ახალი ამბები

ნანა ჯანელიძე ემიჯნება სალომე ჯაშის ფილმის “კინოს სახლში” ჩვენებების შეწყვეტას

29 აპრილი, 2022 • 1929
ნანა ჯანელიძე ემიჯნება სალომე ჯაშის ფილმის “კინოს სახლში” ჩვენებების შეწყვეტას

კინორეჟისორი და “ეროვნული კინოცენტრის” ყოფილი დირექტორი ნანა ჯანელიძე ემიჯნება “საქართველოს კინოაკადემიის” გადაწყვეტილებას, რომელიც გულისხმობს “კინოს სახლში” სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმის ჩვენებების შეწყვეტას.

ჯანელიძის თქმით, თუ აღნიშნული გადაწყვეტილება “კინოაკადემიის” სამდივნოს მიერ ერთობლივად არის მიღებული, უარს აცხადებს ხსენებული ორგანიზაციის წევრობაზე.

“ძალიან უცნაური ამბავი გავრცელდა – კინოაკადემიამ მოხსნა სალომე ჯაშის ფილმი „მოთვინიერება“თავისი კინოდარბაზის ეკრანიდან. ის, რაც წარმოადგენდა ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილს, შემოქმედების თავისუფლებას, ამ გადაწყვეტილებით ერთბაშად ეჭვქვეშ დადგა.

მით უმეტეს, რომ კინოაკადემია არის თავისუფალ კინემატოგრაფისტთა კავშირი და ის პირიქით, უნდა იცავდეს შემოქმედების თავისუფლებას და ამის სადარაჯოზე უნდა იდგეს.

იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ყოფილი კინოკავშირის წევრი მექანიკურად გადაიქცა კინოაკადემიკოსად და ალბათ მეც, მათ შორის, ვემიჯნები ამ გადაწყვეტილებას და კითხვას ვსვამ – ეს კინოაკადემიის სამდივნოს ერთობლივი გადაწყვეტილებაა?

თუ ეს ასეა, უარს ვაცხადებ კინოაკადემიის წევრობაზე. ნანა ჯანელიძე, კინორეჟისორი”, — წერს ნანა ჯანელიძე “ფეისბუკზე”.

28 აპრილს ცნობილი გახდა, რომ რეჟისორ სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმის(“მოთვინიერება”) ჩვენებები, რომლებიც თბილისში, “კინოს სახლში” უნდა გამართულიყო, “საქართველოს კინოაკადემიის” გადაწყვეტილებით გაუქმდა.

აღნიშნული ორგანიზაციის პრეზიდენტი მინდია ესაძე აცხადებს, რომ ფილმი “პოლიტიკურად მოტივირებულია”.

“მოთვინიერება” ეხება ბიძინა ივანიშვილის გატაცებას გიგანტური ხეებით.

“საქართველოს უმდიდრეს და ყველაზე ძლევამოსილ ადამიანს უჩვეულო გატაცება აქვს: უზარმაზარ, საუკუნოვან ხეებს აგროვებს. მისი დავალებით ხეებს ზღვისპირეთიდან თხრიან და ხელოვნურად გაშენებულ დენდროლოგიურ პარკში გადააქვთ.

ულამაზესი ხეების მოგზაურობის მომაჯადოებელი სურათის ფონზე იკვეთება ადამიანის მიერ ბუნების მოთვინიერების თემა და სხვა უნივერსალური საკითხები”, — ნათქვამია ფილმის აღწერაში.

ფილმი “მოთვინიერება” არაერთ ქვეყანაში უკვე აჩვენეს. მისი პრემიერა სანდენსისა და ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალებზე შედგა.

საქართველოში ფილმი აჩვენეს თბილისისა და ბათუმის კინოფესტივალებზე. მისი ჩვენება შედგა რეგიონებშიც. კინოს სახლში მხოლოდ ორი სეანსი ჩატარდა, 10 და 28 აპრილს. სხვა ყველა სეანსი გაუქმდა.

კრიტიკოსები ჩვენებების გაუქმებას ცენზურად აფასებენ. “საქართველოს პენცენტრი” აღნიშნავს, რომ “სალომე ჯაშს არ ეძლევა შემოქმედებითი რეალიზების საშუალება, რადგან მისი დოკუმენტური ფილმი არის ბიძინა ივანიშვილის ჰობის შესახებ”.

“კინოაკადემიის” პრეზიდენტი ამბობს, რომ ფილმის საკითხზე კულტურის სამინისტროსთან კომუნიკაცია არ ჰქონია და ის “სრულიად დამოუკიდებელ” ორგანიზაციას ხელმძღვანელობს.

“საქართველოს კინოაკადემიის” ხსენებული გადაწყვეტილების შემდეგ, “მოთვინიერების” ჩვენება ალტერნატიულ სივრცეებში გაგრძელდება.

“მოთვინიერების” ჩვენება ალტერნატიულ სივრცეებში გაგრძელდება

მასალების გადაბეჭდვის წესი