ახალი ამბები

კაშხლის ნგრევის შედეგად ნაღმები შეიძლება, შავი ზღვის სანაპიროებზე აღმოჩნდეს — გაერო

22 ივნისი, 2023 • 2231
კაშხლის ნგრევის შედეგად ნაღმები შეიძლება, შავი ზღვის სანაპიროებზე აღმოჩნდეს — გაერო

ნოვა კახოვკის კაშხლის ჩამონგრევის შემდეგ წყალდიდობის შედეგად გადაადგილებული ნაღმები შეიძლება, შავი ზღვის მიმდებარე სანაპიროებზე აღმოჩნდეს — განაცხადა UNDP-ის უკრაინის გამნაღმველი პროგრამის ხელმძღვანელმა პოლ ჰესლოპმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

„არ გამიკვირდება, რომ დავინახო, ეს ნაღმები ან ზღვაში ჩავიდა, ან ჩააღწევს უახლოეს თვეებში, რადგან წყალი აგრძელებს დინებას და ნაღმებს ჩაიტანს. სამწუხაროდ, ჩვენ ვნახეთ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები, რომლებიც შავი ზღვის სანაპიროებზე ირეცხებოდა“, — განაცხადა ჰესლოპმა.

მისი თქმით, საუბარია ე.წ. პეპელა ნაღმებზე — ეს არის პატარა, ჰერმეტულად დახურული და პლასტმასის, თხევადი ასაფეთქებელი ნივთიერებებით სავსე ნაღმები, რომლებსაც შეუძლიათ წყალზე ცურვა და უფრო შორს მიმოიფანტებიან, ვიდრე ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები.

„ცხადია, 10-კილოგრამიანი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი იმავე მანძილს ვერ გაივლის, რასაც 50-დან 60- გრამიანი ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი. ასე რომ, დიახ, იქნება დაბინძურება. ზოგი იქნება ზღვაში, ზოგი იქნება მდინარეებში. როგორ გავუმკლავდეთ ამას? ეს კიდევ ერთი გადასაჭრელი პრობლემებაა“, — თქვა მან.

2023 წლის 6 ივნისს, გამთენიისას, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა „ნოვა კახოვკის“ კაშხალი ააფეთქეს.
ოფიციალურად 45 ადამიანი დაიღუპა რუსების მიერ აფეთქებული კაშხლის ჩამონგრევის შედეგად წარმოქმნილი წყალდიდობისას. ათიათასობით ადამიანს შეუწყდა სუფთა წყლის მიწოდება, დაინგრა სოფლები და დაიტბორა სასოფლო-სამეურნეო მიწები.

წყალდიდობის შედეგად გადაადგილდა ნაღმები, რომლითაც დნეპრის სანაპირო იყო დანაღმული.

შეგახსენებთ, რომ 4 თვის წინ ბათუმში, ზღვის სანაპიროზე აფეთქდა ნაღმი.

ამ თემაზე: https://batumelebi.netgazeti.ge/news/483924/

მასალების გადაბეჭდვის წესი