უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა „უკრაინსკა პრავდასთან“ ისაუბრა იმ სარგებლის შესახებ, რომელიც უკრაინამ პრიგოჟინის „ამბოხის“ შედეგად მიიღო.
ბუდანოვის განცხადებით, ამბოხის შედეგებიდან უკრაინისთვის მნიშვნელოვანია ორი რამ: რუსეთის ხელისუფლების კომპრომეტირება და ის, რომ „ვაგნერელები“ აღარ იბრძოლებენ უკრაინის წინააღმდეგ.
„მორიგ ჯერზე დაიმსხვრა მითი რუსული რეჟიმის ურყევობაზე. დანაკარგები განიცადა რუსეთის სამხედრო-კოსმოსურმა ძალებმა. კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ აღარ მიიღებს მონაწილეობას უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. ის [„ვაგნერი“] რუსეთის ყველაზე ეფექტური ქვედანაყოფია, რომელსაც შეეძლო წარმატებისთვის ნებისმიერი ფასად ებრძოლა“, – ხსნის ბუდანოვი.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე „ვაგნერელები“, მართალია, რჩებიან ლუგანსკის ტერიტორიაზე, 2014 წლიდან არსებულ ბანაკში და უკრაინის სამხრეთის ზოგ რაიონში, მაგრამ არ იღებენ მონაწილეობას საბრძოლო მოქმედებებში.
ვაგნერის“ ლიდერმა ევგენი პრიგოჟინმა 23 ივნისის საღამოს განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტრომ დაბომბა რუსეთში მდებარე „ვაგნერელების“ ბანაკი და დაიწყო „სამართლიანობის მარში“ მოსკოვისკენ, „დამნაშავეთა დასასჯელად“. მარში კრემლმა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად შეაფასა.
24 ივნისს მიღწეული შეთანხმებით, პრიგოჟინმა ამბოხი იმ დროს შეაჩერა, როცა მოსკოვს თითქმის 200 კილომეტრით მიუახლოვდა. ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ თქვა, რომ ამბოხის შეწყვეტის სანაცვლოდ „ვაგნერის“ წევრებს ამბოხისთვის არ დასჯიდნენ და საშუალებას მისცემდნენ, საქმიანობა ბელარუსში გაეგრძელებინათ.
პრიგოჟინის ერთდღიან ამბოხს რუსეთის არმიის, სულ მცირე, 8 საფრენი აპარატი შეეწირა, მათ შორის, კომუნიკაციისა და თავდასხმისთვის განკუთვნილი ვერტმფრენები და თვითმფრინავი. დაიღუპნენ პილოტებიც, თუმცა რაოდენობა უცნობია.
პრიგოჟინის ამბოხის შესახებ გირჩევთ: