სამართალი

რა (არ) იცვლება სასამართლოს განაჩენების საჯაროობის კუთხით

20 ივლისი, 2023 • 2300
რა (არ) იცვლება სასამართლოს განაჩენების საჯაროობის კუთხით

იცოდით, რომ მოსამართლეების მიერ გამოტანილი განაჩენები საჯაროა და სასამართლოდან მათი გამოთხოვა შეგიძლიათ? თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, მათ ვერ იღებთ. გახდება თუ არა სასამართლო უფრო გამჭვირვალე 2024 წლიდან?


ევროკავშირის 12 რეკომენდაციის ფარგლებში საქართველოს პარლამენტმა საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები შეიტანა. 

მათ შორის დარეგულირდა სასამართლოს გადაწყვეტილებების გასაჯაროების საკითხიც, რომელსაც კანონი მანამდეც ითვალისწინებდა, თუმცა პრაქტიკაში მისი აღსრულება არ ხდებოდა.

საქართველოს ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ამ და სხვა ცვლილებებით მართლმსაჯულების სფეროში ევროკომისიის რეკომენდაციას შეასრულებს. 

ნეტგაზეთი შემოგთავაზებთ სტატიების სერიას იმაზე, თუ რა ტიპის რეფორმები (არ) ხორციელდება ამ სფეროში. 

ქვემოთ მოცემულ სტატიაში განვიხილავთ სასამართლოს გადაწყვეტილებების საჯაროობის საკითხს.

რა ეწერა კანონში და როგორია მოქმედი პრაქტიკა

მოქმედი კანონმდებლობით, თუ მოსამართლე თქვენთვის საინტერესო საქმეზე გადაწყვეტილებას ღია სხდომაზე იღებს, ის მთლიანად საჯაროა და უნდა გამოქვეყნდეს სასამართლოს ვებგვერდზე, ხოლო დახურული პროცესის შემთხვევაში – მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი. ამ გადაწყვეტილებების გამოთხოვა მოქალაქესაც შეუძლია საჯარო ინფორმაციის გაცემის წესით.

თუმცა არსებობს ერთი მაგრამ… 

მართალია, სასამართლო გადაწყვეტილებები საჯაროა, მაგრამ კანონით უნდა დაიფაროს მსჯავრდებულის და საქმის სხვა ფიგურანტების პერსონალური მონაცემები. 

სწორედ პერსონალური მონაცემების დაცვაზე აპელირებით, ბოლო რამდენიმე წელია, სასამართლოები გადაწყვეტილებებს საჯაროდ აღარ აქვეყნებენ და ხშირ შემთხვევაში, საჯარო ინფორმაციის წესით გაცემაზეც უარს ამბობენ.

ამგვარ შემთხვევაზე დავობს ადმინისტრაციული წესით სასამართლოში ნეტგაზეთი/ბათუმელებიც. საჯარო ინფორმაციის სახით თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის სასამართლოებიდან 2021 წლიდან დღემდე მიღებული განჩინებები და განაჩენები გამოვითხოვეთ სქესობრივი ხასიათის დანაშაულებისა და ოჯახში ძალადობის მუხლებით წარმოებულ საქმეებზე. თუმცა არცერთმა სასამართლომ აღნიშნული ინფორმაცია გამოცემას სრულად არ მიაწოდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ საპასუხო წერილში აღნიშნა, რომ ამგვარი საქმეების უმეტესობა დახურულ რეჟიმში წარიმართა და პერსონალური მონაცემების დაცვის თვალსაზრისით მათი დამუშავება არ მომხდარა. ამ მოტივით თბილისის საქალაქო სასამართლომ არც გადაწყვეტილებების სარეზოლუციო ნაწილი მოგვაწოდა, რასაც კანონმდებლობა ავალდებულებდა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ კი მიუთითა, რომ გამოცემას „რამდენიმე“ საქმის განაჩენს უგზავნიდა და არ დაუკონკრეტებია, რა პრინციპით მოახდინა საანგარიშო პერიოდის ფარგლებში წარმოებული საქმეებიდან მათი გამორჩევა.

რაც შეეხება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, საქმეთა სიმრავლეზე და რესურსის სიმცირეზე მინიშნებით „ბათუმელებს“ საკუთარი „შესაძლებლობის“ ფარგლებში მხოლოდ რამდენიმე საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების ასლი გამოუგზავნა.

პრობლემის მასშტაბურობაზე მეტყველებს ისიც, რომ აღნიშნულ საკითხზე 2019 წელს საკონსტიტუციო სასამართლომაც იმსჯელა. სასამართლომ დაადგინა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები საჯაროა, ხოლო როდესაც საქმე პერსონალური მონაცემების დაცვას ეხება, „ბალანსი გამჭვირვალობის სასარგებლოდ უნდა იყოს“.

მიუხედავად ამისა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან კანონმდებლობის შესაბამისობაში მოსაყვანად პარლამენტს კანონში შესაბამისი ცვლილებები რამდენიმე წლის განმავლობაში არ შეუტანია და საბოლოოდ, 2023 წლის ივნისში, ევრორეკომენდაციების ფარგლებში მიიღო, თუმცა მისი ამოქმედების თარიღად 2024 წლის პირველი იანვარია მითითებული.

რას შეცვლის ახალი ჩანაწერი კანონში?

კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, სასამართლო გადაწყვეტილებები, მათ შორის შუალედურიც, საჯაროა და უნდა გამოქვეყნდეს როგორც სასამართლოს საიტზე, ასევე გაიცეს საჯარო ინფორმაციის სახით, თუმცა მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევა.

როგორც „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მართლმსაჯულების პროგრამის დირექტორი გურო იმნაძე „ნეტგაზეთთან“ განმარტავს, ცვლილებებით ორი განსხვავებული რეჟიმი დგინდება. კერძოდ, სასამართლოს ვებგვერდზე გადაწყვეტილებები პერსონალური ინფორმაციის დაშტრიხვით გამოქვეყნდება, საჯარო ინფორმაციის სახით კი, თუ მაგალითად, მოქალაქე მოისურვებს მის გამოთხოვას, მოხდება გადაწყვეტილების სრულყოფილი ტექსტის გაცემა დეპერსონალიზაციის გარეშე.

გარდა ამისა, კანონში შესული ცვლილებებით გაიწერა ის ინფორმაცია, რაც პერსონალურ მონაცემებს შეიცავს და დაშტრიხვას ექვემდებარება. მათ შორის:

ა) პირის ვინაობა, სახელწოდება, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი, საიდენტიფიკაციო ნომერი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, სამუშაო ადგილისა და დაკავებული თანამდებობის სახელწოდებები;
ბ) პირის რეგისტრაციის ადგილის, ადგილსამყოფლის, საცხოვრებელი ადგილისა და სამუშაო ადგილის მისამართები;
გ) პირის ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი;

მიუხედავად ამგვარი კონკრეტიკისა, კანონში კიდევ ერთი პუნქტი გვხვდება, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უფლებამოსილებას უზრდის და ანიჭებს დისკრეციას, „განსაზღვროს სხვა სახის ისეთი ინფორმაცია, რომელიც პერსონალურ მონაცემებს განეკუთვნება“.

იმის დასაზუსტებლად, თუ რატომ იყო საჭირო კანონში, ერთი მხრივ, კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებზე მითითება, ხოლო მეორე მხრივ, საბჭოსთვის დამატებითი უფლებამოსილების დაკისრება, „ნეტგაზეთი“ დაკავშირებას შეეცადა როგორც უმრავლესობის სამუშაო ჯგუფში შემავალ დეპუტატებთან, ასევე იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან, თუმცა ჩვენს კითხვებზე პასუხის გაცემის სურვილი არც პარლამენტში და არც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არ გამოუჩენიათ. სასამართლო სისტემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კი მიიჩნევენ, რომ შესაძლოა აღნიშნულმა ჩანაწერებმა კანონის სულისკვეთებას შეუშალოს ხელი.

კერძოდ, კანონიერ ძალაში სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ შედის, რაც მას სამივე ინსტანციის სასამართლო განიხილავს — ეს კი შესაძლოა წლები გაგრძელდეს.

მაგალითისთვის, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონში შესული ცვლილებების მიხედვით საჯარო არ იქნება, თუ საქმეს რომელიმე მხარე გაასაჩივრებს ჯერ სააპელაციოში, შემდეგ კი, უზენაეს სასამართლოში. შესაბამისად, თუ საზოგადოების ინტერესს რომელიმე გახმაურებულ საქმეზე პირველი ან მეორე ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა წარმოადგენს, მისი მყისიერად გაცნობის შესაძლებლობას უზენაეს სასამართლოში განხილვის დასრულებამდე არ ექნება.

იურისტი გურო იმნაძე აღნიშნავს, რომ ქართულ რეალობაში სასამართლოში საქმის განხილვის ვადების დაცვა ისედაც პრობლემურია და თუ მხარეები პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ, რაც მნიშვნელოვან საქმეებზე, როგორც წესი, ყოველთვის ხდება, უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვამდე და გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე შესაძლოა 5-7 წელიც კი გავიდეს:

„ამგვარი რეგულირება ცალსახად ვერ პასუხობს საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების პრინციპებს და სტანდარტებს იმიტომ, რომ 7 წლის შემდეგ გადაწყვეტილების ხელმისაწვდომობა შეიძლება აღარც იყოს იმდენად მნიშვნელოვანი და მაღალი საჯარო ინტერესის დაკმაყოფილებას ვერ უზრუნველყოფდეს ასეთი დაგვიანებით გადაწყვეტილების ხელმისაწვდომობა. ჩვენ ამაზე პარლამენტში გვქონდა არაერთხელ საუბარი, მაგრამ ქართულმა ოცნებამ, სამწუხაროდ, არ გაითვალისწინა ჩვენი მოსაზრებები“, — აცხადებს გურო იმნაძე „ნეტგაზეთთან“ საუბარში.

მისი თქმით, არგუმენტი, რომელიც აღნიშნული ჩანაწერის სასარგებლოდ სამუშაო ჯგუფში კანონპროექტის ავტორებს ჰქონდათ, ის იყო, რომ შესაძლოა საქმის რომელიმე ეპიზოდზე შემდგომმა ინსტანციამ დახურულ სხდომაზე იმსჯელოს, შეცვლილი კანონმდებლობის პირობებში კი დახურულ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება საჯაროდ აღარ ჩაითვლება.

რაც შეეხება ჩანაწერს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დისკრეციაზე, იმნაძე მიიჩნევს, რომ კანონის კეთილსინდისიერად წაკითხვის შემთხვევაში ეს რეგულაცია პრობლემური არაა, თუმცა იმ ფონზე, როცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ სანდოობა დაბალია, ნებისმიერი საკითხი შეიძლება რისკის ქვეშ დადგეს:

„ობიექტურად, საბჭოს შეიძლება დასჭირდეს სპეციალური ინსტრუქცია-წესების შემუშავება, თუ როგორ ხდება ამ გადაწყვეტილებების დაშტრიხვა, დაუშტრიხავის გამოქვეყნება და ა.შ. ნორმალურ პირობებში ეს პრობლემა არ არის. ჩვენს შემთხვევაში, როცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ არსებობს ასეთ დიდი უნდობლობა, ნებისმიერი საკითხი შეიძლება რისკის ქვეშ დადგეს და ეს მექანიზმიც ბოროტად იქნას გამოყენებული“ ,— აღნიშნავს იურისტი.

საბოლოო ჯამში, გურო იმნაძის შეფასებით, აღნიშნული ცვლილებები ამოქმედების შემდეგ არსებულ პრაქტიკაზე უკეთესი ნამდვილად იქნება, რადგანაც ახლა სასამართლოს გადაწყვეტილებები, ფაქტობრივად, არ ქვეყნდება, თუმცა იურისტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ნორმები მაინც ვერ უზრუნველყოფს სასამართლოს გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობის მაღალ სტანდარტს.


სტატია მომზადდა  ნეტგაზეთის  მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია  ნეტგაზეთი  და
მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი