პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მრჩეველთა საბჭო უქმდება.
საუბარია კანონპროექტზე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში მაისის ბოლოს შეიტანა. თუმცა კანონპროექტის თავდაპირველ ვერსიაში აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მრჩეველთა საბჭოს გაუქმება ნახსენები არ იყო.
კანონპროექტის პირველი რედაქცია ითვალისწინებდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობის 9-დან 11-მდე გაზრდასა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიას ეძლეოდა უფლება, სამეურვეო საბჭოში წევრობის 2 კანდიდატი პარლამენტისთვის მას წარედგინა.
თუმცა კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას ცვლილებები შევიდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების წესშიც. კერძოდ, კომუნიკაციების ეროვნული კომისია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში წევრობის კანდიდატებს აღარ წარადგენს და 3 კანდიდატის წარდგენის უფლება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს ექნება.
„ქართული ოცნების“ მტკიცებით, აღნიშნული ცვლილებები დამატებით გარანტიებს ქმნის აჭარის მაუწყებლობის დამოუკიდებლობის და გაძლიერების თვალსაზრისით. მათი განცხადებით, მრჩეველთა საბჭოს მუშაობა არაეფექტურია და ნახევარი მილიონი, რაც საბჭოს შენახვაში იხარჯება, კითხვებს ბადებს.
როგორც მმართველი პარტიის წევრები აცხადებდნენ, აჭარის წარმომადგენლის მუშაობა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში გაცილებით უფრო აქტიური და ეფექტური იყო, ვიდრე მრჩეველთა საბჭოს წევრების. ამიტომ, მათი თქმით, უმჯობესი იქნება, მრჩეველთა საბჭო გაუქმდეს და დაზოგილი თანხა აჭარის ტელევიზიას და რადიოს მოხმარდეს.
კანონპროექტის მიხედვით, აღნიშნული ცვლილებების ამოქმედებისთანავე უფლებამოსილება შეუწყდებათ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრებს და შესაბამისი კომპენსაცია მიეცემათ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მრჩეველთა საბჭოს წევრების განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ საბჭოს გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მათთან კონსულტაციების გარეშე მიიღო.