კომენტარი

პრიგოჟინი გამოჩნდა და “ხალხის მთავარ კითხვებს” უპასუხა

26 ივნისი, 2023 • 8701
პრიგოჟინი გამოჩნდა და “ხალხის მთავარ კითხვებს” უპასუხა

“ვაგნერის” დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა 12-წუთიანი აუდიომიმართვა გაავრცელა, სადაც როგორც ამბობს, ხალხის შეკითხვებს პასუხობს 23 ივნისს დაწყებულ “სამართლიანობის მარშთან” დაკავშირებით.

პრიგოჟინის თქმით, ვაგნერის დაჯგუფება რუსეთში ყველაზე გამოცდილი და ბრძოლისუნარიანია, რომელმაც ბოლო პერიოდში უკრაინაში კარგ შედეგებს მიაღწია. ინტრიგების და დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების გამო ამ დანაყოფს 1 ივლისიდან უნდა შეეწყვიტა არსებობა და გადასულიყო თავდაცვის სამინისტროს მმართველობის ქვეშ. “ვაგნერის” მეთაურებმა ეს ინფორმაცია მებრძოლებს მიაწოდეს, თუმცა არავინ დათანხმდა თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის გაფორმებას, რადგან ყველას ესმოდა, რომ ეს გამოიწვევდა “ვაგნერის” ბრძოლისუნარიანობის დაქვეითებას და გამოცდილ მებრძოლებს  “საზარბაზნე ხორცად” გამოიყენებდნენ.

“ყველა, ვისაც თავდაცვის სამინისტროში უნდოდა გადასვლა, გადავიდა… სულ 1-2%”, – აცხადებს პრიგოჟინი.

პრიგოჟინის მტკიცებით, “ვაგნერის” 30 მებრძოლი დაიღუპა ბაზაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, რასაც მოჰყვა “სამართლიანობის მარში”.

“მარშის განმავლობაში 780 კილომეტრი გავიარეთ. მიწაზე მყოფი არცერთი ჯარისკაცი არ დაღუპულა. ჩვენ ვწუხვართ, რომ იძულებული გავხდით ჩამოგვეგდო საფრენი აპარატები, მაგრამ ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ ისინი ბომბებს ისროდნენ. ჩვენ შორის არის რამდენიმე დაჭრილი და 2 მოკლული თავდაცვის სამინისტროდან, რომლებიც თავიანთი ნების საფუძველზე შემოგვიერთდა. ყველა ჯარისკაცი, რომელიც შეგხვდა, მხარს გვიჭერდა. ჩვენ ვმოძრაობდით პროტესტის დემონსტრირებისთვის და არა ხელისუფლების შეცვლისთვის’, – აცხადებს პრიგოჟინი და დასძენს, რომ მათმა მსვლელობამ რუსეთის არმიაში არსებული არაერთი პრობლემა გამოამჟღავნა.

“ჩვენმა მარშმა ბევრი რამ გამოააშკარავა: უსაფრთხოების სერიოზული პრობლემებია მთელ ქვეყანაში… ჩვენ შევძელით ყველა აეროდრომის და სამხედრო ნაწილის ბლოკირება. ჩვენ ვაჩვენეთ ორგანიზების ის დონე, რაც რუსეთის არმიას უნდა ჰქონდეს. 24 საათში გავიარეთ ის მანძილი, რაც უკრაინის საზღვრიდან უჟგოროდამდეა. თუ სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასაწყისში დავალებებს ისეთი ჯარისკაცები შეასრულებდნენ, როგორიც “ვაგნერს” ჰყავს, შესაძლოა, ის სულ რამდენიმე დღე გაგრძელებულიყო”, – ამბობს პრიგოჟინი.

“ვაგნერის” ლიდერის მოკლე შეჯამება ასეთია:

  • მარში დავიწყეთ უსამართლობის გამო,
  • გზად მიწაზე არცერთი ჯარისკაცი არ მოგვიკლავს,
  • 24 საათში მოსკოვამდე 200 კილომეტრში მივედით, თითქმის მთლიანად დავამყარეთ კონტროლი როსტოვზე,
  • სამოქალაქო პირები ბედნიერები გვეგებებოდნენ,
  • ჩვენ ვაჩვენეთ, როგორი უნდა ყოფილიყო 2022 წლის 24 თებერვალი,
  • ჩვენი მიზანი არ ყოფილა რეჟიმის და კანონიერად არჩეული ხელისუფლების ცვლილება,
  • გავჩერდით, რათა არ დაღვრილიყო რუსი ჯარისკაცის სისხლი.

23 ივნისს, საღამოს ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის რეგულარულმა არმიამ სარაკეტო იერიში მიიტანა „ვაგნერის“ ბანაკებზე, ამიტომ „სამართლიანობის აღსადგენად“ 25 000 მებრძოლით გაემართა რუსეთის დედაქალაქისკენ. გზად „ვაგნერმა” აიღო როსტოვი და ვორონეჟის ნაწილი.

„ვაგნერის“ მებრძოლებმა ჩამოაგდეს IL-22M თვითმფრინავი და რუსეთის არმიის ექვსი ვერტმფრენი, დაიღუპა 10-ზე მეტი ადამიანი.

ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებების შემდეგ, ლუკაშენკოს პრესსამსახურმა და პრიგოჟინმა ამბოხის შეჩერების შესახებ განაცხადეს.

განცხადება იმის შესახებ, რომ სისხლის სამართლის საქმე პრიგოჟინის წინააღმდეგ შეწყდება და ის ბელარუსში გაემგზავრება, რის გარანტიასაც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აძლევს, კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა გააკეთა.

მასალების გადაბეჭდვის წესი