ახალი ამბები

“კინოაკადემიის” დირექტორი: ფილმი “მოთვინიერება” პოლიტიკურად მოტივირებულია

28 აპრილი, 2022 • 1340
“კინოაკადემიის” დირექტორი: ფილმი “მოთვინიერება” პოლიტიკურად მოტივირებულია

“საქართველოს კინოაკადემიის” პრეზიდენტი მინდია ესაძე მიიჩნევს, რომ რეჟისორ სალომე ჯაშის ფილმი, რომელიც ეხება ბიძინა ივანიშვილის გატაცებას გიგანტური ხეებით, “პოლიტიკურად მოტივირებულია”.

საუბარია ფილმზე “მოთვინიერება”, რომელიც თბილისში, კინოს სახლში, რამდენჯერმე უნდა ეჩვენებინათ. თუმცა, სალომე ჯაშის ინფორმაციით, 28 აპრილს დაგეგმილი ჩვენების გარდა, ყველა სხვა სეანსი გაუქმდა.

ჯაშის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც აღნიშნულის შესახებ შეიტყო, “საქართველოს კინოაკადემიის” დირექტორს ესაუბრა, ამ უკანასკნელმა კი უთხრა, რომ არ აჩვენებენ ნაწარმოებს, რომელიც აზრთა სხვაობას იწვევს და საზოგადოებას პოლიტიკური ნიშნით ყოფს.

მინდია ესაძემ “ნეტგაზეთს” კომენტარზე უარი უთხრა, მანამდე კი “რადიო თავისუფლებას” განუცხადა, რომ ხსენებული ფილმი პოლიტიკურად არის მოტივირებული.

“მივიჩნევთ, რომ აღნიშნული ფილმი გახლავთ პოლიტიკურად მოტივირებული, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ადამიანების გაღიზიანება პოლიტიკური ნიშნით. ააიპ საქართველოს კინოაკადემია ემიჯნება ნებისმიერ პოლიტიკურად მოტივირებულ ღონისძიებებს, შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაიმართოს მხოლოდ ორი საპრემიერო ჩვენება და კინოაკადემიის ლურჯი კინოდარბაზი არ იქნას გამოყენებული პოლიტიკურ ტრიბუნად”, — ამბობს ესაძე.

“რადიო თავისუფლების” ცნობით, ესაძემ აღიშნა, რომ “საქართველოს კინოაკადემიას” კულტურის სამინისტროსთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია ამ თემაზე. მისივე თქმით, “კინოაკადემია” “სრულიად დამოუკიდებელი ორგანიზაციაა”.

თავად სალომე ჯაში მიიჩნევს, რომ “აზრთა სხვადასხვაობას უნდა იწვევდეს არათუ ფილმი, არამედ ნებისმიერი ნაწარმოები”.

“ზუსტად ეს სააზროვნო პროცესია ნებისმიერი წიგნის წაკითხვა, ფილმის ნახვა თუ საერთოდ, ცხოვრება. კი, ეს ფილმი იწვევს გრძნობათა სხვადასხვაობასაც. თუმცა ის, რასაც მინდია ესაძე გულისხმობდა, არის არა ის, თუ რას იწვევს უშუალოდ ფილმი — რადგან მას ფილმი ნანახი არ აქვს — არამედ რა გამოიწვია ამ ფილმის არსებობამ პოლიტიკურ ელიტაში. ჩემი ინტერპრეტაცია ესაა”, — გვეუბნება რეჟისორი.

როგორც ის ამბობს, მინდია ესაძეს უთხრა, რომ ფილმს გაუგზავნიდა და თავად შეეძლო ენახა, რომ ის არ ეხება პოლიტიკურ ველს. თუმცა, რეჟისორის თანახმად, ესაძემ მას უთხრა, რომ არ სცალია ფილმის სანახავად.

რეჟისორის თქმით, თავად და მისი გუნდი ახლა ეძებენ დარბაზს, რომელიც გამოთქვამს სურვილს, აჩვენოს “მოთვინიერება”.

ფილმი “მოთვინიერება” არაერთ ქვეყანაში უკვე აჩვენეს. მისი პრემიერა სანდენსისა და ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალებზე შედგა.

საქართველოში ფილმი აჩვენეს თბილისისა და ბათუმის კინოფესტივალებზე. მისი ჩვენება შედგა რეგიონებშიც, კინოს სახლში კი მხოლოდ ერთი სეანსი ჩატარდა, 10 აპრილს.

ფილმის აღწერაში ვკითხულობთ:

“საქართველოს უმდიდრეს და ყველაზე ძლევამოსილ ადამიანს უჩვეულო გატაცება აქვს: უზარმაზარ, საუკუნოვან ხეებს აგროვებს. მისი დავალებით ხეებს ზღვისპირეთიდან თხრიან და ხელოვნურად გაშენებულ დენდროლოგიურ პარკში გადააქვთ.

ულამაზესი ხეების მოგზაურობის მომაჯადოებელი სურათის ფონზე იკვეთება ადამიანის მიერ ბუნების მოთვინიერების თემა და სხვა უნივერსალური საკითხები. ფილმი ევროპის კინოაკადემიის ჯილდოს ნომინანტია”.

ფილმის ჩვენების ორგანიზატორები აცხადებენ, რომ კინოს სახლში “მოთვინიერების” ბილეთის საფასური თქვენს ჯიბეზეა დამოკიდებული და 10 ლარიდან იწყება. 28 აპრილის ჩვენება, რომელიც, სალომე ჯაშის თქმით, კვლავ ძალაშია და არ ჩახსნილა, 20:00 საათზე უნდა დაიწყოს.

კინოს სახლის სეანსებიდან შემოსული თანხა გადაირიცხება ფონდში DOCU/HELP იმ კინემატოგრაფებისთვის, რომლებიც უკრაინაში რუსეთის აგრესიას დოკუმენტურად ასახავენ.

კინოს სახლში “მოთვინიერების” ყველა ჩვენება გაუქმდა, გარდა დღევანდელისა — სალომე ჯაში

მასალების გადაბეჭდვის წესი