ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ, ევგენი პრიგოჟინთან მოლაპარაკებების შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ლუკაშენკოს მტკიცებით, პრიგოჟინმა მისი ზარის მიღებისას „ეიფორია“ განიცადა.
ლუკაშენკოს თქმით, პრიგოჟინთან დააკავშირა იუნეს-ბეკ ევკუროვმა – თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, რომელიც პრიგოჟინთან ადგილზე აწარმოებდა მოლაპარაკებებს.
„11 საათზე მან [პრიგოჟინმა] უმალ აიღო ტელეფონი. ანუ, ევკუროვმა დაუძახა, მისცა ტელეფონი – „აგერ, ბელარუსის პრეზიდენტი რეკავს, დაელაპარაკები?“. [პრიგოჟინმა უპასუხა] „ალექსანდრე გრიგორიევიჩს დაველაპარაკებიო. მეც მესმოდა მათი საუბარი. აიღო [პრიგოჟინმა] ტელეფონი. საუბარი იყო ეიფორია. ევგენი სრულ ეიფორიაში იყო“, – ციტირებს მას ბელარუსული სამთავრობო მედია „ბელტა“.
შემდეგ, ყვება ლუკაშენკო, მან აუხსნა პრიგოჟინს, რომ „ამბოხი“ განწირული იყო, ხოლო პუტინი მასთან მოლაპარაკებაზე არ წავიდოდა.
„ვეუბნები: ჟენია, არავინ არც შოიგუს, არც გერასიმოვს და არც არავის არ გადმოგიგდებს, განსაკუთრებით ამ სიტუაციაში. პუტინს ხომ ჩემზე ცუდად არ იცნობ. მეორეც ერთი, [პუტინი] არათუ არ შეგხვდება, ტელეფონზეც არ დაგელაპარაკება ვითარების გამო. [პრიგოჟინი] ჩუმად იყო.
[შემდეგ, პრიგოჟინმა თქვა] „მაგრამ ჩვენ სამართლიანობა გვინდა! ჩვენი მოგუდვა უნდათ! მოსკოვზე წავალთ!“ მე ვუთხარი: „შუა გზაში ტილივით გადაგივლიან. მიუხედავად იმისა, რომ ჯარები შესაბამის ფრონტზე არიან. ვუთხარი, დაფიქრდი-მეთქი. „არაო“ – აი, ასეთი იყო ეიფორია“, – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, დიდი დრო დასჭირდა, პრიგოჟინი დაერწმუნებინა, რომ ამბოხი შეეჩერებინა, ხოლო მოლაპარაკებები თავიდან უშვერი ლექსიკით მიდიოდა – „გინება ნორმალურ ლექსიკაზე 10-ჯერ მეტი იყო“.
ჟურნალისტებთან ამავე საუბარში ლუკაშენკომ დაადასტურა, რომ პრიგოჟინი უკვე ბელარუსში იმყოფება. მისივე თქმით, „ვაგნერელებს“ მინსკი გარკვეული პერიოდით ნავსაყუდელის პოვნაში დაეხმარება, „მათივე [ვაგნერის] ხარჯით“. ლუკაშენკომ აგრეთვე აღნიშნა, რომ „ვაგნერი“ არც ბელარუსში განთავსებულ რუსულ ბირთვულ იარაღს დაიცავს და არც თავის რიგებში გასაწევრიანებელ პუნქტებს გახსნის.
24 ივნისს მიღწეული შეთანხმებით, პრიგოჟინმა ამბოხი იმ დროს შეაჩერა, როცა მოსკოვს თითქმის 200 კილომეტრით მიუახლოვდა. ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ თქვა, რომ ამბოხის შეწყვეტის სანაცვლოდ „ვაგნერის“ წევრებს ამბოხისთვის არ დასჯიდნენ და საშუალებას მისცემდნენ, საქმიანობა ბელარუსში გაეგრძელებინათ.
პრიგოჟინის ერთდღიან ამბოხს რუსეთის არმიის, სულ მცირე, 8 საფრენი აპარატი შეეწირა, მათ შორის, კომუნიკაციისა და თავდასხმისთვის განკუთვნილი ვერტმფრენები და თვითმფრინავი. დაიღუპნენ პილოტებიც, თუმცა რაოდენობა უცნობია.
პრიგოჟინის ამბოხის შესახებ გირჩევთ: