ახალი ამბები

WSJ: პრიგოჟინის მკვლელობა ნიკოლაი პატრუშევის ორგანიზებული იყო

22 დეკემბერი, 2023 •
WSJ: პრიგოჟინის მკვლელობა ნიკოლაი პატრუშევის ორგანიზებული იყო

„ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის ავიაკატასტროფაში დაღუპვა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, ნიკოლაი პატრუშევის ორგანიზებით მოხდა. პატრუშევმა, რომელსაც რუსეთის ყველაზე გავლენიან ძალოვნად და პუტინთან ძალიან დაახლოებულ პირად მიიჩნევენ, მკვლელობის ორგანიზება პრიგოჟინის „ამბოხის“ შემდეგ დაიწყო, წერს „უოლ სტრიტ ჯორნალი“ [WSJ] დასავლეთის სპეცსამსახურებში ანონიმურ წყაროებსა და რუსული დაზვერვის ყოფილ ოფიცერზე დაყრდნობით.

გამოცემა წერს, რომ 2022-ის ზაფხულიდან პატრუშევი აფრთხილებდა პუტინს, რომ პრიგოჟინის გავლენა ზედმეტად იზრდებოდა, თუმცა მაშინ პუტინმა მას არ მოუსმინა, ფრონტზე „ვაგნერელების“ წარმატების ფონზე. რუსული დაზვერვის ყოფილი ოფიცრის მტკიცებით, ყველაფერი იმავე წლის ოქტომბერში შეიცვალა, როცა პრიგოჟინმა პუტინს „უხეში ფორმით“ მოსთხოვა ტყვია-წამლის მიწოდება. მისი თქმით, სწორედ მაშინ მიიჩნია პატრუშევმა, რომ პრიგოჟინი არ სცემს პატივს კრემლის გავლენას და საფრთხეა.

2023-ის აგვისტოში, პრიგოჟინის „ამბოხის“ შემდეგ, მიუხედავად მასსა და კრემლს შორის დადებული შეთანხმებისა, პატრუშევმა თავის დამხმარეს დაავალა „ვაგნერელთა“ უფროსის ლიკვიდაციის ოპერაციის მომზადება. გამოცემის წყაროები ამბობენ, რომ როცა პუტინს გააცნეს ეს გეგმები. წინააღმდეგი არ ყოფილა.

23 აგვისტოს მოსკოვის აეროპორტში, ამ გეგმის ფარგლებში, პრიგოჟინის თვითმფრინავის ფრთაში მცირე ბომბი ჩაუდიათ, ამბობენ წყაროები დასავლური სპეცსამსახურებიდან. პრიგოჟინი იმავე დღეს დაიღუპა, „ვაგნერელების“ სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად.

კრემლი მაშინაც უარყოფდა რამე კავშირს მომხდართან. ახლაც „უოლ სტრიტ ჯორნალის“ სტატიას დიმიტრი პესკოვმა ფილმ „მაკულატურის“ სტილის ფიქცია უწოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი