ახალი ამბები

საზ.მაუწყებლის ბორდის წევრთა რაოდენობა იზრდება – „ოცნების“ კანონპროექტი

22 მაისი, 2023 • 1483
საზ.მაუწყებლის ბორდის წევრთა რაოდენობა იზრდება – „ოცნების“ კანონპროექტი

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცლილებები შედის. ცვლილებები პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს, 22 მაისს დარეგისტრირდა.

კანონპროექტით, რომლის ავტორებიც „ქართული ოცნების“ წევრები არიან, ახლებურად განისაზღვრება საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობასთან, მის დაფინანსებასთან, მისი ხელმძღვანელი ორგანოების დაკომპლექტებასა და ამ ორგანოთა უფლებამოსილებებთან დაკავშირებული საკითხები. მათ შორის იზრდება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობა.

კანონპროექტი სხვა საკითხებთან ერთად ითვალისწინებს, მათ შორის, შემდეგ საკითხებს:

  •  9-დან 11-მდე იზრდება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიას ენიჭება სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებიდან 2 კანდიდატის საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენის უფლებამოსილება.
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადის დამდგენი ჩანაწერი „არაუმეტეს 6 წელი“ იცვლება ჩანაწერით „6 წელი“.
  • უქმდება ერთი და იმავე პირის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად 1 ვადაზე მეტი ხნით არჩევის აკრძალვა.
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების ვადები იზრდება 3 წლიდან 6 წლამდე.
  • იცვლება საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კანდიდატის საკვალიფიკაციო მოთხოვნები; კერძოდ, აღნიშნული საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამდგენი ნორმა ყალიბდება შემდეგი სახით: გენერალური დირექტორობის კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება და მაუწყებელში ან/და ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.
  •  საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელს უფლება ეძლევა იმავდროულად ეკავოს თანამდებობა/ასრულებდეს ანაზღაურებად სამუშაოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში.
  • საზოგადოებრივ მაუწყებელს ეკისრება ვალდებულება, რომ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებები საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის არანაკლებ 10%-ის ოდენობით მიმართოს ქართული მხატვრული ტელეფილმების, ქართული დოკუმენტური ტელეფილმებისა და ქართული ტელესერიალების დაფინანსების მიზნით (მათ შორის, თანადაფინანსების მიზნით) სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებისა და საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის პოპულარიზაციისათვის.
  • იცვლება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დაფინანსების ოდენობა, კერძოდ: დღეს მოქმედი კანონის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ფინანსდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტიდან, ამ ბიუჯეტის არანაკლებ 15%-ით; კანონპროექტის მიხედვით, იგი 2026 წლის 1 იანვრამდე დაფინანსდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 16%-ით, ხოლო 2026 წლის 1 იანვრიდან − საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 17%-ით.

მასალების გადაბეჭდვის წესი