ახალი ამბები

დეოლიგარქიზაციის კანონს დეკემბრამდე არ მივუბრუნდებით – კობახიძე

21 ივნისი, 2023 •
დეოლიგარქიზაციის კანონს დეკემბრამდე არ მივუბრუნდებით – კობახიძე

„ქართული ოცნება“ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღებას დეკემბრამდე გადადებს. ამის შესახებ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს, 21 ივნისს, ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის საბოლოოდ მიღებას მომდევნო კვირაში აპირებდა, თუმცა ევროპელი პარტნიორების მოთხოვნის გათვალისწინებით, კანონის მიღება გადადეს.

„ჩვენ მომავალ კვირაში ვგეგმავდით დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის საბოლოო, მესამე მომსმენით მიღებას. თუმცა იცით, რომ პრემიერს ბრიუსელში ვიზიტი ჰქონდა, უმაღლეს დონეზე შეხვედრები შედგა, მათ შორის შარლ მიშელთან, ევროკომისართან, და იქ ასეთი თხოვნა იქნა დაყენებული, რომ ამ ეტაპზე ეს კანონი არ იყოს მესამე მოსმენით მიღებული. შესაბამისად, ჩვენ, რა თქმა უნდა, ანგარიშს ვუწევთ ამ თხოვნას. მომავალ კვირაში არ იქნება მიღებული ეს კანონი, არც დეკემბრამდე მივუბრუნდებით.

ჩვენ დაველოდებით ყველა შემთხვევაში დეკემბერში ევროკომისიის და ევროსაბჭოს მიერ გამოხატულ პოზიციას. ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ გვაინტერესებს, მოიხსნება თუ არა დეოლიგარქიზაციის საკითხი, რაც თავისთავში გულისხმობს პერსონალიზებულ მიდგომას. მანამდე არ ვაპირებთ, რომ მივუბრუნდეთ ამ კანონპროექტის განხილვას“, – განაცხადა კობახიძემ.

რა ხდება?

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად 2022 წლის ივნისში ევროკომისიამ საქართველოს 12-პუნქტიანი რეკომენდაცია წარუდგინა. 12 პუნქტში ერთ-ერთი პრიორიტეტი დეოლიგარქიზაციაა.

დეოლიგარქიზაციის რეკომენდაციის შესასრულებლად მმართველმა პარტიამ უკრაინის კანონის მაგალითზე კანონპროექტი მოამზადა, რომელიც ოლიგარქების რეესტრის შექმნას ითვალისწინებს და აცხადებს, რომ ეს კანონი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს არ შეეხება. თუმცა, მათი თქმით, დეოლიგარქიზაციის კრიტერიუმებში ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი ჯდება.

მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად „ქართული ოცნება“ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნას არ აპირებდა, კრიტიკის შემდეგ დოკუმენტი ევროპულ სტრუქტურაში მაინც გაგზავნეს.

ვენეციის კომისიამ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით შუალედური მოსაზრება მარტში გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავდა, რომ საქართველოდან გაგზავნილი დოკუმენტი პერსონალურ მიდგომებს ეფუძნება და არ არის სისტემური, რომელიც მოემსახურებოდა ინსტიტუციებსა და საკანონმდებლო ჩარჩოს გაძლიერებას.

ვენეციის კომისიის შუალედური მოსაზრების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტში გარკვეული ცვლილებები შეიტანა და შეფასებისთვის ისევ ვენეციის კომისიაში გააგზავნა. ვენეციის კომისიამ საბოლოო მოსაზრება 12 ივნისს გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტის კანონპროექტი ოლიგარქიული ზეგავლენის დამარცხებისთვის არაეფექტურია და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ნაცვლად ხარვეზიანი კანონპროექტის მიღებისა, საქართველომ ოლიგარქიულ ზეგავლენასთან ბრძოლაში სისტემური მიდგომა უნდა დანერგოს.

ვენეციის კომისიის მოსაზრებას იზიარებს ევროკავშირიც. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, უმჯობესია, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი არ იყოს მიღებული.

თუმცა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებდა, რომ დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება საკმარისი არ არის. მისი თქმით, საჭიროა, რომ დეოლიგარქიზაციის საკითხი ევროკომისიამ 12-პუნქტიანი რეკომენდაციებიდან ამოიღოს.

კობახიძის თქმით, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მმართველი გუნდი მესამე მოსმენითაც მიიღებდა და ევროკომისიის შეფასებას დაელოდებოდა. მისი თქმით, თუ ევროკომისია ამ საკითხს 12 პუნქტიდან ამოიღებს, მაშინ „ქართული ოცნება“ დეოლიგარქიზაციის კანონს აღარ აამოქმედებს და თებერვალში გააუქმებს.

ევროკომისიის განცხადებით, დეოლიგარქიზაცია საქართველოს 12-პუნქტიან რეკომენდაციებში დარჩება. თუმცა, ნეტგაზეთისთვის ევროკომისიიდან გამოგზავნილ წერილობით პასუხში ნათქვამია, რომ დეოლიგარქიზაციის მისაღწევად პერსონალურის ნაცვლად (რასაც “ქართული ოცნების” კანონპროექტი ითვალისწინებს) საქართველომ სისტემური მიდგომა უნდა გამოიყენოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი