ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“აზერბაიჯანმა თანამედროვე საკონცენტრაციო ბანაკი შექმნა” – სტეპანაკერტი

19 ივლისი, 2023 • 1554
“აზერბაიჯანმა თანამედროვე საკონცენტრაციო ბანაკი შექმნა” – სტეპანაკერტი

“3000 კვადრატულ მეტრზე აზერბაიჯანმა თანამედროვე საკონცენტრაციო ბანაკი შექმნა”, – განაცხადა თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის პარლამენტის თავმჯდომარემ არტურ თოვმასიანმა საერთაშორისო საზოგადოებისადმი მიმართვისას. წერს azatutyun.am.

მისი თქმით, ქვეყნის 120 ათასი მოქალაქე და 30 ათასი იძულებით გადაადგილებული პირი 8 თვის განმავლობაში განიცდის დამცირებას, შიმშილს, ფიზიკური განადგურების საფრთხეს და ცხოვრობს ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, საწვავისა და მედიკამენტების გარეშე.

შესაბამისად, დე ფაქტო პარლამენტის სპიკერი საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, შექმნას სპეციალური სისხლის სამართლის ტრიბუნალი აზერბაიჯანის ხელისუფლების წინააღმდეგ თანამედროვე საკონცენტრაციო ბანაკის შექმნისთვის, რომელიც მთიანი ყარაბაღის ძირძველ მოსახლეობას თანდათანობით ანადგურებს.

აზერბაიჯანმა სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი ლაჩინის კორიდორი 2022 წლის დეკემბერს ჩაკეტა. გზის ჩაკეტვის გამო ყარაბაღში ჰუმანიტარული კრიზისია. ადგილობრივები ამბობენ, რომ პოლიტიკური, სოციალური და ეკოლოგიური პრობლემების პირობებში ყარაბაღში დიდხანს ცხოვრებას ვერ შეძლებენ. რაც შეეხება საყოფაცხოვრებო პროდუქციას სომეხი მოსახლეობისთვის ყარაბაღში, აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ მათ შეუძლიათ გამოიყენონ მარშრუტი აღდამი-ჰანქენდი.

2020 წლის სექტემბრამდე დე ფაქტო მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ტერიტორიის არსებული 11,450 კვ.კმ-დან აზერბაიჯანმა ომის დროს დაახლოებით 3,750 კვ.კმ დაიკავა და კიდევ 4,500 კვ.კმ 2020 წლის 10 ნოემბრის “სამმხრივი განცხადების” შესაბამისად მიიღო. კიდევ 250 კვ.კმ აზერბაიჯანმა სომხეთის ხელისუფლებასთან ზეპირი შეთანხმებებისა და 2021 წელს კიდევ ერთი სამხედრო შეტაკების შემდეგ აიღო. შესაბამისად, დღეს მთიანი ყარაბაღის დარჩენილი ტერიტორია 3 ათას კვ. კმ-ზე ნაკლებ ფართობს წარმოადგენს.

დღეს აზერბაიჯანის ხელისუფლებას სურს ყველანაირი ავტონომიიის გარეშე მთიანი ყარაბაღის დარჩენილ ტერიტორიაზე სრული კონტროლის მიღება და მთიანი ყარაბაღიდან მესამე მხარის გასვლა. ეს შეეხება როგორც რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტს, ასევე, შესაძლო ევროპულ მისიას.

მასალების გადაბეჭდვის წესი