ახალი ამბები

რაქვიაშვილი: ვეტოს დაძლევისას „ოცნების“ წევრებმა სხვების ნაცვლად მისცეს ხმა

6 ივლისი, 2023 • 1100
რაქვიაშვილი: ვეტოს დაძლევისას „ოცნების“ წევრებმა სხვების ნაცვლად მისცეს ხმა

პარტია „გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი აცხადებს, რომ 3 ივლისს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო პროცედურული დარღვევით დაძლია.

საუბარია ცესკოს შესახებ კანონზე პრეზიდენტის მიერ დადებულ ვეტოზე. ვეტოს დაძლევისას კანონის პირველ ვერსიას მხარი 78-მა დეპუტატმა დაუჭირა.

კენჭისყრის შედეგების თანახმად, ამ 78 დეპუტატს შორის იყო- ფრაქცია „ქართული ოცნების“ 67 წევრი, „ხალხის ძალის“ 9 წევრი და „ევროპელი სოციალისტების“ 2 წევრი.

კენჭისყრის შედეგები

თუმცა, როგორც ალექსანდრე რაქვიაშვილი ამბობს და როგორც ეს ნეტგაზეთის დათვლითაც, სხდომის კადრებშიც ჩანს, რომ კენჭისყრისას დარბაზში იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ არა 67, არამედ 62 დეპუტატი(შალვა პაპუაშვილის ჩათვლით).

შესაბამისად, როგორც ალექსანდრე რაქვიაშვილი ამბობს, გამოდის, რომ კანონის პირველ ვერსიას მხარი არა 78-მა, არამედ 73-მა დეპუტატმა დაუჭირა. მაშინ, როცა ვეტოს დასაძლევად მინიმუმ 76 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო. რაც შეეხება იმას, თუ საიდან დაფიქსირდა 78 ხმა,  სავარაუდოდ, დეპუტატებმა სხვების ბარათები გამოიყენეს და დარბაზში არმყოფი კოლეგების ნაცვლად მისცეს ხმა.

„გირჩის“ განცხადებით, დააგდინეს ის 5 დეპუტატი, ვისი ხმაც გაყალბდა. მათი ცნობით, ესენი არიან: გივი ჭიჭინაძე, ბექა ოდიშარია, დიტო სამხარაძე, ლევან კობიაშვილი  და კახი კახიშვილი

იმის შესახებ, რომ კენჭისყრისას დარბაზში „ქართული ოცნებიდან“ საკმარისი რაოდენობის დეპუტატი არ იმყოფებოდა, მაშინვე აღნიშნა რაქვიაშვილმა. მან პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა, რომ სხდომათა დარბაზში მყოფი დეპუტატები გადაეთვალათ. თუმცა პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა, რომ თუ დათვლა უნდოდა, თავად  დაეთვალა.

„თუ დათვლა გინდათ, გადათვალეთ თქვენ თვითონ… კარგით ახლა, არ გვინდა… ცნობილი ფილმისა არ იყოს, თქვენი თავი მიათვალეთ თუ არა, ეგ არის საინტერესო“, – ასე უპასუხა შალვა პაპუაშვილმა ალექსანდრე რაქვიაშვილის მოთხოვნას.

„ამრიგად, ვეტო პროცედურულად არასწორად არის დაძლეული, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ დარღვევა იქვე გამოვლინდა და პროცედურების თანახმად მოთხოვნილი იყო ხმების გადათვლა.

ცხადია, ეს მთელი საარჩევნო კანონმდებლობის ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებს, რაც ნებისმიერ მომავალი არჩევნების ლეგიტიმურობას ასევე სადავოს გახდის“, – აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.

ნეტგაზეთი განმარტებისთვის პარლამენტსაც დაუკავშირდა, თუმცა საკანონმდებლო ორგანოში განაცხადეს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტების გაკეთებას არ აპირებენ.


„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, პარლამენტისთვის ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების კანდიდატურების წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება.

„ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული კანონპროექტით, ცესკოს 7 წევრს პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს, ხოლო ცესკოს არაუმეტეს 9 წევრს პარტიები დანიშნავენ.

ცლილებები დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი აღარ წარუდგინა. პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურებს კი „ქართულმა ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა. ამის გამო ამ დრომდე ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობას ისევ გიორგი კალანდარიშვილი იკავებს.

ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი 2021 წლის 19 აპრილის მიღებული ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმებაში იყო გათვალისწინებული, თუმცა ამ შემთანხმების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ ის აქამდე უკვე შეცვალა, ახლა კი მმართველი პარტია ოპოზიციისა და პრეზიდენტის როლის გამორიცხავასაც უშვებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი