაკურიძე, სამოქალაქო ორგანიზაციისდემოკრატიის ინდექსისაქართველოგამგეობის თავმჯდომარე ეკა ციმაკურიძე სამუშაო ჯგუფის წევრი იყო, რომელიც ვენეციის კომისიის 2023 წლის დასკვნის შემდეგ პარლამენტში შეიქმნა. ამ ჯგუფმა მუშაობა ისე დაასრულა, რომ ვენეციის კომისიის მთავარი რეკომენდაცია გათვალისწინებული არ არის.

ამ დრომდე მიდგომა არის ის, რომ არის მხოლოდ ფრაგმენტული ცვლილებების გატარების მცდელობა, რაც ძირეულ რეფორმამდე ვერ მიგვიყვანს. ძირეული რეფორმაა მოთხოვნილი ევროკავშირის მხრიდან. ძირეული რეფორმა უპირველესად გულისხმობს იმას, რომ იუსტიციის საბჭოს ძალაუფლების დეკონცენტრაცია მოხერხდეს, მაგალითად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში ერთი და იგივე პირი განმეორებით არ შეიძლება იყოს არჩეული, არამოსამართლე წევრების როლის საბჭოში უნდა გაიზარდოს, მოსამართლეს არ უნდა ეკავოს ერთდროულად რამდენიმე ადმინისტრაციული თანამდებობა“ – ამბობს ეკა ციმაკურიძე და ჩვენთან საუბრისას აღწერს, სამუშაო ჯგუფის მოსამართლე წევრები: დიმიტრი გვრიტიშვილი და გიორგი მიქაუტაძე მაქსიმალურად როგორ ცდილობდნენ, ვენეციის კომისიის ის რეკომენდაციები არ შესრულებულიყო, რაც კლანის დასუსტებას და სასამართლოს გაძლიერებას ისახავს მიზნად.

გვრიტიშვილი და მიქაუტაძე ეწინააღმდეგებოდნენ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ხშირად სრულიად დაუსაბუთებელი არგუმენტებით, მაგალითად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით, მოსამართლეების მივლინების წესზე.

სამუშაო ჯგუფში ხმას არ იღებდნენ, ან ისინიც წინააღმდეგობას წევდნენ კონკრეტულ ცვლილებებზე: იურიდიული დახმარების სამსახური, ადვოკატთა ასოციაცია. სახალხო დამცველი აქტიურად იყო ჩართული პროცესში. სამოქალაქო ორგანიზაციები კი, ვცდილობდით, შესრულებულიყო ის, რასაც ვენეციის კომისია ითხოვდა, ჩვენ ახალი და განსაკუთრებული არაფერი შეგვითავაზებია,“ – ამბობს ეკა ციმაკურიძებათუმელებთან“.

ეკა ციმაკურიძე

რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა შეიცვალოს ახლა სასამართლო სისტემაში და არ იცვლება? – ეკა ციმაკურიძეს კითხვის პასუხად, პირველ რიგში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა ახსენდება, ასევე 2021 წლის დეკემბერში მიღებული ცვლილებები, რაზეც ვენეციის კომისიამ პირდაპირ თქვა, რომ უნდა გაუქმდეს:

ეს ეხება მოსამართლეების მივლინების წესს და აზრის გამოხატვის უფლებას.

.. იძულებით მივლინების წესი არის კარგი შესაძლებლობა სისტემის ხელში, რომ მათთვის არასასურველი მოსამართლე გადაიყვანონ სხვა სასამართლოში. დღეს არ ჩანს, რომ ეს წესი არის გამოყენებული სადამსჯელო მექანიზმად, ჯერჯერობით არ სჭირდებათ, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია მოსამართლეების მისამართით: თუ ისინი მოინდომებენ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებას პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე, საბჭოს ხელში არის მნიშვნელოვანი ბერკეტი, მინიმუმ დისკომფორტი შეგიქმნას.

ეს წესი ასევე იძლევა შესაძლებლობასკლანისთვის სასურველი მოსამართლე გადაიყვანონ კონკრეტულ სასამართლოში იმის მიხედვით, თუ რა საქმე არის განსახილველი.

მეორე ცვლილება ეხებოდა მოსამართლეების აზრის გამოხატვის შეზღუდვას პოლიტიკური ნეიტრალიტეტის მოტივით. ეს ჩანაწერი იმდენად ბუნდოვანია, რომ შეიძლება შეეხოს ნებისმიერი სახის აზრის გამოხატვას, რაც ეხება, მაგალითად, სასამართლო რეფორმას, სისტემაში არსებულ პრობლემებს. ვენეციის კომისიის უარყოფითი დასკვნის შემდეგ პარლამენტმა გამონაკლისი დააწესა, რომ მოსამართლეებს შეუძლიათ  მხოლოდ მეცნიერული და აკადემიური შეფასებები გააკეთონ, თუმცა ეს ჩანაწერი ისევ არ არის მკაფიო.

ერთადერთი მნიშვნელოვანი ცვლილება რაც განხორციელდა ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ არის ის, რომ გაუქმდა მოსამართლის საქმიდან ჩამოცილება, როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიება, რაც ძალიან მკაცრი ზომაა და ვენეციის კომისია არ უწევდა მას რეკომენდაციას

ამ ცვლილებებზე ჩვენ ვენეციის კომისიამ პირდაპირ გვითხრა, რომ მოსამართლეების დამოუკიდებლობის გარანტიები შესუსტდა,“ – განმარტავს ეკა ციმაკურიძე, „დემოკრატიის ინდექსისაქართველოსგამგეობის თავმჯდომარე.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შემდეგოცნებისხელისუფლებამ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების წესი შეცვალა, თუმცა კანონი შეცვალა ისე, რომ განაჩენები შესაძლოა ამჯერად წლობით ვეღარ ვიხილოთ. ეკა ციმაკურიძე ამ ნაწილში ახსენებს ნდობას სასამართლოს მიმართ, რომელიც ვერცერთი ლოგიკით ვერ აღდგება, თუ ადამიანებს მინიმუმ არ ექნებათ შესაძლებლობა, წაიკითხონ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.

გახმაურებულ საქმეებზე როცა სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას, ვიდრე ყველა ინსტანცია მიიღებს გადაწყვეტილებას, შეიძლება ამას 3-4 წელი დასჭირდეს, ეს საკითხი კი, რაზეც მიიღო სასამართლომ გადაწყვეტილება, კარგავს სიმწვავეს და ინტერესს. ნებისმიერი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის საბოლოო დოკუმენტი. ის შეიძლება შეიცვალოს ნებისმიერი შემდეგი ინსტანციის გადაწყვეტილებით, მაგრამ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, როგორც დოკუმენტი, რჩება ისეთივე, როგორც იყო თავდაპირველად. ამის დაფარვის არანაირი ლეგიტიმური საფუძველი არ არსებობს,“ – მიიჩნევს ეკა ციმაკურიძე.

დამოუკიდებელი იურისტის დაკვირვებით, ამ დრომდე საზოგადოების დაკვეთა ხელისუფლების მიმართ სასამართლო რეფორმებზე არ არის მკაფიო:

ისევე, როგორც გამოვედით რუსული კანონის წინააღმდეგ ქუჩაში, ან უკრაინის მხარდასაჭერად, მოვითხოვეთ ევროკავშირში წევრობის განაცხადის შეტანა, ხელისუფლებას მოვთხოვეთ, გადაედგა კონკრეტული ნაბიჯები, ასევე კატეგორიულად უნდა მოვთხოვოთ ხელისუფლებას სასამართლოს დამოუკიდებლობა, რომლის გარეშეც არაფერი არ გამოვა,“ – ეკა ციმაკურიძე დარწმუნებულია, რომ პოლიტიკური ნების გაჩენის შემთხვევაში ოქტომბრამდეც შეიძლება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რასაც ევროკავშირი დამაჯერებლად აღიქვამს.


დემოკრატიის ინდექსი

მასალების გადაბეჭდვის წესი