ახალი ამბები

დაიცავით კანონი, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია იმოქმედებს — შსს ჰომოფობიურ ჯგუფებს

7 ივლისი, 2023 • 1742
დაიცავით კანონი, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია იმოქმედებს — შსს ჰომოფობიურ ჯგუფებს

8 ივლისს დაგეგმილ პრაიდის ფესტივალთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყება მოუწოდებს ამ დღეს დაგეგმილი ჰომოფობიური შეკრების მონაწილეებს, დაემორჩილონ კანონს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების ჩართულობით, გაეროს, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, ასევე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მონაწილეობით, შეკრებების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, რამდენიმე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

მიმდინარე წლის 2 და 6 ივლისს მშვიდ ვითარებაში ჩატარდა 2 დახურული ღონისძიება.

8 ივლისს კონკრეტულ ლოკაციაზე, შემოსაზღვრულ ადგილას, დაგეგმილი დახურული ღონისძიების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, სამინისტროს წარმომადგენლები კომუნიკაციაში არიან შეკრების ორგანიზატორებთან.

აღნიშნული დახურული ღონისძიების მშვიდ ვითარებაში ჩატარების მიზნით, პოლიციის შესაბამისი დანაყოფები მობილიზებულნი იქნებიან ყველა საჭირო ლოკაციაზე და კომპეტენციის ფარგლებში დაიცავენ მართლწესრიგს და უსაფრთხოებას”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

უწყების თქმით, “შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიღებს ყველა შესაბამის ზომას, რათა უზრუნველყოს ღონისძიების უსაფრთხო ფორმატში ჩატარება, აგრეთვე, თითოეული ადამიანის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს”.

“გარდა ამისა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ ადამიანების რამდენიმე ჯგუფი თბილისში, კონკრეტულ ლოკაციაზე გეგმავს შეკრებას, ღონისძიების ადგილზე მისვლას და კონტრაქციის გამართვას.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს კონტრაქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და არ გასცდნენ კანონით დასაშვებ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის ფარგლებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის შესაბამისად.

ასევე, მოვუწოდებთ ღონისძიების ჩატარებისა და კონტრაქციის ტერიტორიაზე მომუშავე მედიის წარმომადგენლებს, კოორდინაციაში იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის თანამშრომლებთან და გაითვალისწინონ ადგილზე მყოფი სამართალდამცველების მითითებები”, — აცხადებს შსს.


2023 წლის პრაიდის კვირეული თბილისში 2 ივლისს დახურული ღონისძიებით გაიხსნა, 6 ივლისს კი საერთაშორისო ლგბტქი კონფერენცია გაიმართა აქტივისტების, დიპლომატების, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებისა და სხვათა მონაწილეობით. პრაიდის ფესტივალი კვირეულის დასკვნითი ღონისძიებაა.

თბილისში პრაიდის კვირეული 2019 წლიდან, ჰომოფობიური ჯგუფების ძალადობისა და მუქარების ფონზე აღინიშნება.

2021 წლის ივლისში ძალადობრივი ჯგუფები, რომელთაც კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი “ღირსების მარშის” ჩაშლა სურდათ, ათეულობით ჟურნალისტს დაესხნენ თავს. მათ დაარბიეს აქტივისტთა ოფისებიც.

რისკების ფონზე, 2022 წლის კვირეული, წლევანდელის მსგავსად, დახურული ღონისძიებებით აღინიშნა. შარშან ორგანიზატორებმა ყველა იმ ღონისძიების ჩატარება შეძლეს, რომელიც დაგეგმილი ჰქონდათ.

ამავე თემაზე:

სიცრუეა, რომ თბილისის ქუჩებში “გეი აღლუმი” იგეგმება — თბილისი პრაიდის განცხადება

მასალების გადაბეჭდვის წესი