ახალი ამბებიკომენტარი

რატომ ვიცავ აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს – ნათია კაპანაძე

1 ივლისი, 2023 • 1706
რატომ ვიცავ აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს – ნათია კაპანაძე

ავტორი: ნათია კაპანაძე, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ყოფილი დირექტორი, უფლებადამცველი 

________________________________________________________________________

2023 წლის 30 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, 3 ივლისს 11:00 სთ-დან რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე მიმართა.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი მე-3 მოსმენით“ ასეთია მეორე საკითხი იმ მცირე მოცულობის სიაში, რიგგარეშე სხდომის საფუძვლად რომ არის მითითებული. 

შეიძლება იკითხოთ, თუ რატომ უნდა გაინტერესებდეთ ეს ფორმალური დეტალები ან ჩათვალოთ, რომ ამ ტექსტთან არასწორად მოხვდით და სქროლვა გააგრძელოთ. 

მაშინ პირდაპირ გეტყვით –  ეს ტექსტი ზუსტად თქვენი სქროლვის უფლებას, მრავალფეროვანი ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და თქვენი გამოწვევების  შესახებ ინფორმაციის გავრცელების შესაძლებლობას შეეხება. 

ორშაბათს, 3 ივლისს საქართველოს პარლამენტი იმსჯელებს საზოგადოებრივი მაუწყებლობის პროცესის ცვლილებაზე.  კიდევ უფრო ნათლად რომ ვთქვა, მმართველ პოლიტიკურ გუნდს სურს, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოქმედ საზოგადოებრივ მაუწყებელს არ ჰყავდეს ადგილზე გადაწყვეტილების მიმღები რგოლი – მრჩეველთა საბჭო. ყველა გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ყოფილი მოადგილის და ამჟამად, სამეურვეო საბჭოს მოქმედი თავმჯდომარის ვასილ მაღლაფერიძის ხელმძღვანელობის ქვემდებარე გახდება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო (აჭარის სამი წარმომადგენლის ჩართულობით) თბილისიდან:

  • განსაზღვრავს საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს პროგრამულ პრიორიტეტებს;
  • დაამტკიცებს საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბიუჯეტს;
  • დანიშნავს და გაათავისუფლებს საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორს;
  • დირექტორის წარდგინებით, სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით მიიღებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დებულებას, აგრეთვე ცვლილებას შეიტანს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დებულებაში, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების რედაქციული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას; 
  • უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით ცვლილება შეიტანოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დებულებაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ცვლილება შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სტრუქტურასთან დაკავშირებულ დებულებებს;
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის წარდგინებით მიიღებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბიუჯეტს, აგრეთვე ბიუჯეტში ცვლილებას და დაამტკიცებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს;
  • მოისმენს საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საქმიანობის ყოველკვარტალურ ანგარიშს, მათ შორის, ფინანსურ ანგარიშს (ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად), კვარტლის დასრულებიდან 1 თვის ვადაში;
  • თანხმობას მისცემს (ან არ დაეთანხმება) საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორს ისეთი გარიგების დადებაზე, რომლის ღირებულება აღემატება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბიუჯეტის 1%-ს;
  • განსაზღვრავს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის შრომის ანაზღაურების პირობებსა და ოდენობას;
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის წარდგინებით დაამტკიცებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საშტატო განრიგს და თანამშრომელთა თანამდებობრივ სარგოებს, სახელფასო ფონდს, მათ შორის, საპრემიო ფონდს და პრემიების ზღვრულ ოდენობებს;
  • უფლებამოსილი იქნება მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ეხება საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საქმიანობას.

შესაძლოა ეს ჩამონათვალიც არ აღმოჩნდეს საკმარისი იფიქროთ პრობლემის მასშტაბზე. 

მართლაც, მთავარი გადაწყვეტილებების ერთი სამეურვეო საბჭოს მიერ მართვა მეტ რაღა საფრთხეს შეუქმნის ორივე საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც ისედაც დაბალი ცნობადობით და მაღალი პოლიტიკური მიკერძოებით შეიძლება დავახასიათოთ? 

საქმე იმაშია, რომ აჭარა ავტონომიური რესპუბლიკაა, ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერება დემოკრატიული სახელმწიფოს ვალდებულებაა, დემოკრატიული სახელმწიფო კი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ადამიანების ჩართულობის მრავალფეროვნებას გულისხმობს. 

ესეც არ იყოს, სამეურვეო საბჭოს არ ეყოფა სამუშაოდ რესურსები სწორად მართოს 100 მილიონ ლარზე მეტი დაფინანსების ორი საზოგადოებრივი მაუწყებელი. 

აი, ახლაც, მიმდინარე პროცესში, ვასილ მაღლაფერიძის ინიციატივით საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდი მსჯელობს საზოგადოებრივი მაუწყებლის პრიორიტეტების ცვლილებაზე, პროცესი სამართლებრივად მოუწესრიგებელია და კანონსაწინააღმდეგო. სამეურვეო საბჭოს რეგლამენტში პრიორიტეტების მიღების და მასში ცვლილების შეტანის პროცედურაც კი არ არის სათანადოდ გაწერილი. 

კიდევ ერთია, სიტყვა „მრჩეველთა საბჭოს“ დაგუგვლისას ვერსად ნახავთ შეფასებებს: „მიუკერძოებელი“, „საზოგადოებაზე ორიენტირებული“, „მაუწყებლის გუნდის მხარდამჭერი“, „პოლიტიკისგან განცალკევებული“… თუ დაგუგლავთ, აღმოაჩენთ, რომ სწორედ მრჩეველთა საბჭო იყო გამოყენებული პოლიტიკურ იარაღად მაშინ, როცა აჭარის მაუწყებელი საქართველოში ერთადერთ მიუკერძოებელ და ობიექტურ მაუწყებლად აღიარა ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ, ინფორმაციას იმაზეც იპოვით, რომ  მრჩეველთა საბჭოს სამიზნე ზუსტად მე, ნათია კაპანაძე ვიყავი, 2019 წლის 19 აპრილს იმპიჩმენტის თეატრალური დადგმით, ლაფის სროლით რომ გამათავისუფლეს. და აჭარის მაუწყებლის უკუსვლა დიდი ხანია აღელვებთ შიდა და საერთაშორისო ორგანიზაციებს.

შეიძლება ახლა ისიც იკითხოთ, რატომ ვამბობ ამ პოლიტიკურ იარაღზე, შენარჩუნება აუცილებელია-მეთქი, რატომ ვიცავ იმას, რაზედაც სრული მორალური თავისუფლება მაქვს, მინიმუმ არაფერი ვთქვა… მაგრამ აქ საქმე სახელებსა და გვარებში მართლაც არ არის. 

დღეს ვასილ მაღლაფერიძეს თითქმის 9 000 ლარი აქვს ჰონორარი, აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოში ჰონორარი  5 200 ლარიცაა და წელიწადში 303 000 ლარსაც ითვისებს ან ვერ ითვისებს ხოლმე, მაგრამ თუ სახელმწიფო სახსრების ეფექტურ გამოყენებაზეა საუბარი, იქნებ ვიმსჯელოთ, ამ რგოლების ანაზღაურების გარეშე საქმიანობის აუცილებლობაზე, როგორც საჯარო სიკეთეზე.  იქნებ ეს თანხები გადაცემების მომზადებას უნდა მოხმარდეს?

შეიძლება მე ყველაზე ნაკლები მიზეზი უნდა მქონდეს ვცდილობდე ჩემ წინააღმდეგ გამოყენებული პოლიტიკური იარაღის შენარჩუნებას, მაგრამ ეს ინსტიტუციური გაგების საკითხია და არა პერსონალური ანგარიშსწორების თუ უკვე შეუქცევადი და აუნაზღაურებელი ზიანის.

თუ აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ ამ დრომდე არ შეასრულა თავისი პოზიტიური როლი აჭარაში მცხოვრები ადამიანების ცხოვრების თუ საჭიროებების მხარდასაჭერად, თუ თბილისსა და ბათუმში მრჩეველთა ან/და სამეურვეო საბჭოს წევრების პოლიტიკურად მართვა გახდა ინსტრუმენტი, ცხადია, ეს ვერ იქცევა ჩემთვის დემოკრატიაზე უარის თქმის საბაბად.

დემოკრატია ნამდვილად ნიშნავს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ადამიანების მონაწილეობის მრავალფეროვნებას. კანონის ასეთი მოულოდნელი ცვლილებით, აჭარის მაუწყებლის მართვიდან ერთი რგოლის ამოშლით ბევრ კარგ ადამიანს დაეკარგება შანსი მონაწილეობა მიიღოს აჭარის მაუწყებლის მართვაში. 

და, სქროლვის უფლება რაღა შუაშია? 

პასუხიც ხომ უნდა გავცე საჭირო შეკითხვას. 

„ჭეშმარიტების სამინისტროს“ შექმნა, კლანური მმართველობა და  მომავალში საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკებში აჭარასა და აფხაზეთში საზოგადოებრივი არხების თავისუფალი განვითარების შანსის წართმევაა საკანონმდებლო ძალაუფლების ასე უხეშად გამოყენება უმრავლესობაში მყოფი მმართველი პარტიის მხრიდან. 

ძალაუფლების ამგვარმა ბოროტად გამოყენებამ, ერთ დღეს სქროლვის უფლების წართმევაც შეიძლება გამოიწვიოს, სხვათა შორის.

შეიძლება, ახლა სხვებივით, მეც ნაკლებად მჯერა აჩქარებული პროცესის შეჩერების. რიგგარეშე სხდომა ​ერთ-ერთი საფუძვლით: „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი მე-3 მოსმენით” ალბათ, ჩატარდება. ერთი რამ დანამდვილებით ვიცი, თუ ეს კანონპროექტი კანონად იქცევა, ახალ ცვლილებას ოდესმე ახალი ხელისუფლება შეცვლის. 

#ვმუშაობთსაზოგადოებისთვის

მასალების გადაბეჭდვის წესი