კომენტარი

პუტინმა რუსეთი დაკარგა? | ვაცლავ რაძივინოვიჩი

27 ივნისი, 2023 • 2051
პუტინმა რუსეთი დაკარგა? | ვაცლავ რაძივინოვიჩი

ავტორი: ვაცლავ რაძივინოვიჩი, პოლონელი პოლიტოლოგი, რუსეთის შესახებ სამი წიგნის ავტორი


პრიგოჟინის ამბოხის დროს რუსი ხალხისადმი მიმართვაში პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გაიხსენა 1917 წლის მოვლენები, როცა გენერალ ლავრ კორნილოვის ქვეითთა ამბოხმა გზა გაუკაფა ბოლშევიკების მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდებას და ხუთწლიანი სამოქალაქო ომის დაწყებას.

კრემლის გადმოსახედიდან „სმუტა“ [რუსული სიტყვა – ქვეყნის პერიოდში რთული, ბნელი დრო – რედ.] რუსეთისთვის ყველაზე დიდი საფრთხეა, თუმცა, არა მხოლოდ მისი სამხედრო ესკალაციის გამო. პუტინის კრემლის ბინადრებს არ ადარდებთ, რა დაემართება რუს ხალხს, მათ სახლებს და ქალაქებს. მათთვის ყველაზე საშიში ისაა, რომ სახელმწიფო აპარატი კრიზისის ჟამს ნეიტრალურ პოზიციას დაიკავებს და დაელოდება, ვინ იქნება გამარჯვებული და ვის წინაშე იქნება მუხლი მოსადრეკი.

ამ სტატიის პუბლიკაციის მომენტში პრიგოჟინის „ვაგნერელებმა“ გააუქმეს „სამართლიანობის მარში“ მოსკოვისკენ, რომლის წითელ მოედანზეც, პრიგოჟინის დაპირებით, უნდა ჩამოეხრჩოთ რეჟიმის ელიტა, მათ შორის – თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი და მრავალი სხვა გენერალი და ოლიგარქი. „ვაგნერის“ კოლონები, ათასობით ჯარისკაცითა და ტექნიკით, M4 „დონ“ მაგისტრალზე იყვნენ, ერთ მომენტში მოსკოვიდან 400 კილომეტრზე მეტი არ აშორებდათ. რუსული ჯარი, რომელსაც კოლონა უნდა გაეჩერებინა, არსად ჩანდა. თუმცა „ვაგნერმა“ კურსი შეცვალა. ოღონდ, იქამდე უბრძოლველად აიღო როსტოვი, რომელშიც რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის შტაბი მდებარეობს, და ჩრდილოეთითაც წაიწია – დაიკავა მნიშვნელოვანი ქალაქი ვორონეჟი.

თუმცა „ვაგნერელებს“ არ ჰქონიათ დიდი შანსები, გაემეორებინათ შავპერანგიანთა წარმატება 1922 წლის რომზე მარშის დროს; ბოლოს და ბოლოს, ბენიტო მუსოლინის ფაშისტები ძალაუფლების მისაღებად იტალიის მეფემ მიიწვია. პრიგოჟინს რომ უარი ეთქვა თავისი მებრძოლებისთვის იმუნიტეტზე და ბელარუსში თავის ახალ ნავსაყუდელზე, „ვაგნერელები“, დიდი ალბათობით, ჰიტლერის „მოიერიშე რაზმების“ [SA] ბედს გაიმეორებდნენ –  1934 წელს, ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლიდან წელიწადნახევარში, პოლიციამ და ჯარმა მათ რიგებში „წმენდები“ მოაწყო.

პუტინის ელიტები, როგორც ჩანს, მიიმალნენ, სანამ რეალურმა საფრთხემ არ ჩაიარა. კრემლის პროპაგანდის ფანატიკოსები, როგორებიც არიან მარგარიტა სიმონიანი და ვლადიმერ სოლოვიოვი, ან ჩუმად იყვნენ, ანაც გაუგებარ და ქაოსურ განცხადებებს აკეთებდნენ.

ხმა არ ამოუღიათ არც რუს პოლიტიკოსებს. ყოფილი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევიც კი, რომელიც ინტერნეტში ბევრს ლაპარაკობს დასვენების დღეებში – როცა ხალხი ალკოჰოლს იღებს, ცოტას პოსტავდა და მხოლოდ მოუწოდებით შემოიფარგლა, ქვეყანა პუტინის ირგვლივ გაერთიანებულიყო.

ნათელია ისიც, რომ თავად პუტინი არაა მზად მის წინაშე არსებული მეტად რთული დავალებისთვის: დემორალიზებული და გაყოფილი სამხედრო ძალაზე კონტროლის ხელახალი დამყარებისთვის. აქამდე მის აპოლოგეტებს, რომლებიც აქებდნენ პუტინს უკრაინაში ომის კრიზისებზე რეაგირებისთვის, დიდხანს სწამდათ, რომ ის პოლიტიკური ჯადოქარია, რომელსაც ყოველთვის შეუძლია ჯიბიდან მორიგი კოზირი ამოიღოს. დღეს მისი რეაგირება დაუცველი მჩაგვრელის მუქარებია. თუ იგი კვლავ დაიმუქრება, მაგრამ პრიგოჟინი (ან ვინმე სხვა აჯანყებული) არ დაფოლდავს [პოკერში – კარტის დაყრა, თამაშიდან გასვლა და დადებული ფონის დაკარგვა – რედ.], რუსეთი სამოქალაქო ომის რისკის წინაშე დადგება – შეიძლება ხანმოკლე, მაგრამ სისხლიანი ომის.

ამ შემთხვევაში პუტინის უმთავრესი პრობლემა იქნება ვინმე ისეთის პოვნა, ვინც შეასრულებს ბრძანებებს და „ვაგნერელებთან“ შეტაკებას მოახდენს. იმ „ვაგნერელებთან“, რომლებიც ასე დაუნდობლად იბრძოდნენ ბახმუტში და ცოტა ხნის წინ გმირებად და „რუსეთის საუკეთესო ჯარისკაცებად“ ითვლებოდნენ.

ეჭვგარეშეა, პუტინი შორსაა ლევ ტროცკისგან, რომელმაც მარშალი მიხაილ ტუხაჩევსკი ბოლშევიკური გადატრიალების გმირების, აჯანყებული კრონშტადტის მეზღვაურების დასამარცხებლად გააგზავნა. ციხესიმაგრის აღების შემდეგ, ტუხაჩევსკიმ თვალის დახამხამების გარეშე დახვრიტა ყოველი მეათე აჯანყებული. არ არის არც ლატვიური ბრიგადა, რომელმაც ლენინი იხსნა მემარცხენე სოციალისტ-რევოლუციონერთა ამბოხისგან.

დღეს „ვაგნერელების“ რიგი ალბათ 6000 ადამიანს ითვლის (თუმცა, პრიგოჟინის მტკიცებით, 25000-ს). მათ საბრძოლო გამოცდილება აქვთ მიღებული უკრაინაში, აფრიკაში და სირიაში და არიან კარგად შეიარაღებულნი (მათ შორის საბრძოლო თვითმფრინავები) და ორგანიზებულნი. მათ დაშოშმინებას სულ მცირე ოთხი კარგად მოტივირებული და გაწვრთნილი დივიზია დასჭირდება.

ოღონდ, ყველა ასეთი ძალა ახლა უკრაინაში იმყოფება. თუკი კრემლს მათი გამოყვანა მოუწია რუსეთში ამბოხის დასამარცხებლად, უკრაინელები, რომელთა კონტრიერიშიც უკვე დაწყებულია, შეძლებენ, რუსულ დაცვით ხაზებში არსებული ხვრელები გამოიყენონ. ეს კი შეიძლება მოსკოვისთვის უზარმაზარ მარცხს ნიშნავდეს მის მიერვე წამოწყებულ ომში.

თუკი „ვაგნერელების“ კრონშტადტისეული ხოცვა-ჟლეტვა მოეწყო, ეს მტკივნეული ჭრილობა აღმოჩნდება, ვინაიდან პრიგოჟინი და მისი მებრძოლები ბევრი რუსის მხარდაჭერით სარგებლობს. მათთვის პრიგოჟინი არა მოღალატე, არამედ გმირია, ვინაიდან ერთ-ერთია იმ მცირე საჯარო ფიგურებიდან, ვინც ბედავს და სიმართლეს ლაპარაკოს კრემლის მიერ ომის უუნაროდ წარმოებაზე. მასში აგრეთვე ხედავენ ხელმძღვანელს, რომელიც იცავს იმ ჯარისკაცებს, ვის სიცოცხლეებსაც პუტინის კორუმპირებული გენერლები აქეთ-იქით, საჭიროების გარეშე ისვრიან.

ასეთი აზრის მქონენი შეიძლება რუსული საზოგადოების დიდ ნაწილს წარმოადგენდნენ. პრიგოჟინი, დაპატიმრებული, დახვრეტილი თუ გამარჯვებული, მათთვის მაინც ხატად დარჩება.


სტატია ქვეყნდება The Project Syndicate-ისა და „ნეტგაზეთის“ შეთანხმების შესაბამისად.

თარგმანი: ნიკა ბურდული


პრიგოჟინის ერთდღიანი „ამბოხი“ სამშვიდობო შეთანხმებით შეჩერდა, მისმა მებრძოლებმა უსაფრთხოების შესახებ „გარანტია“ მიიღეს, თავად პრიგოჟინს კი ბელარუსში წასვლის პირობა მისცეს.  რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, “ვაგნერელებს” სამი არჩევანი აქვთ: მათ შეუძლიათ კონტრაქტი გააფორმონ თავდაცვის სამინისტროსთან, უარი თქვან ბრძოლაზე და დაბრუდნენ სახლებში ან წავიდნენ ბელარუსში.

მასალების გადაბეჭდვის წესი