კომენტარი

„კონსულტაციები არ ყოფილა“ — აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრები ცვლილებებზე

29 ივნისი, 2023 • 1744
„კონსულტაციები არ ყოფილა“ — აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრები ცვლილებებზე

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მრჩეველთა საბჭოს წევრების განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ საბჭოს გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მათთან კონსულტაციების გარეშე მიიღო.

კერძოდ, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მრჩეველთა საბჭო უქმდება. „ქართული ოცნების“ არგუმენტით, აღნიშნული ცვლილებები  აჭარის მაუწყებლობის დამოუკიდებლობისა და გაძლიერების თვალსაზრისით დამატებით გარანტიებს ქმნის.

მათი განცხადებით, მრჩეველთა საბჭოს მუშაობა არაეფექტურია და ნახევარი მილიონი, რაც საბჭოს შენახვაში იხარჯება, კითხვის ნიშნებს აჩენს. როგორც მმართველი პარტიის წევრები აცხადებდნენ, აჭარის წარმომადგენლის მუშაობა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში გაცილებით უფრო აქტიური და ეფექტური იყო, ვიდრე მრჩეველთა საბჭოს წევრების. ამიტომ, მათი თქმით, უმჯობესი იქნება, მრჩეველთა საბჭო გაუქმდეს და  დაზოგილი ფული აჭარის ტელევიზიასა და რადიოს მოხმარდეს.

„ქართული ოცნების“ წევრების კრიტიკის ნაწილს იზიარებს მრჩეველთა საბჭოს წევრი გია ქარცივაძე, თუმცა საბჭოს გაუქმების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.

გია ქარცივაძე, რომელიც მრჩეველთა საბჭოს წევრად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარადგინა,  ნეტგაზეთთან ამბობს, მრჩეველთა საბჭოს გაუქმება, პრაქტიკულად, აჭარის ტელევიზიის გაუქმებაა. მისი თქმით, მმართველი პარტიის ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში მედიაგარემოს მაქსიმალური დასუსტების ტენდენციის ნაწილია.

„არავის არ ჰქონია კონსულტაცია მრჩეველთა საბჭოსთან, კითხვაც არ დაუსვამთ. რაც შეეხება არაეფექტურობას, მრჩეველს რა ფუნქციაც აქვს, ჩვენ იმ ფუნქციას ვასრულებდით, მაგრამ ცუდად. თუმცა შედარება, რომ თითქოს მეურვე უფრო ეფექტურია, ეს არის ტყუილი. შეგიძლიათ ნახოთ, რა არის ჩვენი პროგრამული პრიორიტეტები და მათი რა არის. ნახავთ, ვინ უფრო სიღრმეებში მიდის და ვის უფრო  მეტი უნდა. არ ვთვლი, რომ კარგი გვაქვს, მაგრამ ჩემი აზრით, ბევრად სჯობდა იმას. თუნდაც კონტროლის კუთხით, შეგიძლიათ ჩვენი საჯარო სხდომები ნახოთ და მათი საჯარო სხდომები.

ერთი შემთხვევაც არ ყოფილა 8 წლის განმავლობაში, რომ ან წინა, ან მოქმედ მეურვეს, რომელიც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში აჭარიდანაა წარდგენილი, წინადადებება და ინიციატივა გაეჟღერებინა აჭარის მაუწყებლის სასარგებლოდ სამეურვეო საბჭოს სხდომაზე. არც პირად ურთიერთობებში არ ჰქონიათ მაშინ, როცა კოხრეიძე ანგრევდა ტელევიზიას და სტუმრად გამოიარა ორმა მეურვემ, თქვეს, რა გავაკეთოთო, თითქოს არაფერი ხდებოდა და მათ არ ეხებოდათ.  ეს დამოკიდებულება, რომ „მათ არ ეხებათ“, გაგრძელდება, სამი მეურვე იქნება თუ ოთხი. ძირითადი აქცენტები მაინც პირველ არხზე აქვთ და გასაგებია, მაგრამ დიდი ალბათობით, აჭარის ტელევიზია სულ დაავიწყდებათ“, – ამბობს გია ქარცივაძე ნეტგაზეთთან.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მრჩეველთა საბჭოს მუშაობაში პრობლემები იყო, მაუწყებელში არსებულ პრობლემებზე საჯაროდ ხმის ამომღები ადამიანები მაინც არსებობდნენ. საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ კი კითხვის დამსმელიც არ დარჩება.

„ჩვენ მაინც ვლაპარაკობდით და პასუხისმგებელ პირებს პასუხს საჯაროდ ვთხოვდით. ახლა შერწყმა მოხდება და უშუალო პასუხის მომთხოვნი არავინ იქნება. ვლაპარაკობთ და რა დღეშია საინფორმაციო, ვიცით, და რომ არ ვილაპარაკებთ ან რომ არ გამოვითხოვთ დოკუმენტს, მერე რა მოხდება, ხომ წარმოგიდგენიათ. კითხვის დამსმელი არ დატოვეს მაუწყებელში და შემდეგი ეტაპი იქნება აჭარის მაუწყებლის გაუქმება“, – აცხადებს გია ქარცივაძე.

გია ქარცივაძის თქმით, ის, რომ მრჩეველთა საბჭო გამართულად არ მუშაობდა, არ ნიშნავს, რომ საერთოდ უნდა გაეუქმებინათ.

„მე ყველა სხდომაზე ვსაუბრობდი, რომ ბიუჯეტი რაღაც ნაწილში კარგად იხარჯებოდა, რაღაცაში არ იხარჯებოდა, მრჩეველთა საბჭოს რომ დარჩა ბიუჯეტში თანხა, ჩემმა კოლეგებმა მაუწყებელს მისწერეს, რომ მანქანა ეყიდა. მილიონი პრობლემა აქვს სარედაქციო კუთხით და ამ მიმართულებით არ ზრუნავდა მრჩეველთა საბჭო. ნორმალური მრჩევლების შემთხვევაში უკეთესი მაუწყებლის მიღება შეიძლებოდა, მაგრამ ამ ცვლილებების მიღების შემდეგ პერსპექტივაც მოკვდება, რომ რაიმე ღირებული მიიღო მომავალში მაინც. მიმდინარე პროცესი რომ არ იყო ჯანსაღი, გასაგებია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უნდა ჩაჩეხო და გაანადგურო მაუწყებელი.

მეორე საკითხიცაა აქ უფრო დიდი და ღრმა. ჩვენ პრობლემა გვაქვს ავტონომიებთან, ტერიტორიების დაბრუნება გვინდა და ჩვენ უნდა ვაჩვენოთ მინიმუმ მაინც, რომ დამოუკიდებელი სტრუქტურები, მათ შორის ტელევიზია არსებობს ავტონომიის“, – აცხადებს გია ქარცივაძე.

მრჩეველთა საბჭოში „ქართული ოცნების“  კვოტით არჩეული წევრი სოსო სტურუა ნეტგაზეთს ეუბნება, რომ უმჯობესი იქნებოდა, საკანონმდებლო ცვლილებებამდე კონსულტაციები საბჭოსთან გაევლოთ.

რაც შეეხება იმ შენიშვნებს, რაც „ქართული ოცნების“ მხრიდან საბჭოს გაუქმების მიზეზებად დასახელდა, სოსო სტურუა ამბობს, რომ საბჭოს წევრები კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებდნენ.

„[მრჩეველთა საბჭოს გაუქმება] პარლამენტის გადასწყვეტია, ჩემი გადასაწყვეტი არ არის. მე არ ვიცნობდი კანონპროექტს და როცა გამოქვყენდა, მაშინ გავიცანი. მრჩეველთა საბჭო ასრულებდა კანონით დაკისრებულ მოვალეობას. გააჩნია, რა ითვლება ეფექტურად, კანონის ფარგლებში რაც მრჩეველთა საბჭოს ეხებოდა, ის პირობები სრულდებოდა. კანონით მკაცრად იყო განსაზღვრული მრჩეველთა საბჭოს უფლება-მოვალეობებები.

როცა მაუწყებლობის შესახებ კანონით სტატუსი მიენიჭა აჭარის ტელევიზიას და განისაზღვრა მრჩეველთა საბჭო, აქტიურ მონაწილეობას ვიღებდით აჭარის ტელევიზიის თანამშრომლები და მაშინ რამდენიმე ვარიანტი განიხილებოდა. ერთ-ერთი ვარიანტი იყო, რომ ყოფილიყო ერთი საბჭო თბილისში და ორი ტელევიზიის ბიუჯეტი იმ საბჭოს წარემართა. ეს ვარიანტი მაშინაც განიხილებოდა, თუმცა მაშინ პარლამენტი მივიდა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ბათუმში ყოფილიყო ცალკე საბჭო“, – აცხადებს სოსო სტურუა.

თუმცა, სოსო სტურუას თქმით, ჯერ ვერ ხედავს საფრთხეს, რომ მრჩეველთა საბჭოს გაუქმება აჭარის ტელევიზიის დამოუკიდებლობას შეამცირებს.

„ძნელია იმის თქმა, რომელი [მოდელი] უფრო ეფექტურად იმუშავებს, გააჩნია წინაპირობებს და ქვეყანაში არსებულ სიტუაციას. მთავარია, საზოგადოებრივი მაუწყებელი რედაქციულად იყოს დამოუკიდებელი და მაუწყებლის თანამშრომლები რაც შეიძლება დისტანცირებული პოლიტიკური გავლენებისგან. რა ხერხით შესრულდება ეს, მნიშვნელობა არ აქვს, რადგან სხვადასხვა ქვეყანას სხვადასხვა გამოცდილება აქვს.

ვერ გეტყვით ასე ხელაღებით, რომ [დამოუკიდებლობას შეამცირებს]. ახლახან გავეცანი ამ კანონპროექტს და ვერ დავინახე დამოუკიდებლობის შეზღუდვა. თუმცა ეს შეიძლება მსჯელობის საგანი იყოს და უფრო დაწვრილებით რომ გავეცნობი კანონპროექტს, უფრო მზად ვიქნები, რომ ამაზე გიპასუხოთ“, – აცხადებს სოსო სტურუა.

მმართველი პარტიის მიერ დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებში დიდ წინააღმდეგობას ვერ ხედავს მრჩეველთა საბჭოს წევრი თამარ წილოსანი. ის „ევროპული საქართველოს“ მიერ შერჩეული კანდიდატია და დამოუკიდებელი დეპუტატების კვოტით მოხვდა აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოში.

როგორც თამარ წილოსანი ნეტგაზეთთან ამბობს, მაუწყებლისთვის დამოუკიდებლობის შემცირების რისკი ყველა მოდელში არსებობს და მათ შორის არსებული მრჩეველთა საბჭოს პირობებშიც არსებობდა.

„მთავარი არის ის, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონში ძირითადი ამოცანები რაც არის, პლურალიზმი, რომ თავისუფალი უნდა იყოს ყველანაირი გავლენებისგან, სახელისუფლებო, პოლიტიკური და ფინანსური გავლენებისგან, ეს დარჩა. ასევე ყველა ის მნიშვნელოვანი ამოცანა, რომელმაც საჯარო სიკეთეზე უნდა გაიყვანოს საზოგადოებრივი მაუწყებელი და იდეაც ამას უნდა ემსახურებოდეს, ეს ყველაფერი შენარჩუნებულია.

სხვა მხრივ, საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის განხორციელებას კონკრეტული მენეჯმენტის ტიპები სად შეასრულებს, ეს  იქნება მრჩეველთა საბჭოს ჭრილში თუ სამეურვეოს საბჭოს სტატუსით,  მე დიდ წინააღმდეგობას და იმას, რომ ამით საზოგადოებრივი მაუწყებელი დაკნინდება, ასე პირდაპირ ვერ ვხედავ“, – განაცხადა თამარ წილოსანმა.

თამარ წილოსანის თქმით, მრჩეველთა საბჭო თავის უფლებამოსილების ფარგლებში ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ აჭარის   ტელევიზია განვითარებულიყო, თუმცა ხშირად ხდებოდა მათი და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს საქმიანობის დუბლირება.

მისი თქმით, რამდენიმე თვის წინ კულუალურ დონეზე საუბრებები, მათ შორის, სწორედ დუბლირებაზე და აჭარის კვოტის დამატებაზე მიდიოდა.

„ბიუჯეტის დამტკიცების ნაწილში ისედაც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ამტკიცებდა, ჩვენ ვიღებდით ბიუჯეტს და ის გვიმტკიცებდა, პრიორიტეტების ნაწილშიც ასევე სამეურვეო საბჭო ამტკიცებდა და რაღაცნაირად ეს გამოდიოდა საქმიანობის დუბლირება. ზოგადად, დასავლეთ ევროპის პრაქტიკას თუ ავიღებთ, ყველა ქვეყანას ერთი საზოგადოებრივი მაუწყებელი აქვს და თუ როგორი უნდა იყოს ის, საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს“, – განაცხადა თამარ წილოსანმა.

ნეტგაზეთმა სცადა მრჩეველთა საბჭოს სხვა წევრების მოსაზრების გაგებაც, თუმცა მათთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი