კომენტარი

24 საათი, რომელმაც კრემლი შეაზანზარა | ნინა ხრუშჩოვა

27 ივნისი, 2023 • 2507
24 საათი, რომელმაც კრემლი შეაზანზარა | ნინა ხრუშჩოვა

ავტორი: ნინა ხრუშჩოვა, საერთაშორისო ურთიერთობათა პროფესორი, ნიკიტა ხრუშჩოვის შვილთაშვილი


პრიგოჟინმა შეაჩერა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იქამდე, სანამ მისი „ვაგნერელები“ მოსკოვამდე მივიდოდნენ, მაგრამ, ამისდა მიუხედავად, ამბოხმა შეიძლება სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ვლადიმერ პუტინის რეჟიმს.

ამ ჭრილობის გახსნამდე შეიძლება დღეები, კვირები ან თვეებიც გავიდეს, მაგრამ დარწმუნებულნი იყავით: ნებისმიერი კრიზისი, რომელიც ასეთი მყიფე მოგვარებით, ან სულაც მოგვარების გარეშე სრულდება, კიდევ უფრო აკნინებს პუტინის იმიჯს და, შესაბამისად, იმ მხარდაჭერასაც, რაც მას ჯერ კიდევ დარჩა რუსულ ელიტებში. მისი მოწინააღმდეგეები კი ალბათ უკვე უყურებენ სამეფო ტახტს.

მოკლევადიან პერსპექტივაში, პუტინმა შეიძლება თავის სასარგებლოდ შემოატრიალოს აჯანყების ჩაშლა. პრიგოჟინის პროგნოზის საპირისპიროდ, ხალხი ამბოხს არ შეუერთდა, რუსული ჯარიც, თუნდაც არცთუ ისე დიდი მოწადინებით, მაგრამ მაინც დარჩა კრემლთან. თუმცა დრო აჩვენებს, რომ ეს ყველაფერი სულაც არ მეტყველებს რეჟიმის სიძლიერეზე.

ისე ჩანს, რომ არცერთი მხარე არ იყო დარწმუნებული, რომ მეორეს დაამარცხებდა. პრიგოჟინი კი დაუნდობლად აკრიტიკებდა რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას, მაგრამ უარყოფდა, რომ სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდა. იგი ირწმუნებოდა, რომ ვაგნერის სვლა მოსკოვისკენ იყო „სამართლიანობის მარში“ – ყველა იმ ჯარისკაცისთვის, რომელიც უკრაინაში ცუდი სამხედრო ხელმძღვანელობის გამო დაიღუპა. ეს მისიაც სწრაფად შეჩერდა – პრიგოჟინმა იცოდა, რომ არ შეეძლო მოსკოვზე შეტევა.

პრიგოჟინს არც რუსლუი საზოგადოება დაეხმარა , რდგან ვერასდროს მოიგო  მისი გული. მიუხედავად იმისა, რომ როსტოვიდან გასვლისას ხალხი პრიგოჟინს ოვაციებით აცილებდა, ეს უფრო აბსურდულობის შეგრძნების გამო გაკეთდა: „ომის გმირები“ რუსი სამხედროების წინააღმდეგ. თუმცა რუსთა უმრავლესობამ არ მიიღო პრიგოჟინის გაუწონასწორებელი რიტორიკა.  მისმა ხედვამ, სისხლით გაეწმიანდა რუსეთი კორუფციისა და უუნარობისგან, ვერ ისარგებლა დიდი პოპულარობით.

თავის მხრივ, პუტინის რეაქცია ამბოხზე არ ყოფილა ძლევამოსილი ლიდერის ან კარგი ტაქტიკოსის. მან კი დაგმო ამბოხი და დადო პირობა, რომ „მკაცრად“ დასჯიდა დამნაშავეებს, მაგრამ რეაგირება არ იყო საკმარისად სწრაფი, ხოლო მისი რიტორიკა უფრო პანიკად აღიქვეს. პუტინი იყო კაცი, ვინც რეაგირებდა, მოვლენებს კი არ აკონტროლებდა.

უფრო უარესი ისაა, რომ პუტინმა არათუ არ გაანადგურა ამბოხი და არ მოიშორა პრიგოჟინი, არამედ ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს მისცა საშუალება, მიეღწია შეთანხმებისთვის, რომლითაც პრიგოჟინი ფაქტობრივად დაუსჯელი დარჩა – იგი ბელარუსში გადავა, ხოლო ბრალდებები მის წინააღმდეგ გაუქმდება. ზოგი რუსისთვის ამ შეთანხმებით პუტინი პათეტიკურად სუსტი გამოჩნდა.

არაა რთული წარმოსადგენი, რომ პუტინი თავს წარმოაჩენს, როგორც დიდი მშვიდობისმყოფელი [რომელმაც რუსეთს სისხლისღვრა აარიდა – რედ.]. მაგრამ ამისთვის მას ელიტების მხარდაჭერა დასჭირდება, ხოლო მისი სიჩუმე ლუკაშენკო-პრიგოჟინის შეთანხმების შემდეგ მიანიშნებს, რომ არ იცის, შეუძლია თუ არა, ამ ელიტების იმედი ჰქონდეს. უფრო მეტიც – ხალხს სურს მისგან მოისმინოს, რატომ შეიწყალეს „მოღალატე“ პრიგოჟინი.

რა თქმა უნდა, პუტინს კვლავაც ჰყავს მოკავშირეები, მაგალითად, ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი, რომელმაც მზადყოფნა გამოთქვა, ამბოხებულებთან საბრძოლველად მოსკოვში ჯარი გაეგზავნა. რეჟიმი დაიცვეს  სხვა მაღალი თანამდებობის პირებმაც, მათ შორის- სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და გუბერნატორთა უმრავლესობამ.

თუმცა ამბოხის წინააღმდეგობა მოიაზრებდა არა იმდენად პუტინის მხარდაჭერას, რამდენადაც პრიგოჟინის ოპონირებას. ისინი არ ეთანხმებიან პუტინის ზოგ გადაწყვეტილებას, – მათ შორის რუსეთის იზოლაციასა და ჩინეთზე დამოკიდებულების ზრდას, – და მას სულ უფრო სუსტ ლიდერად მიიჩნევენ, მაგრამ ასევე თვლიან, რომ ბევრად უსაფრთხო ლიდერია, ვიდრე დაქირავებული კრიმინალების ჯარის სასტიკი ხელმძღვანელი.

ამავე დროს, სავარაუდოა, რომ პრიგოჟინის მხარეს ზოგი რუსი ლიდერი აღმოჩნდეს. მაგალითად, მას შეიძლება მოლაპარაკება ჰქონოდა გენერალ ალექსეი დიუმინთან, ტულის გუბერნატორთან. მოსკოვში ზოგს ჰგონია, რომ დიუმინი, პუტინის დაცვის ყოფილი უფროსი და ერთ დროს მის პოტენციურ მემკვიდრედ მოაზრებული პირი, ლუკაშენკოსთან პრიგოჟინის სახელით აწარმოებდა მოლაპარაკებებს და მომავალში რამე სამხედრო თანამდებობასაც დაჰპირდა.

ამ პირობის შესრულება მარტივი იქნება, თუ გამართლდა პროგნოზები, რომ დიუმინი ჩაანაცვლებს პრიგოჟინის პრინციპულ მტერს, თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს. დიუმინის მინისტრობისას რუსეთი, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, უფრო სასტიკად მიუდგება უკრაინაში მიმდინარე ომს, რითაც პრიგოჟინი დიდად კმაყოფილი იქნება.

პუტინისთვის კიდევ უფრო საშიში ისაა, რომ პრიგოჟინის ამბოხი შეიძლება ჩატარდა უშიშროების ფედერალური სამსახურის [ფსბ] ან კრემლთან დაახლოებული ძალების ორგანიზებით ან მხარდაჭერით – იმ ძალების, რომლებიც მას უკრაინაში ომის გაწელვაში სდებენ ბრალს. ასეც რომ არ იყოს, მხოლოდ ის ფაქტი, რომ პრიგოჟინმა ასე გამოიწვია პუტინი და ცოცხალი გადარჩა, შეიძლება სხვებისთვის გახდეს მიზეზი, ხელისუფლების ცვლილება სცადონ.

მაშ, ვინ შეიძლება დაიკავოს ტახტი? ორი მკაფიო ვარიანტია – ნიკოლაი პატრუშევი, უშიშროების საბჭოს მდივანი, და მისი შვილი დიმიტრი, სოფლის მეურნეობის მინისტრი. შეიძლება იყოს მიხეილ მიშუსტინიც, რომელიც კრიზისის დროს კამერების წინ მუშაობდა, მაშინ როცა პუტინი, არსებული ცნობებით, კრემლიდან შორს, ვალდაიში გაფრინდა. ვარიანტია ზემოთ ხსენებული დიუმინიც და მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი, რომელსაც თავისი ძლიერი შეიარაღებული ძალები ჰყავს.

თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ პუტინის დაღმასვლა გარდაუვალია. საკმაო ხანია მიდის საუბარი ელიტების სურვილზე, ჩაანაცვლონ პუტინი, მაგრამ ცვლილებები არ ჩანს. ზუსტად ისე, როგორც პრიგოჟინმა უარი თქვა ბრძოლაზე, რომლის მოგებაშიც არ იყო დარწმუნებული, პუტინის პოტენციურ მოწინააღმდეგეებსაც შეიძლება არ ჰქონდეთ რწმენა, რომ მას დაამარცხებენ.



სტატია ქვეყნდება The Project Syndicate-ისა და „ნეტგაზეთის“ შეთანხმების შესაბამისად.

თარგმანი: ნიკა ბურდული


პრიგოჟინის ერთდღიანი „ამბოხი“ სამშვიდობო შეთანხმებით შეჩერდა, მისმა მებრძოლებმა უსაფრთხოების შესახებ „გარანტია“ მიიღეს, თავად პრიგოჟინს კი ბელარუსში წასვლის პირობა მისცეს. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, “ვაგნერელებს” სამი არჩევანი აქვთ: მათ შეუძლიათ კონტრაქტი გააფორმონ თავდაცვის სამინისტროსთან, უარი თქვან ბრძოლაზე და დაბრუდნენ სახლებში ან წავიდნენ ბელარუსში.

მასალების გადაბეჭდვის წესი