საზოგადოება

„ოცნება“ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესს ცვლის

8 მაისი, 2023 • 1322
„ოცნება“ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესს ცვლის

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, პარლამენტისთვის ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების კანდიდატურების წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება.

კერძოდ, ცესკოს 7 წევრს პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს, ხოლო ცესკოს არაუმეტეს 9 წევრს პარტიები დანიშნავენ.

აღნიშნულს ითვალისწინებს „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ცვლილებები შედის საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში.

ასევე იცვლება მათი არჩევის პროცედურები. კერძოდ, დღეს მოქმედი წესით, ცესკოს წევრობის კანდიდატის 5 წლით ასარჩევად პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3-ის მხარდაჭერაა საჭირო (მათ შორის ოპოზიციის ხმებიც). თუმცა „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული ცვლილებების შემდეგ ცესკოს თავმჯდომარეს და წევრებს პარლამენტი აირჩევს სრული შემადგენლობის უმრავლესობით, რეგლამენტით დადგენილი წესით.

ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი 2021 წლის 19 აპრილის მიღებული ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმებაში იყო გათვალისწინებული, თუმცა ამ შემთანხმების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ ის აქამდე უკვე შეცვალა, ახლა კი მმართველი პარტია ოპოზიციისა და პრეზიდენტის როლის გამორიცხავასაც უშვებს.

ცლილებები დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი აღარ წარუდგინა. პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურებს კი „ქართულმა ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა. ამის გამო ამ დრომდე ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობას ისევ გიორგი კალანდარიშვილი იკავებს.

„ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესი შემდეგნაირად შეიცვლება:

  • ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურს გამოაცხადებს და საკონკურსო კომისიას შექმნის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ამასთანავე, გარანტირებულია საკონკურსო კომისიაში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლის ყოფნა;
  • ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების კანდიდატურებს საქართველოს პარლამენტს წარუდგენს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე; ამავდროულად გათვალისწინებულია საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობა ცესკოს თავმჯდომარეობისა და ცესკოს წევრობის კანდიდატურების წარდგენის პროცესში, თუ საქართველოს პარლამენტი პირველივე ჯერზე ვერ შეძლებს
    ვაკანტურ თანამდებობებზე პირთა არჩევას;
  • ცესკოს თავმჯდომარე და ცესკოს წევრები აირჩევიან 5 წლის ვადით;
  • ცესკოს თავმჯდომარეს და წევრებს პარლამენტი აირჩევს სრული შემადგენლობის უმრავლესობით, რეგლამენტით დადგენილი წესით.

რაც შეეხება ცესკოს წევრის შესარჩევ საკონკურსო კომისიას,  „ქართული ოცნების“ კანონპროექტის თანახმად, კომისია პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე შეიქმნება და 9 წევრისგან იქნება დაკომპლექტებული.

კანონპროექტის თანახმად, საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში უნდა შედიოდნენ საქართველოს პრეზიდენტის 1 წარმომადგენელი, სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.  ასევე, საკონკურსო კომისიას ხელმძღვანელობს მის მიერ არჩეული თავმჯდომარე. საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

ამასთან, კანონპროექტის თანახმად, პარლამენტის მიერ ცესკოს წევრის არჩევისას ცესკოს წევრობის კანდიდატთაგან თითოეულს ცალკე ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც კენჭისყრისას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. თუ კენჭისყრის შედეგად ყველა ვაკანსია არ შეივსო, კენჭი ეყრება საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ კანდიდატურას.

თუ ვაკანსია კვლავ შეუვსებელი დარჩა, არაუგვიანეს 3 დღისა დარჩენილ, ვაკანსიაზე კონკურსი ცხადდება ამ მუხლით დადგენილი წესით და კანდიდატურების წარდგენის პროცედურა თავიდან იწყება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი