ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“2026 წლისთვის ყარაბაღში 140 000-მდე დევნილი დაბრუნდება” – ალიევი

21 ივლისი, 2023 • 3759
“2026 წლისთვის ყარაბაღში 140 000-მდე დევნილი დაბრუნდება” – ალიევი

“სამ წელიწადში ყარაბაღში და აღმოსავლეთ-ზანგეზურის რეგიონებში 150 ათასზე მეტ ადამიანს დავაბრუნებთ”, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დღეს, 21 ივლისს, ქალაქ შუშაში გამართულ საერთაშორისო მედია-ფორუმზე განაცხადა.

“მხოლოდ ყარაბაღის რეგიონში 2026 წლისთვის 140 ათასამდე ადამიანის დაბრუნებაა დაგეგმილი. ვიმედოვნებ, შემდეგ წელს პირველი მცხოვრებლები ქალაქ შუშაში დასახლდებიან. ძალიან გვინდა, რომ ადამიანები, რომლებიც 30 წლის განმავლობაში მორალურად დ ფიზიკურად იტანჯებოდნენ, საუკეთესო პირობებით იყვნენ უზრუნველყოფილი”, – განაცხადა ალიევმა.

ქალაქი შუშა აზერბაიჯანმა 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის დროს დაიკავა და მალევე აქ სასტუმროების მშენებლობა დააანონსა.

„შუშასთვის გადამწყვეტი ბრძოლა მიმდინარეობს“ — ომის 43-ე დღე

“გასათვალისწინებელია, რომ აქ იქნება ძალიან დიდი ნაკადი ტურისტებისა, ამიტომაც აქ უნდა აშენდეს ხუთ-ოთხ და სამვარსკვლავიანი სასტუმროები. ჩვენ ვხედავთ, რომ აქ სომხებს არ აუშენებიათ პრაქტიკულად არცერთი შენობა. შესაძლოა, მხოლოდ ეს ერთი მახინჯი ნაგებობა. ამასთან, იყენებდნენ აზერბაიჯანელების მიერ საბჭოთა დროს აშენებულ ნაგებობებს, ცხოვრობდნენ აზერბაიჯანელთა სახლებში. ყველა ეს “ხრუშჩოვკაც” საბჭოთა დროინდელია და მათი ექსპლუატაციის ვადა დიდი ხანია ამოიწურა. ახლა ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ შენობების მდგომარეობას. შუშა გახდება ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქი არა მხოლოდ აზერბაიჯანში, არამედ მთელ მსოფლიოში და ჩვენ ამას მივაღწევთ 100%-ით”, – აცხადებდა ალიევი 2021 წელს.

2020 წლის სექტემბრამდე დე ფაქტო მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ტერიტორიის არსებული 11,450 კვ.კმ-დან აზერბაიჯანმა ომის დროს დაახლოებით 3,750 კვ.კმ დაიკავა და კიდევ 4,500 კვ.კმ 2020 წლის 10 ნოემბრის “სამმხრივი განცხადების” შესაბამისად მიიღო. კიდევ 250 კვ.კმ აზერბაიჯანმა სომხეთის ხელისუფლებასთან ზეპირი შეთანხმებებისა და 2021 წელს კიდევ ერთი სამხედრო შეტაკების შემდეგ აიღო. შესაბამისად, დღეს მთიანი ყარაბაღის დარჩენილი ტერიტორია 3 ათას კვ. კმ-ზე ნაკლებ ფართობს წარმოადგენს.

დღეს აზერბაიჯანის ხელისუფლებას სურს ყველანაირი ავტონომიის გარეშე მთიანი ყარაბაღის დარჩენილ ტერიტორიაზე სრული კონტროლის მიღება და მთიანი ყარაბაღიდან მესამე მხარის გასვლა. ეს შეეხება როგორც რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტს, ასევე, შესაძლო ევროპულ მისიას.

მასალების გადაბეჭდვის წესი