ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ყარაბაღელი სომხები დახმარების სანაცვლოდ ყარაბაღიდან ამოწერას აპროტესტებენ

6 თებერვალი, 2024 • 810
ყარაბაღელი სომხები დახმარების სანაცვლოდ ყარაბაღიდან ამოწერას აპროტესტებენ

2023 წელს ყარაბაღიდან დევნილ სომეხ მოსახლეობას ფინანსური დახმარების მისაღებად, სომხეთში რეგისტრაციის გარდა, ყარაბაღის მისამართიდან ამოწერაც მოსთხოვეს, რამაც დევნილებში პროტესტი გამოიწვია. 

სომხეთის ოფიციალური ცნობით, ორი თვის განმავლობაში 100 ათასი დევნილიდან განაცხადი სომხეთის მოქალაქეობაზე მხოლოდ 735-მა ადამიანმა შეიტანა. დროებითი დაცვის სტატუსთან [რაც დევნილილს სტატუსს უტოლდება] დაკავშირებით ცნობა კი 53 ათასმა პირმა მიიღო.

ზოგიერთმა მათგანმა, ვინც ოფიციალურად მიიღო ახალი სტატუსი, განაცხადა, რომ არ ჰქონდა ინფორმაცია ყარაბაღის მისამართიდან ამოშლის შესახებ. 

“მაგრამ, მეორე მხრივ, რომც გავეფრთხილებინეთ, ამის გარეშე პენსიას არავინ მომცემდა” ,- ამბობს გაიანე გრიგორიანი, დევნილი სტეფანაკერტიდან. 

ოფიციალური ცნობით, ყარაბაღელ დევნილებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ სომხეთის მოქალაქეობა, ან დროებითი დაცვის სტატუსი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ვერ მიიღებენ მათთვის დანიშნულ პენსიებსა და შემწეობებს, რისთვისაც, თავის მხრივ, სომხეთი მათ  მუდმივი საცხოვრებლის, ანუ ყარაბაღის მისამართიდან ამოწერასს სთხოვს. 

2023 წლის 17 ოქტომბრის მონაცემებით, სომხეთში 100 632 იძულებით გადაადგილებული პირი შევიდა მთიანი ყარაბაღიდან. დევნილებს საშუალება ეძლევათ განთავსდნენ სასტუმროებსა და პანსიონებში, მიიღონ ერთჯერადი დახმარება დაახლოებით 100 ათასი დრამი(დაახლოებით 250 დოლარი)  და ყოველთვიურად 50 ათასი დრამი (დაახლოებით 125 დოლარი) საცხოვრებლის ქირისთვის, ასევე, 10 ათასი დრამი (დაახლოებით 25 დოლარი) – კომუნალური გადასახადებისთვის. 

ოფიციალური მონაცემებითვე, 2023 წლის 19 სექტემბრიდან 16 იანვრის ჩათვლით, სომხეთის საზღვარზე საჰაერო და  სახმელეთო გამშვები პუქნტებიდან გაემგზავრა 12 203 ყარაბაღელი სომეხი, აქედან 5770 სომხეთში დაბრუნდა. შესაბამისად, 16 იანვრის მდგომარეობითვე, 6433-მა ყარაბაღელმა დატოვა სომხეთი და აღარ დაბრუნდა.

მთიანი ყარაბაღიდან 100 ათასზე მეტი ეთნიკური სომეხიდან სომხეთის შს სამინისტროს საემიგრაციო სამსახურს დევნილის სტატუსის მისაღებად ამ ეტაპზე 36 ათასმა მიმართა.

მთიანი ყარაბაღის იმ ტერიტორიაზე, რომელსაც აზერბაიჯანული მხარე არ აკონტროლებდა და 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის ქვეშ იყო, აზერბაიჯანმა, “ანტიტერორისტული ოპერაციის” მოტივით, 2023 წლის 19 სექტემბერს შეტევა დაიწყო. 19 სექტემბრის შემდეგ, ოფიციალური მონაცემით, 100 ათასზე მეტი ეთნიკური სომეხი საცხოვრებლად სომხეთში გადავიდა.

2024 წლის პირველი იანვრიდან, 2023 წლის 19 სექტემბრის შემდეგ შექმნილი სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციის გამო, არცახის რესპუბლიკამ [თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა] არსებობა შეწყვიტა.

მასალების გადაბეჭდვის წესი