ახალი ამბები

„ოცნება“ აჭარის ტელევიზიაში მრჩეველთა საბჭოს აუქმებს

29 ივნისი, 2023 •
„ოცნება“ აჭარის ტელევიზიაში  მრჩეველთა საბჭოს აუქმებს

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მრჩეველთა საბჭო უქმდება.

საუბარია კანონპროექტზე, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში მაისის ბოლოს შეიტანა. თუმცა კანონპროექტის თავდაპირველ ვერსიაში აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მრჩეველთა საბჭოს გაუქმება ნახსენები არ იყო.

კანონპროექტის პირველი რედაქცია ითვალისწინებდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობის 9-დან 11-მდე გაზრდასა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიას ეძლეოდა უფლება, სამეურვეო საბჭოში წევრობის 2 კანდიდატი პარლამენტისთვის მას წარედგინა.

თუმცა კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას ცვლილებები შევიდა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების წესშიც. კერძოდ, კომუნიკაციების ეროვნული კომისია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში წევრობის კანდიდატებს აღარ წარადგენს და 3 კანდიდატის წარდგენის უფლება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს ექნება.

„ქართული ოცნების“ მტკიცებით, აღნიშნული ცვლილებები  დამატებით გარანტიებს ქმნის აჭარის მაუწყებლობის დამოუკიდებლობის და გაძლიერების თვალსაზრისით.

აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მრჩეველთა საბჭოს გაუქმების მიზეზებზე „ქართული ოცნების“ წევრებმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 27 ივნისს ისაუბრეს. მათი განცხადებით, მრჩეველთა საბჭოს მუშაობა არაეფექტურია და ნახევარი მილიონი, რაც საბჭოს შენახვაში იხარჯება, კითხვებს ბადებს.

როგორც მმართველი პარტიის წევრები აცხადებდნენ, აჭარის წარმომადგენლის მუშაობა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში გაცილებით უფრო აქტიური და ეფექტური იყო, ვიდრე მრჩეველთა საბჭოს წევრების. ამიტომ, მათი თქმით, უმჯობესი იქნება, მრჩეველთა საბჭო გაუქმდეს და  დაზოგილი თანხა აჭარის ტელევიზიას და რადიოს მოხმარდეს.

კანონპროექტის მიხედვით, აღნიშნული ცვლილებების ამოქმედებისთანავე უფლებამოსილება შეუწყდებათ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრებს და შესაბამისი კომპენსაცია მიეცემათ.

ცვლილებები პარლამენტმა დღეს, 29 ივნისს, პლენარულ სხდომაზე დაახლოებით ნახევარ საათში განიხილა და ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, მხარი დაუჭირა.

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ აღნიშნული ცვლილებების მეორე მოსმენაზე დამატება რეგლამენტის დარღვევაა. ამიტომ ისინი უმრავლესობის წევრებს მოუწოდებდნენ, ცვლილებებისთვის კენჭი არ ეყარათ.

„მიმაჩნია, რომ ამ პროექტის ასეთი ფორმით კენჭისყრა იქნება რეგლამენტის 110-ე მუხლის დარღვევა, რადგან ეს აბსოლუტურად ახალი პროექტია თავისი არსით, პრინციპების დონეზე არის ცვლილებები განხორციელებული. თუ ასე ვუყრით კენჭს, აუცილებლად დავარღვევთ რეგლამენტს და ეს იქნება უკანონო გადაწყვეტილება“, – განაცხადა პლენარულ სხდომაზე დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ.

თამარ კორძაიას აზრს იზიარებდა ოპოზიციონერი დეპუტატი არმაზ ახვლედიანიც.

„მიმაჩნია, რომ აქ არის აშკარა დარღვევა. ცალკე თემაა, რომ აჭარის ტელევიზიის არსებული დამოუკიდებლობაც იყოს ხელყოფილი და თან, ხელყოფილიც ძალიან არსებითად. გაითვალისწინოთ ეს გარემოება და ამ რედაქციით არ მოხდეს კენჭისყრა“, – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებებით „ქართული ოცნება“ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ფორმალურ დამოუკიდებლობასაც აუქმებს.

„ჩვენ ახლა მოვისმინეთ სხაპასხუპით რაღაცების ჩაკითხვა. იმდენ რამეში შემოვიდა სიახლეები, რომ ვერც კი გავიაზრეთ. თქვენ აუქმებთ თუნდაც იმ ფორმალურ დამოუკიდებლობას, რაც აქვს აჭარის ტელევიზიის და რეალურად ცენტრალური მმართველობის ქვეშ აგყავთ. გამოდის საზოგადოებრივი მაუწყებლის განყოფილება, რომელსაც ისევე მართავთ, როგორც იმართება დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი. ახალი კანონია ეს და უნდა შეჩერდეს ამის განხილვა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ცვლილებების საკომიტეტო მოსმენაზე დაბრუნებას ითხოვდა „ევროოპტიმისტების“ კიდევ ერთი წევრი ხატია დეკანოიძე.

„წინა დღეს გაგვიზიარეს [ახალი რედაქცია]. ის, რომ მარეგულირებლის წარმომადგენლები არ ემატებიან, ეს თავისთავად ეს შეიძლება იყოს პოზიტიური. მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი გუშინ გაგვიზიარეს, მაგალითად, მე ნამდვილად ვერ მოვასწარი ყველა დეტალის გავლა, დიდია და  ბევრი რამ შეიცვალა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ კანონის საკომიტეტო მოსმენაზე დაბრუნება და განხილვა. პრაქტიკულად 2/3 არის შეცვლილი [პირველი რედაქციის]. ამიტომ წინადადება შემომაქვს, რომ განხილვაში დაბრუნდეს ეს კანონპროექტი და ასე საჩქაროდ არ იყოს კენჭისყრა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ოპოზიციონერი დეპუტატების მოთხოვნის პასუხად  „ქართული ოცნების“ წევრმა ანრი ოხანაშვილმა თავდაპირველად მათ შესთავაზა, რომ კენჭისყრა დღის ბოლომდე ან ხვალამდე გადაედოთ.

თუმცა კენჭისყრის გადადებას არ დაეთანხმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა. მისი თქმით, მას არანაირი მოლოდონი არ ჰქონდა, რომ „ქართული ოცნება“ ოპოზიციას არსებით ცვლილებებს შესთავაზებდა, ამიტომ კენჭისყრის ჩატარება მოითხოვა.

„ხელისუფლების მხრიდან, რომელსაც სურს, რომ კლანური მმართველობა განამტკიცოს სახელმწიფოს ყველა ინსტიტუციაში, მათ შორის, მედიაში, არანაირი მოლოდინი იმის, რომ ხვალინდელ დღეზე კენჭისყრის გადადებით ხელისუფლების მხრიდან სხვადასხვა ინსტიტუტის უზურპაციის მცდელობა და სურვილი იკლებს, არ მაქვს. ამიტომ ვერ ვხედავ ვერანაირ აზრს ამ კენჭისყრის გადადებაში.

დიახ, ეს არის რუსული მმართველობის და პუტინის მმართველობის სტილი, სადაც პირადად მის მიერ ხდება ყველა ინსტიტუტის კონტროლი, იქნება ეს სასამართლო, მედია, პარლამენტი თუ პრეზიდენტი, რომლის გაკონტროლების სურვილიც გაქვთ. ამიტომ მოვითხოვ, რომ დღესვე ჩატარდეს კენჭისყრა ან ვნახოთ ძირეული ცვლილებები“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

სწორედ ბოკუჩავას განცხადების შემდეგ „ქართული ოცნების“ წევრებმა განაცხადეს, რომ ცვლილებებს კენჭს დაუყოვნებლივ უყრიდნენ და, შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მრჩეველთა საბჭოს გაუქმებას მხარი დაუჭირეს.

„ახლა გამოვიდა პრიგოჟინის პარტიის წარმომადგენელი ქალბატონი და ილაპარაკა, რომ თურმე აზრი არ აქვს შინაარსობრივ განხილვას, პირიქით გვთავაზობენ, რომ დღესვე ჩავატაროთ კენჭისყრა. ამიტომ, კოლეგებო, მაშინ შევცვალოთ პოზიცია, რადგან შინაარსობრივი განხილვა ამ ხალხს არ სურს და ჩვენ პრიგოჟინის პარტიასთან სალაპარაკო და საერთო ვერაფერი გვექნება. ამიტომ კენჭისყრაზე დავაყენოთ ახლავე, პროცედურა სრულადაა დაცული და შინაარსობრივი განხილვის ფარგლებში ხდება საკითხის დამატება. შეგახსენებთ, რომ მეორე მოსმენის განხილვის ფარგლებში რეგლამენტით საკითხის კომიტეტზე დაბრუნება არ ხდება. ამიტომ ჩავატაროთ კენჭისყრა“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა თინა ბოკუჩავას პასუხად.

ცვლილებების საბოლოოდ მისაღებად პარლამენტმა მას კიდევ ერთი მოსმენით უნდა უყაროს კენჭი.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი